Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები შიმშილობას განაგრძობენ


სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა შიმშილობის დაწყებიდან ორი დღე მიილია. ექიმების განცხადებით, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია.

ისინი თავს ცუდად არ გრძნობენ და საბრძოლველად არიან განწყობილნი - დაბეჯითებით მოითხოვენ სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების შესრულებას და უნივერისტეტის მესამე კურსზე უგამოცდოდ ჩარიცხვას. სტუდენტთა დაუმორჩილებლობის მიუხედავად, უკომპრომისოა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც. მხარეთა პოზიციების დაახლოებასა და კონფლიქტის განმუხტვას გუშინ, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, მეორე მხრივ კი, სახალხო დამცველი.

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა შიმშილობის აქციაში 22 სტუდენტი ღებულობს მონაწილეობას. შიმშილობა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. ერთ-ერთ მოშიმშილეს უკვე დასჭირდა ექიმების დახმარება. ამის მიუხედავად, იგი მოშიმშილეთა რიგებს არ გამოჰკლებია. შიმშილობის დაწყების დროს განათლების მინისტრი საქართველოში არ იმყოფებოდა. იგი დღეს ბრუნდება ლიტვიდან, სადაც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრი ქვეყნების განათლებისა და გარემოს დაცვის მინისტრების უმაღლესი დონის შეხვედრაში ღებულობდა მონაწილეობას. საქართველოში მისი არყოფნის პერიოდში სამედიცინო კოლეჯსა და განათლების სამინისტროს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების, სულ ცოტა, ორი ანგარიშგასაწევი ინიციატივა გაჩნდა. ერთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნის, მეორე კი - სახალხო დამცველს სოზარ სუბარს.
ნინო ბურჯანაძე სტუდენტებს დავის სასამართლოს კედლებში გადატანას და კონფლიქტის ყველაზე ცივილიზებული ფორმით მოგვარებას სთავაზობს. რაც შეეხება სოზარ სუბარს, იგი ხისტი პოზიციების შერბილებას ორივე მხარეს ურჩევს და კომპრომისის შემდეგ ფორმულას აყალიბებს:

[ სოზარ სუბარის ხმა]” ეს არის ის მოდელი, რომლითაც შემოქმედებითი ინსტიტუტების აბიტურიენტები აბარებენ გამოცდებს. ისინი საერთო კონკურსში კი არ იღებენ მონაწილეობას, არამედ არსებობს სავალდებულო ქულების მინიმუმი, რომელზე ნაკლებს თუ მოაგროვებენ, ისინი ჩაითვლებიან ჩაჭრილებად. ეს არის 15 ქულა. იგივე შეიძლება შევთავაზოთ ამ სტუდენტებს, ანუ ჩააბარონ მინიმუმი ამ ოთხ საგანში, ხოლო შემდეგ იმ საგნებში ჩააბარონ გამოცდები, რომლებსაც ისინი სწავლობდნენ ამ წლების განმავლობაში და რომელიც მათ იციან.”

ამ რამდენიმე დღის წინ სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებმა განათლების სამინისტროს ერთ-ერთი ინიციატივა უკვე უკუაგდეს - კატეგორიული უარი განაცხადეს დამამთავრებელი გამოცდების ოქტომბერში ჩაბარებაზე. როგორც ჩანს, ანალოგიური ბედი ეწევა საქართველოს ომბუდსმენის წინადადებასაც.

[მოშიმშილე სტუდენტის ხმა]” ჩვენ არა ვართ თანახმა, არავინ არა ვართ თანახმა, იმიტომ რომ ყველას ჩაბარებული გვაქვს პირველი კურსიდან გამოცდები, ჩვენ გვაქვს 17 გამოცდა ჩაბარებული, რაც კანონის მიხედვით არის სწორი და ჩვენ არ ჩავაბარებთ გამოცდას. არანაირ კომპრომისზე არ მივდივართ და არანაირ დათმობაზე არ წავალთ.”
მოშიმშილე სტუდენტები ცალსახად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის აბიტურიენტებთან გათანაბრებას და ერთიან ეროვნულ გამოცდებში ნებისმიერი ფორმით, თუნდაც შეღავათიანი პირობებით, მონაწილეობას. ჩიხი კი სულ უფრო ვიწროვდება -სახალხო დამცველის ინიციატივა მიუღებელია განათლების სამინისტროსთვისაც. მოუსმინეთ განათლების სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორს ლევან გახელაძეს:

[ლევან გახელაძის ხმა]” განათლების და მეცნიერების სამინისტროს პოზიცია ამ საკითხში არის ურყევი. კანონი მკაფიოდ ამბობს, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტად მოხვედრა შეიძლება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით.”

[სოზარ სუბარის ხმა]” ერთია ის, რომ კანონის უზენაესობა ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მაგრამ რაღაცა სიჯიუტე არ არის კარგი თვისება სახელმწიფოსთვის. სიჯიუტესა და პრინციპულობას შორის არის განსხვავება და ამ შემთხვევაში, როცა რაღაც გზებს ვთავაზობთ, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გაჯიუტდეს სახელმწიფო და უფრო მეტ დათმობებზე უნდა წავიდეს, ვიდრე, ვთქვათ, სტუდენტები მიდიან.”

ეს სოზარ სუბარი იყო, საქართველოს სახალხო დამცველი. სტუდენტებსა და განათლების სამინისტროს შორის მისი შუამავლობა, როგორც ჩანს, ჯერ ვერ დასრულდება.
XS
SM
MD
LG