Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს მერაბ ჟორდანიას დაჭერა?


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას დაპატიმრებამ ბუნებრივად აღძრა კითხვა: ხომ არ წავიდა საქართველოს ხელისუფლება დაპატიმრებათა,

ასე ვთქვათ, მეორე წრეზე? ალბათ, გახსოვთ, მერაბ ჟორდანია იყო პირველი, ვინც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დააკავა. მაშინ ჟორდანია კანონით არარსებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა, 700 ათასი ლარი გადაიხადა და თავისუფლება დაიბრუნა. დღეს სამართალდამცავები გამორიცხავენ საპროცესო გარიგებას ჟორდანიასთან. თუმცა ერთი რამ მან უკვე დათმო: მერაბ ჟორდანია უარს ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე.

პირველი დაპატიმრების შემდეგ მერაბ ჟორდანია არათუ მალე გათავისუფლდა, საკითხიც კი არ დამდგარა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობიდან მისი ჩამოშორების შესახებ. მაშინ არ გაუხმაურებიათ, თორემ ფედერაციის პრეზიდენტად მისი დარჩენა დიდწილად განპირობებული იყო მაგნატ ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორით. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო არჩევნებზე ერთმანეთს სწორედ პატარკაციშვილის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული დავით პეტრიაშვილი და მერაბ ჟორდანია უწევდნენ კონკურენციას. ჟორდანიას გათავისუფლებისას საქართველოს ახალი ხელისუფლება შიშობდა, მთელი საფეხბურთო მეურნეობა ბადრი პატარკაციშვილს არ ჩავარდნოდა ხელში. იმხანად ხელისუფლება, მართლაც, ახალი - რომ არა ვთქვათ ახალშობილი - იყო და ოლიგარქებთან სალაპარაკო ენა ამოდგმული არ ჰქონდა. ხოლო პატარკაციშვილი ფლობდა თბილისის დინამოს, მფარველობდა ოლიმპიელებს და მისი კანდიდატურის გაყვანა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლოგიკურად მოასწავებდა მაგნატის გაძლიერებას. ახლა კი, ჩანს, ვითარება შეიცვალა: ან ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე უკვე შეგულებულია კაცი, რომელიც სპორტში პატარკაციშვილის ფაქტორს თუ არ გაანეიტრალებს, შეასუსტებს მაინც, ან პატარკაციშვილმა დაკარგა ინტერესი ფეხბურთისადმი, ან პირიქით - აღარ წარმოადგენს საფრთხეს, თუნდ უშუალოდ მისი კრეატურა გავიდეს ფედერაციის პრეზიდენტად, ხელისუფლება ამას არ შეეწინააღმდეგება.

მერაბ ჟორდანიას პირველ დაპატიმრებას, რა თქმა უნდა, ფართო რეზონანსი მოჰყვა, რადგან ეს ნაბიჯი სავსებით ადეკვატურად აღიქვა საზოგადოებამ, როგორც ერთგვარი სასტარტო გასროლა, ნიშანი, რომ შევარდნაძის ეპოქის საეჭვო მოხელეებზე დიდი ხნის ნანატრი ნადირობა იწყებოდა. რა მოჰყვა ამას - მოქალაქეებს ახსოვთ. ყველა, ვინც დაიჭირეს, ფული გადაიხადა და დღეს გარეთაა. ციხეში სამი კაცი დარჩა: დავით მირცხულავა, სულხან მოლაშვილი და ზურაბ ჭანკოტაძე, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი. ვისაც სწამს, რომ ისტორია ციკლურია, მისთვის ჟორდანიას ხელმეორე დაპატიმრება მიანიშნებს, რომ ხელისუფლება თავიდან დაუვლის ერთხელ დაჭერილ და თავისუფლებაგამოსყიდულ ხალხს. იურისტი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის:

[უსუფაშვილის ხმა] “ის ხალხი თუ რამე ახალ ცუდს ჩაიდენს და სახელმწიფო მოჰკითხავს, ეს, პირიქით, სახელმწიფოს ვალია. გადახდილი ფული არ ნიშნავს მომავლისთვის რაიმე ინდულგენციების ყიდვას. ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, არაოფიციალურად ვინ სად და რა თანხას იხდის. თუმცა, მგონია, არაოფიციალური გარიგება უფრო მძიმე იყო იმ ხალხისთვის, ვიდრე ეს ჩვენ გავიგეთ და, შესაძლოა, დღესაც აგრძელებენ გადახდას. ეს სხვა თემაა; მაგრამ მეორე წრეზე წასვლის ნაკლებად მჯერა.”

ჟორდანიას დაჭერა პოლიტიკურ რეკლამაზე, ქართულად “პიარ”-ზე, მეტისმეტად კონცენტრირებული ხელისუფლებისთვის თავისებური სვლა იყო: ორი წაგებული მატჩის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის აყვანამ გული დასწყვიტა, ალბათ, მხოლოდ მის ახლობლებს. ამავე დროს, ჟორდანიას მამხილებელ მასალათა მოპოვებაში ხაზი გაუსვეს ფინანსური პოლიციის წვლილს. ამ უწყების ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი ბოლო დროს მხოლოდ სკანდალურ და უაღრესად ნეგატიურ კონტექსტში იხსენიება. კეზერაშვილს ხომ ასე სჭირდება მხარდაჭერა და ნამუსის მოწმენდა.
XS
SM
MD
LG