Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონული მედიის მდგომარეობა საქართველოში


დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ დაეცა მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში და როგორი წარმატებით ახერხებენ ახალი თაობის სახელმწიფო მოხელეები

ცენტრალური მედია-საშუალებების კონტროლს. თბილისელ კოლეგებთან შედარებით, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან რეგიონულ ტელევიზიებსა თუ გაზეთებში მომუშავე ჟურნალისტები. მცირე ხელფასი, მწირი ტექნიკური საშუალებები, ადგილობრივ ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი კონტროლის დაბალი დონე, კორუფცია სასამართლო სისტემის ქვედა რგოლში - ყოველივე ეს, როგორც რეგიონებში მომუშავე ჩვენი კოლეგები ამბობენ, ჟურნალისტის საქმიანობას, ანუ ინფორმაციის თავისუფლად მოპოვებასა და გავრცელებას, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის.

2004 წლის 18 ოქტომბერს გორში გამომავალი გაზეთის რედაქცია, მხოლოდ იმის გამო, რომ ნებართვის გარეშე დაბეჭდა წვერგაუპარსავი სახელმწიფო მოხელის ფოტოსურათი, ადგილობრივმა სასამართლომ 300 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სურათის გამოქვეყნებით შეილახა მოსარჩლის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. არადა, გორელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო მოხელის პორტრეტი იმ ვიდეომასალიდან გაკეთდა, რომელიც გაზეთში დაბეჭდვამდე ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა. გაზეთის დამფუძნებელი ბადრი ნანიტაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო ხელისუფლება, გახშირებული გამამტყუნებელი განაჩენებით, ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე ზეწოლის ეფექტურ საშუალებად იქცა.

[ბადრი ნანიტაშვილის ხმა] „ის კადრი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, იყო ამოღებული ვიდეომასალიდან, რომელიც თავის დროზე საინფორმაციო საშუალებით - ისე, როგორც იყო, წვერგაპარსული თუ გაუპარსავი - ეთერში გავიდა. ანუ ინტერვიუს აძლევს ტელევიზიას, რომ ეთერში გამოჩნდეს, და გაზეთში რომ გამოჩენილიყო, არ შეიძლებოდა? უბრალოდ, ეგრე უნდა სასამართლოს... გვეუბნება, დასაქორწინებელი ბიჭია და ეგრე პირგაუპარსავი არ უნდა გამოგეჩინათო...” (სტილი დაცულია)

თუმცა უნდა ითქვას, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანა და თანხის დაკისრება არ არის ჟურნალისტებზე ზეწოლის ყველაზე ქმედითი საშუალება. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს ხშირად ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებიან:

[ელისო ჩაფიძის ხმა] „მე ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას გავიხსენებ: როცა ჩვენმა ჟურნალისტმა ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ საკმაოდ სკანდალური მასალა მოიპოვა და გამოაქვეყნა, მას იმდენად დიდი პრობლემები შეექმნა ზუგდიდში, რომ იძულებული გახდა მცირე ხნით ქალაქიც დაეტოვებინა.“

ზუგდიდის გარდა, ჟურნალისტები თავს დაუცველად გრძნობენ ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რაიონებში. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათ პრობლემები ექმნებათ საჯარო ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაშიც. თუმცა „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლევან რამიშვილი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს რედაქციათა დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს.

[ლევან რამიშვილის ხმა] „სამწუხაროდ, სარედაქციო დამოკიდებულება კვლავინდებურად სერიოზულ პრობლემად რჩება ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჟურნალისტებს, რომლებსაც განსაკუთრებულად სჭირდებათ საკუთარი რედაქტორებისა და გამომცემლების მხარდაჭერა.“

ლევან რამიშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ესა თუ ის სახელმწიფო მოხელე, ჟურნალისტის გარდა, ზეწოლას ახორციელებს საინფორმაციო საშუალების მფლობელზე და ეს უკანასკნელიც, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, იძულებულია დაბლოკოს გაზეთში ან ეთერში გასაშვები მასალა. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი რამ ხშირად ხდება დედაქალაქში მოქმედ მედია-ორაგანიზაციებშიც, ანუ, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, რეგიონალურ და ცენტრალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების შრომის პირობები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG