Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები მინიმალური ხელფასის დიფერენცირების წინააღმდეგ გამოდიან


საქართველოს ხელისუფლებამ რევოლუციამდელი დაპირება მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის თაობაზე მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ცვლილებით, როგორც ირკვევა,

მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაში დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ. დანარჩენი მოქალაქეებისთვის მინიმალური ხელფასი კვლავინდებურად 20 ლარით განისაზღვრება. თუმცა მთავრობის ინიციატივით მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

ლეიბორისტული პარტიის იურისტები მინიმალური ხელფასის დიფერენცირებას კონსტიტუციის უხეშ დარღვევად მიიჩნევენ. პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას თქმით, ქვეყანაში ერთიანი სახელფასო პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს. ლეიბორისტები საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმ ბრძანებულებასაც ასაჩივრებენ, რომლის თანახმადაც უმაღლესი თანამდებობის პირებს ისედაც მაღალი ხელფასები კიდევ უფრო მეტად გაეზარდათ:

[გიორგი გუგავას ხმა] “ პირველი - გაუქმდეს ეს ბრძანებულებები, რომლის საფუძველზეც კოლოსალური ხელფასები დაინიშნეს. და მეორე - დაავალოს სასამართლომ გამოსცეს პრეზიდენტმა ბრძანებულება, რომლის შესაბამისადაც დადგენილ იქნება საარსებო მინიმუმი. ამავე დროს, გამოიცეს მეორე ბრძანებულება…”

გიორგი გუგავას თქმით, მინიმალური ხელფასის ოდენობა არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ლეიბორისტებს აღმაშფოთებლად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერი 28 ლარს სჯერდება, პრეზიდენტმა, საკუთარი ბრძანებულების საფუძველზე, 4 ათასლარიანი ხელფასი დაინიშნა. თუმცა ლეიბორისტებამდე ამგვარი თანაფარდობის უხერხულობაზე ხმა საპარლამენტო ოპოზიცამ აღიმაღლა. დეპუტატ კახა კუკავას თქმით, კონსერვატორები რამდენიმე თვის წინ საკანონმდებლო ინიციატივითაც კი გამოვიდნენ:

[კახა კუკავას ხმა] “ჩვენ ვამბობთ ასე: უნდა იყოს მინიმალური ხელფასი და რანგების მიხედვით სახელმწიფო მოხელეებს უნდა ჰქონდეთ ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ მეტი… და ქვედა ზღვარი კი არა, ზედა ზღვარი უნდა დავაწესოთ. “

ამ პროექტის თანახმად, სახელმწიფო მოხელის ხელფასის გასაზრდელად ხელისუფლებას ყოველ ჯერზე მოუწევდა მინიმალური ხელფასის შეცვლა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ კონსერვატორების ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. შედეგად, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმზე 7-ჯერ ნაკლებ ხელფასს იღებენ. ამის გამო საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ხელისუფლების სახელფასო პოლიტიკას შეცდომად მიიჩნევს:

[მამაკაცის ხმა] “50 წელია აქ ვმუშაობ და 21 ლარი ხელფასი მაქვს. აბა, რა შეიცვალა?”

[მამაკაცის ხმა] “უშეცდომო კაცი არსებობს ამ ქვეყანაზე? ახალგაზრდებია და უნდა ვაპატიოთ. ისეა დანგრეული ქვეყანა, რომ ამის გამოსწორებას ერთი წელი არ ეყოფა.” (სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] “სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი ვარ. გვპირდებიან, თორემ ჯერ არ გაუზრდიათ ხელფასი. უფრო მეტიც ველოდით…”(სტილი დაცულია)

სტატისტიკის დეპარტამენტის გაანგარიშებით, საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად ვითარდება, რაც ერთიანი შიდა პროდუქტის მატებაში გამოიხატება. თუმცა სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსის ნოდარ კაპანაძის განცხადებით, ამის მიუხედავად, არ მცირდება სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა:

[ნოდარ კაპანაძის ხმა] “პარადოქსია ერთი შეხედვით: ეკონომიკა იზრდება, სიღარიბეც იზრდება. იმიტომ რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია ისეთ დარგში, რასაც ეკონომიკურ ზრდასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ანუ დასაქმებულთა 55 პროცენტი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტზე ნაკლებს.”

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ეკონომიკის მსგავსად, საქართველოში სიღატაკის მაჩვენებელიც სტაბილურად იზრდება. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, 2004 წლის დეკემბრის ფასებით, ერთი თვის განმავლობაში ადამიანს არსებობისათვის, სულ ცოტა, 150 ლარი მაინც სჭირდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG