Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საქართველოს მომავალ ელჩს მოსკოვთან ურთიერთობის დათბობა, ძველ თანამდებობაზე მის შემცვლელს კი ყოფილი კოლეგების კოორდინირება ევალება


მომავალი კვირიდან საქართველოს რუსეთის ფედერაციასა და ბენილუქსის ქვეყნებში ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ეყოლება.

ამ პოსტებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ირაკლი ჩუბინიშვილისა და სალომე სამადაშვილის კანდიდატურების დამტკიცებისთვის საპარლამენტო უმრავლესობა რაიმე სერიოზული პრობლემის შექმნას არ აპირებს. პრეზიდენტის არჩევანით - კერძოდ, ირაკლი ჩუბინიშვილით - უკმაყოფილოა ოპოზიცია, რომელიც რუსეთში ელჩად მის დანიშვნას სტრატეგიის უქონლობით ხსნის.
მიხეილ სააკაშვილისგან ახალი დავალება უკვე მიიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყოფილმა რწმუნებულმა გიგი უგულავამ, რომელმაც ჩუბინიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შეცვალა.

არც გიორგი ბარამიძე, არც გიგი უგულავა და არც ლალი მოროშკინა. რუსეთში საქართველოს ელჩობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ირაკლი ჩუბინიშვილს ანდო და მას კლიმატის შეცვლა დაავალა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ჩვენ ამით ვაჩვენებთ, თუ რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ურთიერთობას რუსეთთან. ამ ურთიერთობებში, იცით, რომ არის სერიოზული პრობლემები. დასაფიქრებელია და მე ვფიქრობ, რომ ესეთი კლიმატი ჩვენი ურთიერთობისა უნდა შევცვალოთ, უნდა დავათბოთ, ჩვენი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.” (სტილი დაცულია)

თუ რა საერთო ინტერესები აქვთ საქართველოსა და რუსეთს, ამის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს ჩუბინიშვილი პარლამენტს მომავალ კვირას გააცნობს.
მომავალი ელჩი განათლებით ეკონომისტია, მწვანეთა პარტიის და პარლამენტის წევრიც იყო და ბიზნესმენიც. დეპუტატობის პერიოდში ირაკლი ჩუბინიშვილი ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობდა, ამჟამინდელი ხელისუფლების შეფასებით, პრობლემა კარგადაც შეისწავლა, თუმცა შარშან არა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრად, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ქართული პრესის მიერ ,,რუხ კარდინალად” წოდებულ ჩუბინიშვილს არანაირი დიპლომატიური გამოცდილება არა აქვს, თუმცა მოსკოვთან ხუთწლიანი სამეწარმეო საქმიანობა აკავშირებს.
მისი კანდიდატურის დასახელება იმის დასტურია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ იქნება რუსეთში საქართველოს ელჩი, - ამბობს პარლამენტის წევრი, რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,ჩუბინიშვილის ძალიან ახლოს ყოფნა საქართველოს პრეზიდენტთან აღარ ჩაითვალა საჭიროდ და ის წავიდა იქ, სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს. მე არ მგონია, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულება უნდა იყოს რუსეთში საქართველოს საელჩოს მიმართ.” (სტილი დაცულია)

ამჟამად რუსეთის ფედერაციას საქართველოში ელჩად ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ელჩის მოვალეობას აშშ-ში ასრულებდა. იმას, რომ რუსეთში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელად გამოცდილი პიროვნება სჭირდება, ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც, თუმცა მისი წარმომადგენელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ირაკლი ჩუბინიშვილის კანდიდატურის დამტკიცებას პრობლემა არ შეექმნება:

[ნიკა გვარამიას ხმა] ,,თუმცა, ბუნებრივია, მოთხოვნები არის ძალიან მაღალი. რუსეთის ელჩს წაეყენება ძალიან მაღალი სტანდარტები. სერიოზული სამუშაო ელის ბატონ ირაკლის და მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები იქნება ძალიან მკაცრი.” (სტილი დაცულია)

რუსეთში ყოფილი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის, ფინანსთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის შესაძლო შემცვლელად ასახელებდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულს გიგი უგულავასაც. იგი ზუგდიდს, მართლაც, ტოვებს, თუმცა თბილისში ბრუნდება, რადგან პრეზიდენტმა საკუთარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ჩუბინიშვილის ნაცვლად უგულავას დაავალა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მას ევალება არა მხოლოდ კანცელარიის აპარატის ხელმძღვანელობა, არამედ კოორდინაცია ადგილობრივი მმართველობის, კოორდინაცია მთავრობასთან, ყველა გუბერნატორის საქმიანობის კოორდინაცია.” (სტილი დაცულია)

სააკაშვილის განცხადებით, უგულავა კარგი გუბერნატორი იყო, ხალხი კი - კმაყოფილი. ამ პროცესის გაგრძელება დაევალა ზუგდიდის ყოფილ გამგებელს, რეგიონის რწმუნებულად დანიშნულ კახა არდიას, რომელსაც, მისივე განცხადებით, გაზაფხულის და აღმშენებლობის იმედი აქვს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG