Accessibility links

ლონდონი, რომელიც “ოლიმპიურ” სიხარულს მოეცვა, ტერაქტების მთელმა სერიამ შეარყია


დღეს დილას ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო გავრცელება ცნობებმა ლონდონში აფეთქებების შესახებ.

და ეს მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ დიდი ბრიტანეთისაკენ არის მიპყრობილი, იქ “დიდი რვიანის” სამიტთან დაკავშირებით. მართალია, სამიტი ლონდონიდან შორს, შოტლანდიაში მიმდინარეობს, მაგრამ აფეთქებები მას, სხვა თუ არაფერი, ტრაგიკულ ფონს უქმნის და, როგორც ჩანს, ტრაგიკულ ფონზე უფრო მეტია. თვით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქმე ეხება ტერორისტულ თავდასხმებს, მიმართულს "დიდი რვიანის" სამიტის წინააღმდეგ. [ტონი ბლერის ხმა]

როგორ გამოეხმაურნენ აფეთქებებს სამიტის სხვა მონაწილეები, ამაზე ცოტა მოგვიანებით, ჯერ შევაჯამებთ, რა ხდებოდა დღეს ლონდონში.

აფეთქებები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა: მეტროსა და ავტობუსებში. ჩვენ საშუალება გვაქვს, მოგასმენინოთ ერთ-ერთი თვითმხილველის, მეტროს მგზავრის მონახთრობი: [თვითმხილველის ხმა] “ჩვენი მატარებელი (“კინგს კროსის”) სადგურს რომ გასცდა - ასე, 100-მდე მეტრი გვექნებოდა გავლილი - აფეთქების ხმა გაისმა, შუქი ჩაქრა, მატარებელი გაჩერდა. ჩაირთო საავარიო შუქი, ატყდა ერთი წივილ-კივილი და საიდანღაც ბოლი და ფერფლი შემოვიდა, ყველაფერი დაფარა, ტანსაცმელი, ხელები. წარმოდგენა არ გვქონდა, რა ხდებოდა”.

მართლაც, რა ხდებოდა ლონდონში? უშიშროების უწყებები ჯერ უარს ამბობდნენ შეფასებაზე, შეიძლებოდა თუ არა აფეთქებების ტერაქტებად მიჩნევა. მაგრამ აფეთქებები იმთავითვე კოორდინირებული, დაგეგმილი ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მოგვიანებით კი, როგორც უკვე ითქვა, პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ საქმე ეხება ტერაქტებს. შემდეგ კი ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებს “ევროპაში ალ-ყაიდის საიდუმლო ორგანიზაციას”, იკისრა აფეთქებების მოწყობის პასუხისმგებლობა. ეს ცნობა, რომელიც ვებსაიტზე გამოქვეყნდა, დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.

დანამდვილებით კი ამჟამად იმის თქმა შეიძლება, რომ ლონდონში მოხდა აფეთქებების მთელი სერია, რომ არის მსხვერპლი - ამჟამინდელი ინფორმაციით, რომელიც ლონდონის პოლიციამ პრეს-კონფერენციაზე გაავრცელა, დაღუპულია, სულ ცოტა, 33 ადამიანი, დაჭრილების რიცხვი კი 300-ს აღემატება. ოფიციალური ინფორმაციით, ვითარება რთულია, მაგრამ პოლიცია და სასწრაფო დახმარება მას უმკლავდება.

ამასობაში, ტონი ბლერმა “დიდი რვიანის” სამიტი დატოვა და ლონდონს მიშურა ვითარებაში გასარკვევად, სამიტის სხვა მონაწილეები კი - აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადის, რუსეთის ლიდერები - მუშაობას განაგრძობენ. ბლერმა, რომელიც სამიტზე საღამო ხანს ბრუნდება, დღეს აღნიშნა: [ტონი ბლერის ხმა] “დიდი რვიანის” ლიდერების სურვილია, შეხვედრა გაგრძელდეს ჩემი იქ არ ყოფნის დროსაც, რომ უნდა განვიხილოთ საკითხები, რომელთა განხილვასაც ვაპირებდით და მივაღწიოთ შედეგებს, რომელთა მიღწევასაც ვაპირებდით”.

საკითხები, შედეგები, ტონი ბლერმა რომ ახსენა, უწინარეს ყოვლისა გლობალურ დათბობას და აფრიკისთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებას ეხება. და ამ მხრივ, გეგმა არ შეცვლილა: ამ საკითხებს სამიტის მუშაობის მსვლელობაში განიხილავენ ლონდონში მომხდარი ტერაქტების მიუხედავად. სამაგიეროდ შეიცვალა სხვა გეგმა: დღევანდელი ტერაქტების გამო გადაიდო ზეიმი, რომელიც უნდა გამართულიყო 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად ლონდონის არჩევასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის ოლიმპიადას ლონდონი უმასპინძლებს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გუშინ სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე: ლონდონმა ძლიერ მეტოქეებს სძლია - პარიზს, მადრიდს, ნიუ იორკსა და მოსკოვს. ფავორიტად, პრინციპში, პარიზი ითვლებოდა, ამიტომ ბევრი გააოცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ჟაკ როგეს გამოსვლამ - მის მიერ სინგაპურში გამართული ფარული კენჭისყრის შემდეგ გამარჯვებული ქალაქის, ლონდონის გამოცხადებამ:

[როგეს ხმა და ხმაური, რომელიც გამარჯვებულ ქალაქად ლონდონის გამოცხადებას მოჰყვა]

ამ ცნობას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ როგორც სინგაპურში შეკრებილი ლონდონის გულშემატკივრები (მათი ხმა კარგად ისმოდა ამ ჩანაწერში), ისე თვით ლონდონში. რომ იტყვიან, გაბადრული სახე ჰქონდა ტონი ბლერს, რომელიც სინგაპურში იყო ჩასული და იქიდან მიესალმა, იქიდან მიულოცა ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე შეკრებილებს.

[ტონი ბლერის ხმა] “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ლონდონისთვისო”, აღნიშნა ბლერმა გუშინ, როცა ცნობილი გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად ლონდონის არჩევის შესახებ. დღეს კი ლონდონში, რასაკვირველია, სულ სხვა განწყობა სუფევს - შიში, მწუხარება - აფეთქებების მთელი სერიის შემდეგ. დასასრულს, ისიც უნდა ითქვას, როგორ გამოეხმაურნენ „დიდი რვიანის” სამიტის მონაწილეები აფეთქებებს ლონდონში. საშუალება გვაქვს, მოვისმინოთ, ამერიკის პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშის რეაქცია: [ჯორჯ ბუშის ხმა] „ტერორის წინააღმდეგ ომი გრძელდება. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აქ მყოფი ყველა ლიდერის მტკიცე პოზიციამ: მათი პოზცია ისეთივე მტკიცეა, როგორიც ჩემი - რომ უკან არ უნდა დავიხიოთ ტერორისტების წინაშე. ჩვენ მათ ვიპოვით, ჩვენ მათ მართლმსაჯულებას გადავცემთ და, იმავდროულად, გავავრცელებთ იმედისა და თანაგრძნობის იდეოლოგიას, რომელიც დაძლევს სიძულვილის იდეოლოგიას”.

ლონდონში მომხდარ აფეთქებებს უცხოეთის წარმომადგენლების მხრივ არა მარტო სიტყვიერი გამოხმაურება მოჰყვა: ტერაქტებს ბევრგან გამოეხმაურნენ უშიშროების დამატებითი ზომების მიღებით. მათს შორის ნიუ-იორკში, პარიზსა და ბერლინში შეუდგნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლის გამკაცრებას. კონტროლი გამკაცრდა პრაღაშიც, სადაც ჩვენი რადიოს შტაბ-ბინაა განთავსებული: ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფრანტიშეკ ბუბლანის განცხადებით, გაძლიერდება „რადიო თავისუფლების” დაცვაც.

XS
SM
MD
LG