Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი საქართველოსგან, ვალის სანაცვლოდ, კვლავ უძრავ ქონებას მოითხოვს


ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს ვალის საკითხი. როგორც ცნობილია, საქართველოს საგარეო ვალი დაახლოებით 2 მილიარდ აშშ

დოლარს შეადგენს. აქედან 17 მილიონი დოლარი მეზობელი აზერბაიჯანის მიმართ დაგროვილი დავალიანებაა. ბაქომ რამდენჯერმე გადადგა მეგობრული ნაბიჯი და ვალის რესტრუქტურიზაცია - გადავადება - მოახდინა. მაგრამ დღეისათვის ვალის დაბრუნების ყველანაირი ვადა ამოიწურა და აზერბაიჯანის მთავრობამ ქართულ მხარეს ვალის გასტუმრების საკუთარი ვარიანტი შესთავაზა. რაში მდგომარეობს ვალის გასტუმრების აზერბაიჯანული ვარიანტის არსი და რამდენად მისაღებია იგი საქართველოსთვის?.

აზერბაიჯანის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი თავის მოადგილე სოსო სხირტლაძესთან ერთად. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები აზერბაიჯანის მთავრობასთან ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხებზე მოლაპარაკებას ცდილობენ.

ქართული დელეგაციის ბაქოში ჩასვლის წინ, 22 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჰმუდ მამედკულიევმა სააგენტო “ტრენდს” კიდევ ერთხელ განუცხადა ის, რაც აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს ადრეც ბევრჯერ უთქვამთ. კერძოდ, ბაქო თანახმაა საქართველოსგან, ვალის სანაცვლოდ, უძრავი ქონება მიიღოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა კი ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებათა მთავარ საგანს ვალის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება წარმოადგენდა, რასაც უკვე მივაღწიეთ და 24 ივნისამდე დოკუმენტის პარაფირებასაც მოვასწრებთო.

[ვალერი ჩეჩელაშვილის ხმა] ”ჩვენი შეთანხმება შემდეგში მდგომარეობს. ჩვენ გვაქვს ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვალის გადახდის პერიოდი იქნება გაწერილი 2025 წლამდე, რაც არის დაფუძნებული პარიზის კლუბის პრინციპებზე, შესაბამისი გრაფიკით. ეს არის ერთი ნაწილი ჩვენი შეთანხმების. მეორე ნაწილი არის ის, რომ ამ ვალის სწრაფი დაფარვის მიზნით მხარეები წარმოადგენენ შესაბამის წინადადებებს და ამ წინადადებებს ჩვენ განვიხილავთ დამატებით.”(სტილი დაცულია)

ვალერი ჩეჩელაშვილს არ დაუმალავს, რომ აზერბაიჯანული მხარე, ვალის სანაცვლოდ, საქართველოს უძრავი ქონების შესყიდვით ან გრძელვადიანი იჯარითაა დაინტერესებული, ოფიციალური თბილისი კი ბაქოს თურქმენეთის ვალის გასტუმრების მსგავს სქემას სთავაზობს:

[ვალერი ჩეჩელაშვილის ხმა] ”თურქმენეთის ვალს ჩვენ ვფარავთ ჩვენი საექსპორტო პროდუქციის მიწოდებით, - ჩვენი მხრიდან ასეთი შეთავაზება იყო. ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება რუსთავცემენტის აქციონირებაში მონაწილეობაზე...”(სტილი დაცულია)

ვალერი ჩეჩელაშვილის ეს წინადადება დიდად არ ხიბლავს მის აზერბაიჯანელ კოლეგას ავაზ ალეკბეროვს:

[ავაზ ალეკბეროვის ხმა] ”რაც შეეხება ვალის დაფარვას ქართული პროდუქციით, მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, ამას მხარს არ ვუჭერ. ლაპარაკია შაქარსა და სხვა პროდუქტებზე.”

ავაზ ალეკბეროვის ქართველი კოლეგის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით კი, მისი ბაქოში ვიზიტის მთავარი თემა ვალის გასტუმრების სქემაზე მოლაპარაკებების წარმოება არ ყოფილა. ამიტომ მხარეებმა ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე შეთანხმებისას წამოყენებული წინადადებები ინფორმაციად მიიღეს და მათი განხილვა შემდგომისთვის დაგეგმეს.
XS
SM
MD
LG