Accessibility links

რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად?


ელექტროენერგიის მომარაგების თვალსაზრისით, საქართველოში უკანასკნელი ზამთარიც ისეთივე იყო, როგორიც მისი წინამორბედები.

ანუ ქვეყნის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ზამთარი ელექტროენერგიის გარეშე გაატარა. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც კი აღიარა, ელექტროენერგიით ნორმალურად მხოლოდ ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი, მარაგდებაო, თუმცა ელექტროენერგიის დეფიციტი ამ ქალაქებშიც იგრძნობა. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად?

საქართველოში დღითიდღე იზრდება ელექტროენერგიის მოთხოვნით გამართული აქციების რიცხვი. საპროტესტო აქციების მონაწილენი რადიკალური მეთოდებით ცდილობენ ელექტროენერგიის მოპოვებას და სატრანსპორტო მაგისტრალების გადაკეტვით იმუქრებიან. აი, ერთი ასეთი აქციის მონაწილის განცხადება:

[ისმის აქციების მონაწილის ხმა] ”ახლა ჩვენ, უბრალოდ, გამაფრთხილებელ აქციას ვატარებთ და, თუ ხვალ არ იქნება შუქი ჩართული, არც გავხსნით გზას...”

15 მარტს, გვიან ღამით, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ თბილისის სტუდენტურ ქალაქში მცხოვრებ უცხოელ სტუდენტებს, მაგრამ პატრულმა მათ ამის საშუალება არ მისცა. სტუდენტები 16 მარტს თელასთანაც შეიკრიბნენ.

[უცხოელი სტუდენტის ხმა] ”ჩვენ აქ 5 წელი ვცხოვრობდით, 5 წელი 350 დოლარს ვიხდიდით ერთ ოთახში. ისინი ამბობდნენ, რომ ეს სინათლის ფულია. ახლა კი გვეუბნებიან, რომ ჩვენს საერთო საცხოვრებელს ვალი აქვს.”

ამ უცხოელი სტუდენტების მდგომარეობაშია აღმოჩენილი საქართველოს რეგიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი. მათ საქართველოს ხელისუფლება მორიგი დაპირებებით უმასპინძლდება და ხან იმაში არწმუნებს, ელექტრომომარაგება დენის იმპორტით გაუმჯობესდებაო, ხანაც - ენგურჰესის რეაბილიტაციითო.

[ალეკო ხეთაგურის ხმა] ”ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ აფხაზეთში, ბზიფის ქვესადგურში, დადგეს ელექტრონული მრიცხველი. აფხაზებს მოველაპარაკეთ ამაზე იმისთვს, რომ ჩაირთოს სალხინოს ხაზი. ამავდროულად, იგეგმება ელექტროენერგიის იმპორტის დაწყება აზრბაიჯანიდან და თურქეთიდან და სასომხეთიდან სიმძლავრის გაზრდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახლა.” (სტილი დაცულია)

ეს არის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალეკო ხეთაგური. მის მიერ ჩამოთვლილი სამუშაოების შესაძლო შედეგების იმედით, ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ირწმუნება, რომ ენერგეტიკული კრიზისის მოგვარებას უახლოეს სამ კვირაში შეძლებს. რამდენად რეალურია ასეთი ამბიციური დანაპირების განხორციელება, ამაზე კომენტარი ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარეს მირონ ფირცხელანს ვთხოვე.

[მირონ ფირცხელანის ხმა] ”გვინდა, არ გვინდა, - ჩვენ უნდა გავაჩეროთ ენგურჰესი, რომ იქ დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ენერგოსისტემას მოაკლდება ენგურჰესის ენერგია. მეორეც, კავკასიონის ხაზი არაა აღდგენილი. შესაბამისად, შეიძლება ველოდოთ დეფიციტის გაზრდას.”

ეს და სხვა საკითხები, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 16 მარტის სხდომაზე უნდა განეხილათ, მაგრამ მინისტრთა კაბინეტმა მხოლოდ ენგურჰესის ტარიფის შემცირებაზე იმსჯელა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
XS
SM
MD
LG