Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიალკოჰოლური კამპანიის 20 წლისთავი


დღეს გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის

კომუნისტური პარტიის ცეკას მიერ ზუსტად 20 წლის წინ მიღებულ დადგენილებას, რომელმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე – უფრო მეტიც, ანტიალკოჰოლური კამპანია, დევიზით “სიფხიზლე ცხოვრების ნორმაა”, რომელიც 1985 წლის 16 მაისს დაიწყო, დღეს მიხეილ გორბაჩოვის “პერესტროიკის”, და ე.ი. კომუნისტური სისტემის ნგრევის, პირველ ეტაპადაა მიჩნეული.

[მუსიკა. “ორერა”. “სიყვარულით მთვრალი ვარ”]

1985 წლის 16 მაისიდან ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის “ორერას” მოყვარულები ამ სიმღერას ვეღარ მოისმენდნენ და “მელოდიის” ქსელის მაღაზიებში ვეღარ შეიძენდნენ “ორერას” ფირფიტას, რომელშიც 70-იანი წლების ეს პოპულარული სიმღერა, “სიყვარულით მთვრალი ვარ”, შევიდა. 16 მაისს საბჭოთა მთავრობამ თითქმის ყველა ორგანიზაციას - მათ შორის, ტელევიზიებს, კინოგაქირავებას, საკონცერტო დარბაზებს - დაუგზავნა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანაში “მშრალი კანონის” შემოღებას გულისხმობდა.

ანტიალკოჰოლური კამპანია მიხეილ გორბაჩოვის პირველი ინიციატივა იყო მას შემდეგ, რაც, 1985 წლის მარტში, იგი კომპარტიის ცეკას პირველ მდივნად აირჩიეს. გორბაჩოვის ყოფილმა თანამებრძოლებმა მაშინვე გაიხსენეს, რომ
სტავროპოლში მუშაობისას, სუფრაზე, გორბაჩოვი მხოლოდ მინერალურ წყალს მიირთმევდა, მაგრამ ადგილობრივ ჩინოვნიკებს “დემოკრატიულად” მიმართავდა ხოლმე: ჩემი ნუ მოგერიდებათ, დაისხით არაყიო. თუმცა მოგვიანებით, როცა “ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ” უარყოფითად იმოქმედა ახალგაზრდა ცეკას მდივნის რეიტინგზე, “პერესტროიკით” შთაგონებულმა ინტელიგენციამ ყველაფერი ანდროპოვსა და ჩერნენკოს გადააბრალა. კინორეჟისორმა ელდარ რიაზანოვმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ ჩერნენკოს ეპოქაში, 1985 წლის იანვარში, სვერდლოვსკში თავისი ფილმების ნაწყვეტებს უჩვენებდა. როცა ეკრანზე არაყი და სუფრა გამოჩნდა, მასპინძელს, სვერდლოვსკის კომპარტიის ჩინოვნიკს, უთქვამს, ამას მალე ვეღარ დაინახავთ - მზადდება სერიოზული დადგენილება ლოთობის წინააღმდეგო.

ელდარ რიაზანოვი ანტიალკოჰოლური კამპანიის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა. 1986 წლის 31 დეკემბერს ცენტრალურმა ტელევიზიამ ტრადიციას უღალატა და არ აჩვენა რიაზონოვის საახალწლო ჰიტი – “ბედის ირონია, ანუ გაამოთ”... იმხანად უამრავი საბჭოთა ფილმიდან ამოჭრეს კადრები, რომელშიც არაყი, ღვინო და თუნდაც ლუდი ჩანდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს ფილმებს, სპექტაკლებს, რომანებს, ფერწერულ ტილოებს, რომელშიც ალკოჰოლი მხატვრული სახე იყო, რომელშიც მთელი დრამატურგია სპირტიან სასმელზე იყო აგებული. ეს ნაწარმოებები, უბრალოდ, აკრძალეს. ალკოჰოლის თემამ კი ალტერნატიულ კულტურაში გადაინაცვლა - ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გაჩნდნენ ახალი დისიდენტები, რომლებიც, ხელისუფლების ჯიბრზე, არაყს უმღეროდნენ.

[მუსიკა. რუსული “ალკოჰოლური სიმღერა”]

დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ გამოიცა ახალი ბრძანებულება, რომლითაც სპირტიანი სასმელის გაყიდვის შეზღუდვა დაიწყო. თითო მყიდველზე ერთი ბოთლი არაყი უნდა გაცემულიყო. ქორწილისთვის, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, ათ ბოთლს ყიდდნენ, თუმცა სულ მალე ბარათები შემოიღეს არაყზე და “ალკოჰოლით ქორწილი” აიკრძალა. “უალკოჰოლო ქორწილებში” კუსტარული წესებით გამოხდილ არაყს ჩაიდნებში ან ლომონათის ბოთლებში ასხამდნენ. ხალხი მაღაზიის გახსნამდე 5-6 საათით ადრე იკავებდა რიგს. დღის 2 საათის შემდეგ მაღაზიებს ალკოჰოლის გაყიდვა ეკრძალებოდათ.

გორბაჩოვთან შეხვედრისას მშრომელებმა ერთხელ დაიჩივლეს, დიდ დროს ვკარგავთ არყის რიგშიო. გორბაჩოვმა უპასუხა, თქვენც ნუღარ დადგებით რიგშიო... ვისაც ფული ჰქონდა ან, უბრალოდ, ვერ ძლებდა უარყოდ, შეეძლო, მართლაც, არ დამდგარიყო რიგში და 5 მანეთიანი არაყი 10, 15 მანეთად შეეძინა ტაქსის მძღოლებთან.

ანტიალკოჰოლური კამპანიის დაწყებისთანავე მიხეილ გორბაჩოვს “მინერალური მდივანი” უწოდეს. უკმაყოფილო ხალხი ამტკიცებდა, რომ რუსეთი არაყმა გადაარჩინა, სწორედ არაყმა მოაგებინა მეორე მსოფლიო ომი...არაყი ლამის ეროვნული ხასიათის სიმბოლოდ მონათლეს. გორბაჩოვის ახალი ინიციატივის მიმართ უკმაყოფილებას განსაკუთრებით ჩრდილოეთის რეგიონებში გამოხატავდნენ – ხალხი ამბობდა, რომ სიცივეში მუშაობა შეუძლებელია არყის გარეშე, რადგან “ფხიზელ მშრომელებს” ამ დროს ხელები ეყინებათ.

მაგრამ ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ საბჭოთა კავშირის იმ რეგიონებშიც გამოიწვია უკმაყოფილება, სადაც მოსახლეობა არაყს თითქმის არ მოიხმარდა.

სომხეთში სტუმრობისას ცეკას მთავარმა იდეოლოგმა ლიგაჩოვმა განაცხადა, პარტიის მიზანი ის კი არ არის, რომ ხალხმა კულტურულად დაიწყოს სმა, ჩვენ გვსურს ხალხმა საერთოდ დაანებოს სმას თავიო... ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლიგაჩოვმა ეს განცხადება ერევნის კონიაკის ქარხანაში გააკეთა. სამხრეთის რეგიონებში ვაზის მასობრივი გაჩეხა დაიწყო. მოგვიანებით, ფრანგ ჟურნალისტთან საუბარში, მერაბ მამარდაშვილი გაიხსენებს, როგორ აპატიმრებდნენ მოსკოვში რესტორნიდან გამოსულ ქართველებს, რომელთაც მხოლოდ ღვინო ჰქონდათ დალეული. ჩვენთან საუბარში ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ღვინის კულტურა იცავდა ყოველთვის ქართველებს ალკოჰოლზე მიჯაჭვულობისგან და რომ ალკოჰოლიზმის პრობლემა ვერ გადაწყდება, თუკი ადამიანს არა აქვს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება:

[ჯანა ჯავახიშვილის ხმა] “ქართველებს ტრადიცია ისეთი გვაქვს, რომ ღვინო ყოველთვის გვიცავდა გალოთებისგან, იმიტომ რომ სუფრა მიმდინარეობს, ვამბობთ სადღეგრძელოებს, სიმღერას ვიტყვით, საჭმელს მივირთმევთ... ღვინო, ვაზი – ღვინის ქვეყანა ვართ და - ქართული თვითცნობიერების ნაწილია, არა?...”

ქართული “თვითცნობიერების ეს ნაწილი” გორბაჩოვის ხელისუფლების დადგენილებამ უხეშად “ამოგლიჯა”... ეკრანებიდან მოხსნეს ისეთი პოპულარული ქართული ფილმები, როგორიცაა “არ იდარდო”, “გიორგობისთვე”, “ქალაქი ანარა”... გაიმართა საჩვენებელი “უალკოჰოლო ქორწილები”, რომელიც ქართულ კულტურულ სივრცეში ანომალიად აღიქმებოდა.

გორბაჩოვის “ანტიალკოჰოლური რეფორმის” მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ გორბაჩოვმა ბოლო მოუღო საუკუნოვან ტრადიციას - ადამიანების გამიზნულ “გალოთებას”, რომელიც ხელისუფლებას თავისივე ხალხის მართვას გაუადვილებდა.

მაგრამ 1985-86 წლების ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ეს არგუმენტი გორბაჩოვის გასამართლებლად არ გამოდგებოდა.

“ლოთი – კომუნიზმის მთავარი მშენებელია, რადგან მთელ თავის ხელფასს არაყში მოიხმარს”... ეს ცნობილი რუსული გამოთქმა ისევ გაახსენდა ხალხს. ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ ქვეყნის ბიუჯეტს 70 მილიარდი მანეთი დააკლო, არყის კუსტარული წესით გამოხდის გამო, საბჭოთა კავშირში შაქრის კატასტროფული დეფიციტი შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ კომპარტიამ ამ დადგენილებით თავად გაითხარა საფლავი... ან, გორბაჩოვის გამოთქმა რომ გავიხსენოთ, “პროცესი დაიწყო”.

გაგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მეორემ 1914 წელს შემოიღო “მშრალი კანონი”, რომლის შედეგი ყველამ იცის: სამი წლის შემდეგ რუსეთში რევოლუცია მოხდა.

“ანტიალკოჰოლური კამპანიის” დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაინგრა საბჭოთა კავშირიც... რუსეთში ახალი, უფრო ხარისხიანი არყის - “გორბაჩოვის” -გამოშვება დაიწყეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG