Accessibility links

logo-print

როგორ ემზადებიან ქვეითი პატრულის პოლიციელები და რას ელის მათგან საზოგადოება


საგზაო პოლიციის პატრული, რომელმაც კორუმპირებული

საბჭოური “გაი”, ანუ სახელმწიფო ავტოინსპექცია, ძალიან მოკლე ხანში ჩაანაცვლა, საერთო შეფასებით, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორული პროექტია. ხვალ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის სასწავლო ცენტრში საზეიმოდ დასრულდება კიდევ ერთი - პოლიციის ქვეითი პატრულის მოსამზადებელი - პროექტი, რომელმაც ე.წ. უბნის ინსპექტორის მოძველებეული ინსტიტუტი უნდა შეცვალოს. ვინ არიან, როგორ ემზადებიან და რას ელის საზოგადოება ახალი კუკარაჩებისაგან? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად პოლიციის აკადემიას ვესტუმრე და ქვეითი პატრულის მზადების პროცესს დავესწარი.

[ჰიმნის ხმა]

გლდანის დასახლებაში, სადაც პოლიციის აკადემიის სასწავლო ცენტრი მდებარეობს, მოსახლეობა სახელმწიფო ჰიმნის ხმაზე საათს ასწორებს. ყოველი დილის 9 საათზე პლაცზე მდგარი 530 მსმენელი სწორედ სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით იწყებს სასწავლო დღეს. თუმცა ხმების შეწყობაზე მეტად მომავალ ქვეით პატრულს სამწყობრო სიარული, საცეცხლე მომზადება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ამტანობა და ხელჩართული ბრძოლის ილეთების ფლობა მოეთხოვება. ყურადღება განსაკუთრებით ბოროტმოქმედის დაკავების პროცესში იარაღისა და ძალის სწორ გამოყენებაზე მახვილდება. ამ საგნის თეორიული კურსი, პროექტორის გამოყენებით, სხვადასხვა თვალსაჩინო აუდიოფილმების ჩვენებით შეისწავლება.

[მასწავლებლის ხმა აუდიტორიაში] “სწრაფად შევაფასოთ სიტუაცია, სწრაფად გადავხარშოთ, თუ რა შეიძლება გამოვიყენოთ იქ ჩვენ და არა იმ წუთში დავაძროთ იარაღი, ვესროლოთ და მოვკლათ.”(სტილი დაცულია)

ძალის სამართლიანი გამოყენება, პრინციპულობა და ჰუმანიზმის გრძნობა, ეს არის მთავარი მოთხოვნა, რაც პოლიციის პატრულის ახალ ნაკადს მოეთხოვება პოლიციის აკადემიაში. საქართველოში ხომ ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ოცნების საგანია ნოდარ დუმბაძისეული კუკარაჩა - უბნის ინსპექტორი, ვისაც შეიძლება ენდო, ვისაც კრიმინალური ავტორიტეტის დანახვაზე არ აკანკალებს და ვისთვისაც სულერთი არ არის, თუ რა ხდება მისდამი რწმუნებულ რაიონში.

[უბრალო ადამიანების ხმა] “მინდა, როგორიც კუკარაჩაა, ისეთი იყოს ჩვენი უბნის ინსპექტორი. მეტი არაფერი.” “უბნის რჩეული უნდა იყოს და იცოდეს თავისი საქმე.” “ადრე არ მიგრძვნია, მართალი გითხრათ, უბნის ინსპექტორების არსებობა.”

ასეთი ნდობის ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში გასული წლიდან ამოქმედდა სამთვიანი საბაზისო კურსები პოლიციის პატრულისათვის. განახლდა აკადემიაში არსებული მეთოდოლოგია, დაინერგა პროექტორები, სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და სიმულატორები, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ კორუფციულ გარიგებაში ეჭვმიტანილი პროფესორ-მასწავლებლები, მიმღები კომისია კი, პროფესიონალი პოლიციელების გარდა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტდა. მისაღები გასაუბრების დროს უპირატესობა ენიჭებოდა არა იმას, თუ ვინ რამდენი წელი იმუშავა პოლიციის სისტემაში, არამედ თუ როგორ ესმით აბიტურიენტებს ახალი მოთხოვნები, - ამბობს აკადემიის რექტორი, სამართლის დოქტორი ლევან იზორია, რომელიც ფიქრობს, რომ პოლიციის პატრულის მიმართ არსებული ნდობა, ბევრწილად, სწორედ აკადემიის კედლებში გატარებული სამი თვის დამსახურებაა:

[ლევან იზორიას ხმა] “რომ არა მიუკერძოებელი სელექცია ამ ხალხის, კანდიდატების, ეს სამსახური იქნებოდა ისეთივე კორუმპირებული, როგორც საგზაო პოლიცია. უბრალოდ, ამ ხალხს ინვესტიცია არ ჩაუდია არსად და არ უზრუნიათ იმისთვის, რომ ფული უკან ამოეღოთ.”(სტილი დაცულია)

ქვეითი პატრულის პირველი გამოშვება მთლიანად საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მსმენელებით დაკომპლექტდა. მათ შორის არის ლენტეხის რაიონის მკვიდრი ნინო კონდრატიევა. სანამ პოლიციის აკადემიის კურსებზე მოხვდებოდა, ნინომ უნივერსიტეტიც დაამთავრა და ლენტეხში უბნის ინსპექტორის პოსტზე მუშაობაც მოასწრო, მაგრამ დანარჩენი, ნაკლებად გამოცდილი, თავისი თანაკურსელი ქალებივით, - მათი რიცხვი კი დაახლოებით 40-ს აღწევს, - ისიც ჩვეულებრივ გადის ყველა იმ საგანს, რაც სასწავლო ცენტრში ისწავლება. ნინოს თავიდან ძალიან გაუჭირდა ფიზიკური ვარჯიშები და მკაცრ სამხედრო რეჟიმთან შეგუება, მაგრამ ახლა უკვე ამ სიძნეელებზე მხოლოდ წარსულ დროში ლაპარაკობს:

[ნინო კონდრატიევას ხმა] “პირველი ორი დღე ძნელი იყო - რაღაც უცხო გარემოში, რაღაცა რეჟიმი. მაგრამ ახლა ყოველი დღის გათენება მიხარია, რომ მოვიდე აქ… თავად სწავლის პროცესი, დამოკიდებულება ძალიან უშუალოა და არა ისეთი, როგორიც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. და, რა ვიცი, მზადა ვარ ვემსახურო საქართველოს.” (სტილი დაცულია)

ნინო კონდრატიევამ უკვე იცის, რომ როდესაც სამთვიან მოსამზადებელ პროგრამას დაასრულებს, იგი სამსახურს სწორედ ლენტეხის რაიონში გააგრძელებს. მომავალ ქვეით პატრულ ქალს ის სიძნელეები და პრობლემებიც მოეხსენება, რისი გადაჭრაც მას მომავალში დაეკისრება:

[ნინო კონდრატიევას ხმა] “ბავშვები სკოლას ამთავრებენ, გამოდიან, სამუშაო არა აქვთ, დგანან ბირჟაზე და ხულიგნობენ. ხან რა მოუნდებათ, იქ კომერციული დავა ტყდება, არის კიდევ დავები მეზობლებს შორის. ამიტომ მართლა უბნის ინსპექტორის მუშაობა არის პრიორიტეტი ლენტეხის რაიონისათვის.” (სტილი დაცულია)

კრიმინალური მდგომარეობა არამხოლოდ ლენტეხის რაიონშია გართულებული. შესაბამისად, ნინო კონდრატიევას და მის თანაკურსელებს სულ მალე მოუწევთ პოლიციის აკადემიაში მიღებული გამოცდილების ცხოვრებაში გამოყენება. 10 აპრილს ქვეითი პატრულის პირველი კურსდამთავრებულები სამთვიან პროგრამას დაასრულებენ და სერტიფიკატთან ერთად პოლიციის ფორმასა და სპეციალურ სამკერდე ნიშანსაც მიიღებენ. ქვეითი პოლიციის პატრულის კარიერა დღევანდელ საქართველოში იოლი არ იქნება, მაგრამ ისინი არც ნულიდან იწყებენ. უკვე არსებობს საგზაო და სატრანსპორტო პოლიციის პატრული, რომელმაც უკვე შეძლო პოლიციელის პროფესიისათვის გარკვეული პრესტიჟი და პატივისცემა მოეპოვებინა.
XS
SM
MD
LG