Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩელაშვილი მემკვიდრეს ”გაწმენდილ” საგადასახადოს და გადაჭარბებით შესრულებულ ბიუჯეტს უტოვებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საგადასახადო დეპარტამენტში განხორციელებულ ხმაურიან დაკავებებს ფინანსთა მინისტრის პოსტი შეეწირა. ვალერიან ჩეჩელაშვილის

საფინანსო უწყებაში მოღვაწეობა საკმაოდ უღიმღამოდ დასრულდა. ”დიპლომატმა ფინანსისტმა” მინისტრის პორტფელი ზურაბ ნოღაიდელის ”გაპრემიერების” შემდეგ სულ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. ჩეჩელაშვილის ”დიპლომატიური” მიდგომები მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტებისათვის, როგორც ჩანს, ნაკლებად ეფექტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მინისტრობის რამდენიმეთვიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების ბოლო წელს დამკვიდრებული ტენდენცია შენარჩუნდა, ფისკალურ სტრუქტურებში არსებულმა კორუფციამ, პრეზიდენტთან 20 წლიანი მეგობრობის მიუხედავად, მისი პორტფელი შეიწირა. თავად ჩეჩელაშვილი ქვეყნის პირველი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება და სამართლიანს უწოდებს, რადგან მას დიპლომატიასთან ერთად თავისი ქვეშევრდომების მიმართ სიმკაცრეც უნდა გამოეჩინა. ამასთან, აწ უკვე ექს-ფინანსთა მინისტრი იმ მემკვიდრეობასაც აძლევს შეფასებას, რომელსაც თავის შემცვლელს, ლექსო ალექსიშვილს, უტოვებს და ფიქრობს, რომ, პრობლემების მიუხედავად, გადაჭარბებით შესრულებული ბიუჯეტი მის ახალგაზრდა კოლეგას კარგ სასტარტო პირობებს შეუქმნის. ვალერიან ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ საგადასახადო დეპარტამენტის მიერ ამ თვის გეგმის ჩავარდნის მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტში, საბაჟოს ხარჯზე, 4-5 მილიონი ლარით მეტი შევა:
[ვალერი ჩეჩელაშვილის ხმა] “უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, საგადასახადო დეპარტამენტი გეგმას ვერ შეასრულებს დაახლოებით 4, 5 მლნ. ლარის ოდენობით. სამაგიეროდ, დაახლოებით 10-11 მლნ-ით გადააჭარბებს გეგმას საბაჟო დეპარტამენტი. შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლებში გადაჭარბება იქნება დაახლოებით 5-6 მლნ. ლარი.”
ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების ტრადიცია დღევანდელი ხელისუფლების მიღწევად ითვლება. ის, რომ, გასულ წლებთან შედარებით, ქვეყნის მთავარი ეკონომიკური კანონის შესრულების ტენდენცია ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ შემოსავლების გეგმის გადაჭარბება არ არის ქვეყნისათვის მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანია ისიც, თუ რის ხარჯზე ხდება ეს პროცესი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რაში და რამდენად ეფექტურად იხარჯება ზედმეტი შემოსავალი. ეკონომიკური ექსპერტი გიორგი ჯანდიერი ბიუჯეტის შემოსავლების გადაჭარბების მიზეზებსა და მის ეფექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას.
[გიორგი ჯანდიერის ხმა] “კარგი იქნებოდა, რომ შემოსავლების ზრდას ბიუჯეტში ემთხვეოდეს მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა, ხარჯების გამჭვირვალობის ზრდა და ა.შ. ამის გარეშე იმის წარმოდგენა, რომ ეს კარგია, არასწორი ტენდენციაა და კიდევ ერთი მომენტია, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს ნათელი ხედვა და დაგვანახვოს ეს, რომ ფული, რომელიც მან მეტი მოიზიდა წელს ბიუჯეტში დ, მათ შორის, საბაჟო სისტემით, უფრო ცუდი ადგილიდან უფრო კარგ ადგილას ჩაიდოს. თუ ასეთი ხედვა არ არსებობს, ალბათ, წარმოუდგენელია ამას რაიმე კარგი დაარქვა, ასეთ წარმატებულ “ფულის მოგდებას”. (სტილი დაცულია)
დღეს საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრი ჰყავს. ლექსო ალექსიშვილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრად რამდენიმეთვიანი “მივლინების” შემდეგ ისევ საფინანსო უწყებაში, ოღონდ ამჯერად პირველი პირის რანგში, ბრუნდება. იგი მომავალი საქმიანობის პრიორიტეტად ისევ საგადასახადო და საბაჟო სფეროს ასახელებს, თუმცა მიაჩნია, რომ ფისკალური სტრუქტურები მეტისმეტად მგრძნობიარე სფეროა ბიზნეს გარემოს მიმართ და ამ ფაქტორს ის დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს:
[ლექსო ალექსიშვილის ხმა] “სწორედ საგადასახადო, საბაჟო სფერო, ანუ სფეროები, საიდანაც უმთავრესი შემოსავლები შემოდის ბიუჯეტში, და, ამავე დროს სფერო, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა ბიზნეს გარემოსათვის, ანუ ეს სფერო არ გულისხმობს მხოლოდ შემოსავლების მიღებას, თუმცა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, მაგრამ ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ ისე უნდა მოვაწყოთ ეს რგოლი, რომ ბიზნეს გარემოს შევუქმნათ ყველა საუკეთესო პირობა იმისათვის, რომ მათ გამართულად, კარგ გარემო პირობებში შეძლონ მუშაობა.”(სტილი დაცულია)
ახალი ფინანსთა მინისტრის პირველი შეფასებები და თუნდაც ფისკალური ორგანოების მიმართ დამოკიდებულება ექსპერტებს დამაიმედებლად ეჩვენათ, რადგან აქამდე თითქმის ყველა მისი წინამორბედი საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს მხოლოდ ბიუჯეტის შევსების ინსტრუმენტად იყენებდა და, ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის ნაცვლად, მხოლოდ ვიწრო უწყებრივი ინტერესით ახდენდა ოპერირებას. თუმცა იმისათვის, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, მხოლოდ განცხადებები და მხოლოდ ერთი ჩინოვნიკის სურვილი ნამდვილად არ იქნება საკმარისი.
XS
SM
MD
LG