Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა და გენერალური პროკურორის პასუხებს ელის


საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომაზე მთავრობის რამდენიმე წევრის მიწვევის მოთხოვნას რეგლამენტით დადგენილი ოფიციალური სახე მისცა.

შეკითხვების ადრესატები გენერალური პროკურორი და შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები არიან. მათი პასუხების მოსმენის აუცილებლობას ოპოზიცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებისა და პოლიციასა და არმიაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაგროვილი შეკითხვებით ასაბუთებს.
რამდენიმე თვის წინანდელი შეკითხვების პასუხებს პარლამენტი მომავალ კვირას მოისმენს.



ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გარემოებათა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა ოპოზიციამ პრემიერის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში მოითხოვა. ინიციატორი იყო ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიცია,” რომელიც კომისიის ფორმირების აუცილებლობას საზოგადოებაში არსებული ეჭვით ხსნიდა. იმავე პერიოდში ,,მემარჯვენეებისგან” პარლამენტში პირველად გაისმა სიტყვა მკვლელობა, რამაც უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია გამოაქვეყნა, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა დასკვნასთან დაკავშირებით ეჭვი გამოხატეს და ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გადაღებული ფილმი ,,ტყვიის გარეშე” უჩვენა, საპარლამენტო ოპოზიციამ კვლავ მოითხოვა სიტუაციის გარკვევა:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ,,საზოგადოებაში ამხელა აჟიოტაჟი, ამდენი კითხვის ნიშანი არსებობს და ელემენტარული დუმილი არის ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოება იმის ღირსადაც კი არავინ ჩათვალა, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ აუცილებლად ობიექტურად გამოიძიებენ რამეს. მე ვფიქრობ, უხერხულია ასეთ დუმილის მდგომარეობაში ყოფნა ხელისუფლების მხრიდან.” (სტილი დაცულია)

გასულ კვირას ,,მემარჯვენე ოპოზიციის” წევრ ფიქრია ჩიხრაძის ამ განცხადებას საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა არსებული ინტერესი არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ საზოგადოების დაკვეთის გამოხატულებად შეაფასა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,მე მაინტერესებს ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, 6 წლის განმავლობაში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის და დაღუპვის დროს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების რეალური საფუძველი რა იყო. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა.” (სტილი დაცულია)

კონსერვატორმა კობა დავითაშვილმა ოპოზიციის კონკრეტულ შეკითხვებს რეგლამენტით დადგენილი ოფიციალური ფორმა მისცა. დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის პასუხების მოსმენას უახლოეს სამთავრობო საათზე მოითხოვენ. კობა დავითაშვილი განმარტავს, რომ ოპოზიციის დაინტერესება გამოძიების პროცესში ჩარევას არ ნიშნავს:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,ჩვენ ვსაუბრობთ იმ დოკუმენტზე, რომელიც იყო საჯარო. გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ისა ატარებდა გარკვეულ ექსპერტიზებს და ამის თაობაზე დაწერეს მათ დასკვნა. ეს დოკუმენტი არის საჯარო, მიაწოდეს ოჯახსაც და, ბუნებრივია, ოჯახმა ძალიან დეტალურად ჩაიხედა და აღმოაჩინა ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები ინგლისურსა და ქართულ ტექსტებს შორის. ბუნებრივია, ჩნდება სხვა მნიშვნელოვანი კითხვებიც. რატომ არ იქნა სერიოზულად განხილული მკვლელობის ვერსია? რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაცვის წევრების მიმართ, რომელთაც, როგორც მინიმუმ, ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა?”

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებულ ამ და სხვა შეკითხვებს მერაბიშვილმა და ადეიშვილმა მომავალ ხუთშაბათს უნდა უპასუხონ, თუკი, რა თქმა უნდა, ისინი სხდომაში მონაწილეობაზე დათანხმდებიან. მათთან ერთად საპარლამენტო საათზე მიწვეულია თავდაცვის მინისტრიც, რომელმაც, ოპოზიციის მოთხოვნით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პასუხები უნდა გასცეს არმიასა და პოლიციაში ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრთა ოფიციალურ შეკითხვებს მინისტრები სამთავრობო საათზე პასუხობენ, კონსტიტუციის დარღვევა კი იმპიჩმენტის საფუძველია. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მინისტრების მხრიდან იგნორირების ტენდენციის გაგრძელებას არ გამორიცხავს, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო ხელისუფლება ჩვენში რატომღაც არ ისჯება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG