Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ სეპარატისტული რეგიონების ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტზე


როგორ აფასებენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თბილისში სტუმრობას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერები?

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჯორჯ ბუშის ვიზიტმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების ლამის ჩიხში შესულ პროცესზე? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად სოხუმსა და ცხინვალში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საგარეო და საგანგებო საქმეთა მინისტრებს დავურეკე.

რუსული ბაზების გაყვანა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ეს არის ის ორი საკითხი, რომელთა გადაწყვეტა საქართველოს ხელისუფლებამ, - როგორც ყოფილმა, ასევე მოქმედმა, - არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ მოახერხა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების პერსპექტივა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს დაუკავშირა. და მართლაც, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარება აღუთქვა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამერიკის მთავრობა კონფლიქტის გადაწყვეტის მხოლოდ მშვიდობიან ძალისხმევას დაუჭერს მხარს:

[ჯორჯ ბუშის ხმა] ”...საქართველოს ლიდერებმა იციან, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება აუცილებელია თქვენი ტრანსატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი.”

ამერიკის პრეზიდენტის ამ გამოსვლას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებშიც უსმენდნენ. თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჯორჯ ბუშის გამოსვლას პოზიტიურს უწოდებს და ამბობს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით ყველა მხარე იხეირებს:

[სერგეი შამბას ხმა] „ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს აძლევს ხელს. ეს არის კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი მისაღები გზა, რომელსაც აფხაზური მხარე ყოველთვის მხარს უჭერდა.“

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ამასთან დაკავშირებით სეპარატისთა საგარეო საქმეთა მინისტრი ირონიულად შენიშნავს, რომ, ამერიკის მსგავსად, აფხაზეთიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:

[სერგეი შამბას ხმა] „ჩვენც ვცნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო იწყება მდინარე ენგურიდან და მთავრდება, თუ არ ვცდები, ჭოროხზე.“

რაც შეეხება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი იმედოვნებს, რომ ოფიციალური თბილისი გაითვალისწინებს ამერიკის მთავრობის პოზიციას და უარს იტყვის ცხინვალის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ გაიმეორებს იმ სისულელეს, რაც 2004 წლის ზაფხულში ცხინვალის დაბომბვაში გამოიხატა. დარწმუნებული ვართ, რომ ჯორჯ ბუში არ მოიწონებს ამგვარი მოუფიქრებელი ნაბიჯების გადადმას.“

აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტმა იმედი, საქართველოს ხელისუფლების გარდა, სეპარატისტთა ლიდერებსაც ჩაუსახა. თუმცა, ცხადია, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში, რომლის შესახებაც ბატონმა ბუშმა თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას ილაპარაკა, დაპირისპირებული მხარეები განსხვავებულ აზრს დებენ. ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი:

[აკაკი ასათიანის ხმა] „დარჩა სტატუს კვო. სწორი თქვა ბუშმა: ჩვენი საქმე არის ჩვენი მისახედი და კიდევ კარგი, ეგრე რომ თქვა, განსხვავებით ჩვენი საზოგადოებისგან... გვაჩუქებს აფხაზეთსა და ცხინვალსო, გვესმოდა ასეთი საუბარი.“

ერთი სიტყვით, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ის, რაც ბევრისთვის აქამდეც ნათელი იყო: კონფლიქტების მოწესრიგების გასაღები არა მოსკოვსა და ვაშინგტონში, არამედ თბილისშია მოსაძებნი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG