Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვიმედოვნებ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოსა და რუსეთის დღევანდელი ურთიერთობის ყველაზე პრობლემურ საკითხთან - რუსეთი სამხედრო ბაზების გაყვანასა და ამ პროცესის ვადებთან - დაკავშირებით რუსეთის

პრესაში განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. თუმცა, როგორც ჩანს, მხარეები შეძლებენ ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღწევას.

დღეს რამდენიმე წერილის შინაარსს შევეხებით.

17 მაისის ”გაზეტა” წერს, რომ ”...ზოგიერთი მონაცემით, რუსეთმა მაინც გადაწყვიტა საქართველოსთან დათმობებზე წასვლა.”

გაზეთის თქმით: ”ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დასთანხმდა საქართველოს, თავისი ბაზები 2008 წლის დადგომამდე, ანუ 2,5 წლის განმავლობაში, გაიყვანოს, რის შესახებაც გაცხადდა რომელიღაც ”საიდუმლო დოკუმენტში”, რომელიც საქართველოს პარლამენტის სახელზეა გაგზავნილი.”

”რამდენადაც მესმის, რუსეთი მიდის ამ ვადაზე და საქართველო თანახმა იქნება, რომ ის საფუძვლად დაუდოს მომავალ შეთანხმებას”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა უსტარის კომენტირებისას.

17 მაისის ”ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით კი, ”საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციით, თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე არცთუ მარტივი ოთხდღიანი კონსულტაციების შემდეგ, რუსეთის მხარე, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა საქართველოდან თავისი ბაზები სამ-ნახევარი წლის განმავლობაში გაიყვანოს. ”

”ჯერჯერობით ერთი რამ ნათელია: საქართველოს მხარემ შეცვალა მრისხანე რიტორიკა და დაიწყო საუბარი არა რუსეთის ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებაზე, არამედ ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების ძიების შესაძლებლობაზე.”

ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილემ ვლადიმერ ყუფარაძემ გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეის” განუცხადა, რომ ”სამ-ნახევარი წელი მინიმალური ვადაა ტექნიკის გასატანად და პირადი შემადგენლობის გასაყვანად.” გაზეთის თქმით, ”დაგეგმილია, რომ თავდაპირველად დახურონ ახალქალაქის ბაზა და მისი ქონება ზღვისკენ, დიდ სადესანტო ხომალდებზე გაიტანონ, შემდეგ კი ბათუმის ბაზის ჯერი დადგება.”

გაზეთი აგრეთვე წერს: ”გუშინ მოსკოვში მყოფმა აფხაზთა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა რუსეთის სამხედროები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაპატიჟა.

”ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები განვალაგოთ, თუ რუსეთს ექნება ასეთი სურვილი,”- თქვა მან.

ჯერ კიდევ მარტში ბატონმა ბაღაფშმა რუსეთის სამხედროებს შესთავაზა, დაბრუნებულიყვნენ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე, რომელიც 2001 წელს დაიხურა.”

13 მაისის გაზეთ ”ტრუდის” ცნობით, ”მხარეები თავიანთი ექსპერტების საოცრად განსხვავებულ მონაცემებს ეფუძნებიან.”

გაზეთის თქმით, ”ქართველი სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთში ტექნიკისა და იარაღის გადასატანად და ადამიანების გადასაყვანად საკმარისია ხუთი საზღვაო ბადრაგი, 5 დიდი სადესანტო ხომალდის შემადგენლობით, აგრეთვე 140 ღია სარკინიგზო პლატფორმა და 8 სამგზავრო ვაგონი.
მოსკოვის პასუხი კი ასეთია: აუცილებელია 29 საზღვაო ბადრაგი და ათას-ნახევარი ღია პლატფორმა.”

17 მაისის გაზეთ ”იზვესტიას” ფურცლებზე რუსეთის საგარეო უწყების მეთაური სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს სთავაზობდა პრეზიდენტების შეხვედრის გამართვას.

მან თქვა: ”ჩვენ გვეგონა, რომ ეს დააჩქარებდა მოლაპარაკების პროცესს. მაგრამ ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ ჯერ შეთანხმებაა საჭირო, რასაც პრეზიდენტების ”კურთხევა” მოჰყვება. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ.”
XS
SM
MD
LG