Accessibility links

logo-print

ევროპის საბჭოს სამიტმა ორგანიზაციის ახალი ამოცანები უნდა განსაზღვროს

  • ნინო როდონაია

მაისის შუა რიცხვებში პოლონეთის დედაქალაქში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი გაიმართება. ვარშავის ფორუმის მონაწილენი ევროპულ ერთიანობასა და ღირებულებებზე,

არსებულ პრობლემებსა და ევროპის ახალ პოლიტიკურ არქიტექტურაზე იმსჯელებენ. სამიტში მონაწილეობას აპირებს საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა ვარშავაში მისი გამგზავრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ევროპის საბჭო მუდამ საკუთარი ღირებულებების ერთგული იქნება და მის შეცვლას ევროკავშირი ვერ შეძლებსო - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიაზე გამოსვლისას ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ჰარმონიული თანაარსებობის დრო დადგა.

ამ ორი ორგანიზაციის მომავალი ურთიერთობა 16-17 მაისს პოლონეთის დედაქალაქში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერთა მე-3 სამიტზე დაგეგმილი დისკუსიის ერთ-ერთი თემა იქნება. ვენისა და სტრასბურგის შემდეგ ფორუმის ვარშავაში ჩატარებას ევროსაბჭოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და აცხადებენ, რომ პოლონეთის დედაქალაქი ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი სიმბოლოა. პირველი, რის გაკეთებაც ვარშავის სამიტზეა დაგეგმილი, ევროპის საბჭოს მთავარი მისიის კიდევ ერთხელ დადასტურებაა. მისი ერთგულება შეახსენა თბილისში ვიზიტისას საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს 46-დან ერთ-ერთ წევრს, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა:

[ტერი დევისის ხმა] "ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ ევროპულ ფასეულობებს. ევროპის საბჭოს წევრი ყველა სახელმწიფო ადამიანის უფლებებს, დემოკრატიის პრინციპებსა და კანონის უზენაესობას უნდა იცავდეს."

ამ ფასეულობების დაცვის მხრივ რომ საქართველოს კვლავ პრობლემები აქვს, ეს თავად ევროსაბჭოს ბოლო რეკომენდაციებიდანაც ჩანს.

ანალოგიური პრობლემები აქვს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დიდ ნაწილსაც. როგორც ვარშავის მომავალ სამიტთან დაკავშირებული მოხსენებების ავტორები აღნიშნავენ, ევროსაბჭოს წესდებით განსაზღვრული მისია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით 1949 წლიდან, ანუ ორგანიზაციის დაარსებიდან, უცვლელად აქტუალურია. ვარშავის სამიტის მონაწილენი აპირებენ იმის დადასტურებასაც, რომ დაუშვებელია ევროსაბჭოს სახელმწიფოთა დაყოფა ძველ და ახალ წევრებად. მათ მიმართ უნდა მოქმედებდეს ერთნაირი სტანდარტები, რომელიც ყველა ქვეყანამ ერთნაირად უნდა დაიცვას.
თბილისში, დემოკრატიულ სტანდარტებზე საუბრისას, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა ყურადღება საგანგებოდ გაამახვილა ერთ-ერთ მთავარ ელემენტზე:

[ტერი დევისის ხმა] "დემოკრატიის საკმაოდ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ოპოზიციისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება. დემოკრატია არის კულტურა იმისა, თუ როგორ ესაუბრები და ეპყრობი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს."

ვარშავის სამიტის მსჯელობის საგნად იქცევა პლურალისტური დემოკრატიის განვითარება, რაც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასა და დემოკრატიის ხარისხის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს. გამორიცხული არ არის, შეიქმნას დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა დემოკრატიულობის ხარისხს შეაფასებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელიც გასული კვირის ბოლოს დასრულდა, ვარშავაში დაგეგმილი სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირებას. იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებსაც რამდენიმე დოკუმენტის რატიფიცირება დღემდე არ განუხორციელებიათ, საქართველოცაა. წინასწარი ინფორმაციით, ვარშავის სამიტში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილიც აპირებს. თუმცა ორშაბათს პრეზიდენტის პრეს-სამდივნომ დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცა. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებისთვის აქტუალური მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტია.
XS
SM
MD
LG