Accessibility links

logo-print

გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტთან საკმაოდ აქტიური


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტთან საკმაოდ აქტიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს. გაზეთის ცნობით,

2004-2005 წლებში ყველაზე მეტჯერ - 13-ჯერ - ვლადიმირ პუტინმა გერჰარდ შრიოდერს დაურეკა, 12-ჯერ კი იგი ჯორჯ ბუშსა და მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა, - წერს გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი.“
გასული კვირის რუსეთის პრესა განსაკუთრებით იმ პუბლიკაციებითაა საყურადღებო, რომლებიც „საერთაშორისო არენაზე“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება.

4 ივლისის გაზეთი „ნოვიე იზვესტია“ აღწერს მოვლენებს, განვითარებულს ვაშინგტონში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-14 სხდომაზე, რომელიც, გაზეთის ცნობით, საკმაოდ ემოციურად წარიმართა: ერთი მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ერთობ მკაცრი განცხადებები გააკეთა ბელორუსიისა და უზბეკეთის მისამართით, მეორე მხრივ კი, რუსეთი და საქართველო წაკინკლავდნენ უღიარებელი რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. გაზეთი წერს:

სესიის პირველივე დღეს რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები წაკინკლავდნენ. თბილისმა ეუთოს მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს რუსეთს, რომელიც აუცილებელ ძალისხმევას არ იჩენს აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამ ბრალდებაზე რუსეთის მხარემ, სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის ლიუბოვ სლისკას სახით, საქართველოს ხელისუფლება ამბიციების მომატებაში დაადანაშაულა: ორ-ნახევარმილიონიანი საქართველო, რაღაც გუბერნიას რომ წააგავს, მოითხოვს, როგორც სერიოზულ სახელმწიფოს, ისე ველაპარაკოთო. ასეთი არაკორექტული განცხადებით შეუარაცხყოფილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ქალბატონ სლისკას შეახსენა, რომ „ადრე მას უფრო დემოკრატიული შეხედულებები ჰქონდა და ქვეყნებს დიდ და პატარა სახელმწიფოებად არ ყოფდა.“
ასე გაიხსნა უღიარებელი რესპუბლიკების თემა, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე წამყვანი იქნება. სესიის დასრულებისთვის დაგეგმილია მიიღონ შემაჯამებელი დეკლარაცია, რომელსაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. კერძოდ, დეკლარაციაში დიდი ყურადღება დაეთმობა მთიანი ყარაბახის საკითხში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, შვედი პარლამენტარის გორან ლენმარკერის, მოხსენებას. სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერის ვან ოვანისიანის განცხადებით, ეს მოხსენება რადიკალურად განსხვავდება ამავე თემაზე მომზადებული სხვა დოკუმენტებისგან, რადგან კონფლიქტი ტრადიციული სქემიდან - სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან - სხვა სიბრტყეში გადადის და ჩნდება მესამე მხარე, მთიანი ყარაბახის სახით. კონფლიქტის მოსაგვარებლად ლენმარკერი მთიანი ყარაბახის სომხეთთან მიერთების წინადადებით გამოდის, რაც, ბუნებრივია, აზერბაიჯანის უკმაყოფილებას გამოიწვევს.


მოსკოვის 223-ე სკოლაში შექმნილ მდგომარეობას ეხება ინტერნეტგამოცემა „გაზეტა“, რომლის ცნობითაც, სკოლის დირექტორმა დალი მაქაცარიამ რამდენიმე წელიწადში ეს არაფრით გამორჩეული სკოლა სანიმუშო გახადა, მაგრამ ახლა დიდი შანსია, მაქაცარია, „რუსების დისკრიმინაციის“ საბაბით, სკოლიდან გადაიყვანონ, ის საგნები კი, რომელსაც „ეთნოკულტურული კომპონენტის“ დატვირთვა ჰქონდა, პროგრამიდან ამოიღონ. „გაზეტას“ აზრით, რუსმა პატრიოტებმა სტანდარტული ქსენოფობიის მაგალითი უჩვენეს, როცა სკოლასთან გამართულ აქციებზე, სკოლის დახურვის გარდა, მოსკოვიდან არარუსების გასახლებას მოითხოვდნენ. გაზეტა წერს:


მოსკოვის მულტიეთნიკურობა - ეს რეალობაა, თანაც - არა კოშმარული. 223-ე სკოლის ქართველი ნაციონალისტების მოსათოკად სულაც არ არის აუცილებელი ყველა ქართველის 101 კილომეტრზე გასახლების მოთხოვნა ან ნაციონალური კლასების შექმნაზე კვოტირების შემოღება. მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში ამ პრობლემას გლობალური განზოგადების გარეშე აგვარებენ - მოლაპარაკებებით. ხანდახან - ჩხუბის შემდეგ. თუმცა, ძირითადად, ჩხუბის გარეშე.
XS
SM
MD
LG