Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლიანი ქართული არმიის ზოგიერთი შტრიხი


30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღეა.

ეს თარიღი დღესასწაულად 1994 წელს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სპეციალური დეკრეტით დადგინდა. არმიის შექმნა კი სათავეს იღებს 1991 წლის აპრილიდან, როდესაც პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ”ეროვნულ გვარდიაში” პირველი გაწვევა გამოაცხადა. მას შემდეგ 14 წელი გავიდა, საქართველოს არმია და მისი ჯარისკაცები სულ უფრო ფართო პლანით ჩნდებიან საზოგადოების წინაშე და ამ საზოგადოების თითქმის ყველა თვისებას აირეკლავენ. მინდა 14 წლიანი ქართული არმიის ზოგიერთ შტრიხზე გესაუბროთ.


[სროლების ხმა]

უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ქართველი სამხედროები თავიანთ პროფესიულ დღესასწაულს პოლიგონზე, აქტიური წვრთნითა და საბრძოლო სროლებით, ხვდებიან. ქართველი არტილერისტები მეორე კვირაა ორფოლოს პოლიგონზე არიან გადასროლილნი, სახმელეთო ჯარების მე-2 ბრიგადა კრწანისის პოლიგონზე, ახალი ქართულ-ამერიკული პროგრამის მიხედვით, მეორე თვეა გადის საბრძოლო მომზადებას, 800 რჩეული პროფესიონალი ჯარისკაცი ერაყში ასრულებს სამშვიდობო მისიას, ორი ასეული კი - კოსოვოში. ქართველი ჯარისკაცები წინასწარვე არიან შეგუებულნი იმას, რომ საქართველო ტერიტორიებდაკარგული ქვეყანაა და რომ მისი ჯარისკაცები თავს გართობისა და მოდუნების უფლებას ვერ მისცემენ. პოლიგონზე კი ისინი არა მხოლოდ სხეულს, არამედ ხმასაც კი ავარჯიშებენ:

[სერჟანტის და ჯარისკაცების ხმა] ”გათვლა! /ერთი და ორი!/ /გამარჯობათ, ბატონებო!/ - გაუ-მარ-ჯოს! /კარგად პასუხობთ!/ - ვემსახურებით საქართველოს! /ხმამაღლა, უფრო ხმამაღლა! უნდა იყვიროთ, ბატონებო! ”

14 წლიანი ქართული არმიისათვის ყველაზე სასტიკი გამოცდა აღმოჩნდა ომი აფხაზეთში, რომელსაც პოლიტიკოსებმა და ისტორიკოსებმა ჯერ ხეირიანი სახელიც ვერ მოუძებნეს. ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ, იკავებდნენ სიმაღლეებს, განიცდიდნენ მსხვერპლს და ზარალს, მაგრამ ამ თავგანწირვის შემდეგ თითქმის უბრძოლველად აბარებდნენ პოზიციებს მოწინააღმდეგეს და მათ განლაგებაში ქაოსი და უდისციპლინობა ისადგურებდა. სამხედროები ამბობენ, რომ მათი დემორალიზება და უკანდახევა პოლიტიკოსების ბრძანებით ხდებოდა, პოლიტოკოსები კი სამხედროების არაორგანიზებულობასა და დაუმორჩილებლობაზე საუბრობენ. ესეც საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენაა. 14 წლის განმავლობაში არავის უცდია დაეწერა საქართველოს შეირაღებული ძალების ისტორია. ამიტომაც არის, რომ ყველა ახალი თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველოში არმიის მშენებლობა სწორედ მისით იწყება.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ”ჩვენ ვქმნით ქართულ არმიას, ეს არის საფუძველი ქართული არმიის შექმნისა.”

ეს ირაკლი ოქრუაშვილია, საქართველოს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი. მანამდე ქართული არმიის ”საფუძველს” ქმნიდნენ მისი წინამორბედები - გიორგი ბარამიძე, გელა ბეჟუაშვილი, დავით თევზაძე, ვარდიკო ნადიაბიძე, გია ყარყარაშვილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, თენგიზ კიტოვანიც კი. რით, თუ არა ინსტიტუციური მეხსიერების მობლაგვებით შეიძლება აიხსნას ის, რომ ერთი მინისტრი ქმნის რეზერვისტთა ბატალიონებს მაღალმთიან რაიონში და ამას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის, მეორე კი - აუქმებს მათ და უსაქმურებს უწოდებს. ერთი ფიქრობს, რომ სამხედრო საქმის შესასწავლად საკმარისია 12 თვიანი სამხედრო მომზადება, მეორე კი ფიქრობს, რომ 12 თვე ცოტაა და სამხედრო ვალდებულების ვადის 6 თვით გაზრდას გეგმავს. ერთი ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებისათვის უპირველესად საჭიროა ფული არმიის სტრუქტურულ რეფორმაზე, სასწავლო პროგრამების სრულყოფასა და სამხედრო მოსამსახურეთა მოტივირებისათვის იხარჯებოდეს, მეორე კი პრიორიტეტულად ძვირად ღირებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შესყიდვას მიიჩნევს. ერთი უპირატესობას რუსული არმიის მოდელს ანიჭებს, მეორე - დასავლურს. 14 წლის განმავლობაში არაერთი ასეთი ურთიერთგამომრიცხველი გადაწყვეტილების გახსენება შეიძლება. მაგრამ რაკი სადღესასწაულო თარიღზე ვლაპარაკობთ, მოდით, ისიც ვთქვათ, რომ თავდაცვის მინისტრები მიდიან და მოდიან, მაგრამ ჯარისკაცები რჩებიან -ისეთი ჯარისკაცები, როგორიც საგარეჯოელი გიორგი დათუნაშვილია, რომლისთვისაც სამხედრო საქმე მისწრაფებაა და მადლიერია მშობლების, რომ გაგებით შეხვდნენ მის არჩევანს:

[გიორგი დათუნაშვილის ხმა] ”ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას დაეთანხმა. უბრალოდ, ხელი არ შემიშალეს და რა ცხოვრებაც ავირჩიე, იმ ცხოვრებაზე გამიშვეს. ყველას თავისი მისწრაფება აქვს, მე ჩემი მისწრაფება ავირჩიე.”

გიორგი დათუნაშვილი, სხვა თავის 500 თანამებრძოლთან ერთად, კრწანისის პოლიგონზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთა სახელს ატარებს, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის პროგრამით გადის წვრთნას და შეგუებულია იმ აზრს, რომ სამხედრო ამოცანის შესრულება, შესაძლოა, სამშობლოდან ძალიან შორს, ერაყში, მოუხდეს, ან ნებისმიერ ”ცხელ წერტილში”, სადაც საერთაშორისო ძალების გამოყენება გახდება საჭირო.

[ჯარისკაცების ხმა] ”პრობლემა არ არის”./ ”ჯარისკაცი მოქმედებს კომანდით.”

დღეისთვის ხომ დაახლოებით 1000, ანუ თითქმის ყოველი მესამე, ბრძოლისუნარიანი ქართველი ჯარისკაცი უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება სამშვიდობო მისიით. ესეც, შესაძლოა, ძალიან სიმპტომატური იყოს 14 წლიანი ისტორიის მქონე ქართული არმიისათვის. ამ 14 წლის განმავლობაში ქართველი ჯარისკაცების სიქველის ამბავი უფრო მეტად კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში იციან, ვიდრე მათ საკუთარ სამშობლოში, სადაც ორ ამბოხებულ სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - მშვიდობას უცხო ქვეყნის ჯარისკაცები იცავენ. ქართველ ჯარისკაცებს კი ისღა დარჩენიათ, რომ თბილისთან ახლოს, კრწანისის პოლიგონზე, სამწყობრო სიმღერაში ჩაკლან ნოსტალგია:
[ჯარისკაცების სიმღერა] ”საფლავიდან გაისმის დაღუპულთა სიმღერა - ”აფხაზეთი საქართველო არი”. ისევ იბადებიან, აკვანს არწევს დიდედა, ზეცას ისევ ირეკება ზარი. მათ საფლავში ჩაესმით დაღუპულთა ძახილი - “აფხაზეთი საქართველო არი.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG