Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტს უჩივის


საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ დააპატიმრეს, ქვეყნის პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სულხან

მოლაშვილი აპროტესტებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლს, რომელიც მას წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების უფლებას ართმევს.
პარალელურად საქართველოს პარლამენტში უკვე დაწყებულია კოდექსის ამ მუხლის შეცვლის პროცესი. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან დავაში კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს მხარს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” უჭერს.

გასული წლის 22 აპრილს, როდესაც საქართველოს ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა, თბილისის პროკურატურამ ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი დააკავა. თითქმის ერთი წლის თავზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმის გადაწყვეტა მოუწევს, უნდა განიხილოს თუ არა სულხან მოლაშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ასაჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პიროვნებას, მისთვის სასამართლოს მიერ ამ ვადის გაგრძელების შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკრძალავს. ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სულხან მოლაშვილის ინტერესებს დაიცავს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კოდექსის ამ მუხლს არაკონსტიტუციურს და ევროკონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამოს უწოდებს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,არსი დავისა იმაშია, რომ სასამართლოში მიღებული პირველი გადაწყვეტილება მხარეს, რომელიც უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით, უნდა შეეძლოს გაასაჩივროს კიდევ ერთ ინსტანციაში მაინც. ხოლო ჩვენი საპროცესო კოდექსით, ვადის გაგრძელების სასამართლო გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება. ჩვენ სწორედ, აი, ამის ანტიკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე გვაქვს ეხლა სარჩელი შეტანილი.” (სტილი დაცულია)

კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელსაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ, აღმკვეთ ღონისძიებად სამთვიანი პატიმრობა სასამართლომ პირველად გასული წლის აპრილში შეუფარდა და მას შემდეგ, გამოძიების მოთხოვნით, ორჯერ გაუგრძელა. პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ამ შემთხვევაში პატიმარს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების უფლება არა აქვს, სწორს უწოდებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი ნიკა გვარამია. მისი განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შემდგომი გაგრძელების გასაჩივრების უფლებას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი კოდექსს ცვლის, საკონსტიტუციო სასამართლომ სულხან მოლაშვილის სარჩელზე უნდა იმსჯელოს:

[ნიკა გვარამიას ხმა] ,,თუმცა, ეხლა გადაწყვეტილებას როგორს გამოიტანს ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი. პარლამენტის ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ ანტიკონსტიტუციური იყო მუხლი. შეიძლება სხვა, ასე ვთქვათ, საფუძვლებითაც შეიცვალოს კანონი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც უნდა იმსჯელოს იმ მუხლის კონსტიტუციურობაზე, რომელიც თუნდაც შეიძლება ეხლა არ მოქმედებდეს.” (სტილი დაცულია)

თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ სულხან მოლაშვილის სარჩელი უნდა განიხილოს, ადვოკატებს კიდევ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილების იმედი აქვთ:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,ჩვენ მოვითხოვეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესს დაესწროს თავად მოსარჩელე, ანუ პატიმარი სულხან მოლაშვილი, და საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს არანაირი საფუძველი უარი გვითხრას, იმიტომ რომ მოლაშვილი მოსარჩელეა, ის იურისტია განათლებით და მას სურვილი აქვს განმარტება სასამართლოს პირადად გააცნოს.” (სტილი დაცულია)

განიხილავს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სარჩელს, ეს პარასკევს გაირკვევა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG