Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის რწმუნებულთა ფონდების გაუქმება გადაწყვიტა


საქართველოს პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შესულ საკანონმდებლო ინიციატივათა შორისაა კანონპროექტი პრეზიდენტის რწმუნებულთა

ფონდების გაუქმების შესახებ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ კანონის ძალით შექმნილ გუბერნატორთა ფონდების საქმიანობას ბევრი მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი გამოუჩნდა. ისევე როგორც პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტი, მისი ფონდიც, გარკვეულწილად, წინააღმდეგობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. მინდა უფრო კონკრეტულად გესაუბროთ ამ წინააღმდეგობების შესახებ და იმის თაობაზეც, თუ რატომ გადაწყდა რწმუნებულთა ფონდების გაუქმება.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოქმედი პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ზოგან კიდევ - არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის საფუძველზე ბევრი გუბერნატორი ფონდის საქმიანობის გასაიდუმლოებას ახერხებს, რაც ხელისუფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას ქმნის.

[გოგა აფციაურის ხმა] ”მე ხელში ჩამივარდა, მაგალითად, ანგარიშის ნომერი, დაბეჭდილი პატარა ფურცელზე, რომლის ბოლოში წერია”ქველმოქმედებისთვის” და ურიგებენ მაღაზიების მეპატრონეებს, მსხვილი და წვრილი სავაჭრო ობიექტების მფლობელებს და ეუბნებიან, თუ გინდა პრობლემები არ შეგექმნას, გარკვეული თანხა უნდა შეიტანო ამ ანგარიშზეო.” (სტილი დაცულია)

ეს არის ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური. შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის საქმიანობით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა 60 წუთის ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ, მაგრამ ინფორმაციის მოთხოვნაზე უარი მიიღეს, რადგან ფონდი საჯარო სამართლის სუბიექტი არ არის. ახლა საქმე სასამართლოშია.

იმ რწმუნებულთა ფონდების საქმიანობაც რომ სერიოზულ ეჭვებს ბადებს, რომლებიც ინფორმაციის გაცემაზე უარს არ ამბობენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძის განცხადებიდანაც ჩანს:

[ანა დოლიძის ხმა] ”როდესაც ჩვენ, მაგალითად, კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდიდან მოვითხოვეთ ინფორმაცია, იქ დავინახეთ, რომ ძალიან ბევრ კერძო პირს აქვს გარკვეული შენატანი და შემოწირულობა განხორციელებული რწმუნებულის ფონდში. საკითხავია, ეს, მართლაც, ფილანტროპიაა, თუ მის უკან ის დგას, რასაც ეძახიან სახელმწიფო რეკეტს.”(სტილი დაცულია)

ამ კითხვებზე პასუხის მიღების მექანიზმი არც იმ კანონპროექტშია ჩადებული, რომელიც მთავრობამ პარლამენტში შეიტანა და რომელიც პრეზიდენტის რწმუნებულთა ფონდების გაუქმებას ითვალისწინებს. ახალგაზრდა იურისტთა ლიდერი ანა დოლიძე ფონდების გაუქმების ინიციატივას მიესალმება, თუმცა კი კანონპროექტის მიმართ შენიშვნებს მაინც გამოთქვამს. მისი განცხადებით, კანონპროექტში არაა გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ფონდის ქონების ლიკვიდაცია:

[ანა დოლიძის ხმა] ”თუ ეს არ მოხდება, რეალურად გამოვა ის, რომ არსებობდა წარმონაქმნი. მან ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ, ალბათ, რაღაცეები დააშავა კიდეც. მაგრამ ამის ნათელყოფა არ მოხდება და ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება.” (სტილი დაცულია)

ძნელი სათქმელია, ამას კანონპროექტის ავტორები განგებ მოერიდნენ, თუ უნებლიე შეცდომა დაუშვეს. ის კი ცხადია, რომ ფონდების ლიკვიდაციის სამართლებრივი პროცესის დაწყება თითქმის ყველა გუბერნატორს შეუქმნიდა იურიდიულ პრობლემებს თუნდაც ფონდის დაფინანსების იმ ერთი წყაროს გამო, რომელზეც პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში ზურაბ მელიქიშვილი საუბრობს:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] ”ჩემთან რეგიონში ძირითადი შემავსებელი წყარო, ეს არის რაიონული ბიუჯეტები, რომელთა არაუმეტეს 1 პროცენტისა ირიცხება წლის განმავლობაში.”

პრეზიდენტის რწმუნებულთა ფონდების ასეთი, წინააღმდეგობებით აღსავსე, კანონის გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტი უახლოეს ხანებში იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG