Accessibility links

logo-print

რუსეთმა მოსპო ადამიანი, რომელიც მასთან სალაპარაკოდ მზად იყო. ასლან მასხადოვის სიკვდილს მისი წარმომადგენელიც ადასტურებს


დღეს ჩეჩნეთის სოფელ ტოლსტოი-იურტში მოკლეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი.

რუსეთის საინფორმაციო წყაროებით გავრცელებული ეს ცნობა რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო ინტერვიუში დაადასტურა მასხადოვის წარმომადგენელმა ევროპაში აჰმედ ზაკაევმა.

[აჰმედ ზაკაევის ხმა]: "ამ წუთისთვის მე უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი დაიღუპა. თავს შევიკავებ იმ ნიუანსების კომენტარისგან, რომლებიც წინ უძღოდა ამ მოვლენებს, მაგრამ მასხადოვის დაღუპვის ფაქტს ვადასტურებ."

როგორც მოისმინეთ, აჰმედ ზაკაევი ჯერჯერობით თავს იკავებს მოვლენათა კომენტარისგან. სამაგიეროდ, დღეს დილით ჩატარებულ ოპერაციას, ან - როგორც მას კრემლში უწოდებენ - "სპეცოპერაციას", აღწერს ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ფედერალური ჯარის რეგიონული შტაბის წარმომადგენელი გენერალ-მაიორი ილია შაბალკინი.

[ილია შაბალკინის ხმა]: "დღეს დილით, 8 საათზე, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ამ სოფელში სპეცოპერაციის ჩატარება დაიწყო. ოპერაცია მიზნად ისახავდა იქ დამალული ბანდიტების პოვნას. მათ შორის იყო ცნობილი საერთაშორისო ტერორისტი, ბანდის მეთაური ასლან მასხადოვი."

გენერალმა შაბალკინმა დასძინა, რომ ოპერაციას საფუძვლად მონაცემთა მთელი კომპლექსი დაედო. მისი თქმით, უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ადგილობრივი მოსახლეობაც თანამშრომლობდა. რაც შეეხება უშუალოდ ასლან მასხადოვის დაღუპვას, ის, როგორც შაბალკინი ამბობს, ბეტონის ბუნკერში იმალებოდა და ბუნკერის შესასვლელის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ილია შაბალკინიც და რუსეთის სხვა ოფიციალური წარმომადგენლებიც (მათ შორის პრეზიდენტი პუტინი) ასლან მასხადოვს "ბანდიტად" და "საერთაშორისო ტერორისტად" მოიხსენიებენ. მაგრამ ექსპერტთა დიდი ნაწილი სწორედ მასხადოვს მიიჩნევდა ჩეჩენ ლიდერთა შორის ყველაზე ზომიერ ადამიანად, იმ კაცად, ვინც მზად იყო მოსკოვთან დიალოგზე. სულ რამდენიმე დღის წინათ, ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, მასხადოვმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მოსკოვთან დიალოგის გამართვისთვის.

[ასლან მასხადოვის ხმა]: "ჩვენ უწინაც ვთავაზობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ საკმარისია 30-წუთიანი პატიოსანი დიალოგი პირისპირ, რათა ეს ომი შეწყდეს, რათა ავუხსნათ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, რა სურთ ჩეჩნებს. დარწმუნებული ვარ, მან ეს არ იცის. და ჩვენც პირადად პუტინისგან გავიგებდით, რა სურს მას, რა სურს რუსეთს ჩეჩნეთში."

რა სურს რუსეთს ჩეჩნეთში? ამას ასლან მასხადოვი ვეღარ გაიგებს. ჩვენც ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ მოსკოვმა საკუთარი ხელით მოსპო ადამიანი, რომელიც მასთან სალაპარაკოდ მზად იყო.
XS
SM
MD
LG