Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი და სოხუმი თანხმდებიან, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებას გააგრძელებენ


გალის რაიონში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით

კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრის გამართვა მხარეებმა ივნისის შუა რიცხვებისთვის დაგეგმეს. 12 მაისს გაეროს მისიის ეგიდით ჩასატარებელ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გალის რაიონში თბილისიდან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავა ჩავიდა, სოხუმიდან კი - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.

სოხუმში აქამდე თბილისის მიერ აფხაზეთის მიმართულებით ძალის გამოყენების ალბათობა აფრთხობდათ. საინტერესოა, რამდენად გაანელა ეს შიში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტისას გაკეთებულმა განცხადებებმა. ვგულისხმობთ ჯორჯ ბუშის მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაში დაეხმარება.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ გალის შეხვედრაზე გამგზავრებამდე გამოთქვა იმედი, რომ ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში და მის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები აუცილებლად იმოქმედებს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაზე. უკვე ოთხმხრივი შეხვედრის მიმდინარეობისას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ თითქმის ყველა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული ურთიერთგაგება. ცნობილია, რომ მხარეები უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ; ამას გარდა, მხარეებმა მოილაპარაკეს, გადაწყვიტონ უსაფრთხოების ზონაში სამართალდამცავთა რაოდენობის შემცირების საკითხი.
საქართველოში გაეროს მისიის ეგიდით შემდგარ შეხვედრაზე კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლებთან ერთად კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობაც მსჯელობდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო: შეზღუდული შეიარაღების ზონაში სამართალდამცავ სტრუქტურათა წარმომადგენლების იდენტიფიცირება, უსაფრთხოების ზონაში ნებადართული პირადი იარაღის კალიბრისა და ტიპის დადგენა, კონფლიქტის ზონაში დამნაშავეობასთან ბრძოლისა და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების მიზნით ორივე მხარის რეგიონულ ადმინისტრაციებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ენგურის ხიდზე ავტობუსების რეისების ამოქმედება, მხარეების მიერ დანაღმული ტერიტორიების რუკების წარმოდგენა და ასე შემდეგ.

ამ და სხვა საკითხებს საგნობრივად მხარეები ივნისის შუა რიცხვებში კიდევ ერთხელ განიხილავენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიღწეულია შეთანხმება ივნისში მორიგი შეხვედრის გამართვის შესახებ. სერგეი შამბამ 12 მაისს გამოთქვა იმედი, რომ ივნისის შეხვედრაზე მიღწეულ იქნება პოლიტიკური შეთანხმება სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე. თავის მხრივ, გიორგი ხაინდრავამაც აღნიშნა, რომ სამომავლო შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებზე პროტოკოლს მოეწერება ხელი.

მსგავს პროტოკოლებზე ხელი აქამდეც არაერთხელ მოწერილა. საგანგებოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე ოთხმხრივი შეხვედრები ჩატარდა 2004 წლის თებერვალში, მანამდე - 2003 წლის სექტემბერში, მაგრამ მხარეთა შორის უსაფრთხოების საკითხებზე მიღწეულ შეთანხმებებს ხელი არ შეუშლია გალის რაიონის ქართველების დაწიოკებისთვის, უსაფრთხოების ზონიდან ადამიანთა გატაცებისთვის და ასე შემდეგ. საინტერესოა, რა და როგორ იქნება, ასე თუ ისე, ახალ რეალობაში. თბილისში იმედოვნებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ აფხაზთა პოზიციაში დადებით ცვლილებებს შეიტანს.
XS
SM
MD
LG