Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი საქართველოსგან, ვალების სანაცვლოდ, საზღვაო პორტებს მოითხოვს


საქართველოს საგარეო ვალიდან, რომელიც, დაახლოებით, 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, 17 მილიონი მეზობელი აზერბაიჯანის მიმართ დაგროვილი დავალიანებაა.

ბაქომ მეგობრული ნაბიჯი რამდენჯერმე გადადგა და, ბოლოს, 2003 წელს, ვალის გადახდის ვადების 2 წლით რესტრუქტურიზება მოახდინა. ამ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ 17 მილიონის გასტუმრება 2005 წლის ივნისიდან უნდა დაიწყოს, თუმცა თბილისში კვლავ ვალის გადავადებას მოითხოვენ, ბაქო კი გამუდმებით დათმობებზე წასვლას აღარ აპირებს და, ვალის სანაცვლოდ, უძრავ ქონებას მოითხოვს.

აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს დავალიანება, დაახლოებით, 17 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ვალის ბედზე უახლოეს დღეებში ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.

მოლაპარაკების წინ ბაქო ახალი ინიციატივებით გამოდის, რადგან არ სურს უსასრულოდ გადაიდოს ვალის გასტუმრების დაწყება. საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, 12 მაისს აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა ავაზ ალეკბეროვმა განაცხადა, რომ, აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს ვალის სანაცვლოდ, ბაქო მზადაა საქართველოს საზღვაო პორტების პრივატიზება მოახდინოს. რადიო “თავისუფლების” ბაქოს ბიურომ აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრის ამ განცხადების სრული ჩანაწერი მოგვაწოდა:

[ავაზ ალეკბეროვის ხმა] ”მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა საქართველოს პორტების პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა. ვთქვათ, ჩვენ მოვახდინეთ ვალის რესტრუქტურიზება, - ეს ნორმალური იქნება. მაგრამ თუ ეს პორტები და ტერმინალები იყიდება, მე ვფიქრობ, მომავალში მათი ფასი ათჯერ უფრო მაღალი იქნება. ამიტომ ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტია მონაწილეობა მივიღოთ პორტების პრივატიზებაში.”

იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა აზერბაიჯანის მონაწილეობა პორტების პრივატიზების პროცესში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს კახა დამენიას დავუკავშირდი.

[კახა დამენიას ხმა] ”თვითონ პორტი რასაც ჰქვია, მაგის გაყიდვა კანონითაა აკრძალული. პრივატიზების შესახებ კანონში არის მეოთხე მუხლი. ჩამონათვალი რომ არის, პრივატიზებას რა არ ექვემდებარება, მაგ იმ ჩამონათვალში შედის.”(სტილი დაცულია)

დამენიას აზრით, შეიძლება საუბარი იყოს ნავმისადგომის გრძელვადიანი იჯარით გაცემაზე, თუმცა ესეც ტენდერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი კი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ნავმისადგომების, იმავე ტერმინალების, გრძელვადიანი იჯარით გაცემას. ერთადერთი, რაზეც ქართული მხარე თანახმაა, ვალის ნაწილი მზა პროდუქციით გაისტუმროს. თუმცა ეს წინადადება არახელსაყრელად ეჩვენება აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრს ავაზ ალეკბეროვს:

[ავაზ ალეკბეროვის ხმა] ”რაც შეეხება ვალის დაფარვას ქართული პროდუქციით, მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, ამას მხარს არ ვუჭერ. ლაპარაკია შაქარსა და სხვა პროდუქტებზე.”

ავაზ ალეკბეროვი იქვე დასძენს: თუ პორტების პრივატიზებას ვერ მივაღწევთ, საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, იქ ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და თბილისს ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარს მაინც არ ვეტყვითო.

ქართული მხარე აზერბაიჯანის მიმართ არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციას, პარიზის კლუბის წესების მიხედვით, 2025 წლამდე მოითხოვს. აზერბაიჯანი პარიზის კლუბის წევრი არ არის, რაც დამატებით წინააღმდეგობებს ქმნის ვალთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტისას.
XS
SM
MD
LG