Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება სამცხე-ჯავახეთში მომხდარ ორ ინციდენტს ერთმანეთს არ უკავშირებს


ახალქალაქის რაიონის სოფელ სამსარსა და უშუალოდ ახალქალაქში კვირას მომხდარ ორ შემთხვევას საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთს არ უკავშირებს.

სამსარის ეკლესიასთან ქართველი სტუდენტებისა და ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის კონფლიქტის გამო სისხლის სამართლის საქმე რელიგიური აღმსარებლობის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მუხლით აღიძრა. რაც შეეხება ახალქალაქის ქართულ სკოლას, მის შენობასთან მომხდარ ფაქტს ადგილობრივი პოლიცია და განათლების სამინისტრო, ქართველი მოსახლეობისგან განსხვავებით, "დარბევად" არ აფასებს.

ახალქალაქის რაიონში კვირას მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება. სოფელ სამსარის ეკლესიაში ქართველი სტუდენტების გამოჩენის შემდეგ წარმოქმნილი კონფლიქტის მიზეზად ასახელებენ როგორც სომხური წარწერების წაშლის მცდელობას, ასევე საქართველოს დროშის ტარის გადატეხას. ამჟამად სტუდენტები სამსარში აღარ იმყოფებიან და ტაძრების გაწმენდისა და აღდგენის მიზნით ფოკასა და ნინოწმინდაში გადაინაცვლეს. მიუხედავად იმისა, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქართველებისა და სომხების რელიგიურ დაპირისპირებას საჯაროდ ყველა უარყოფს, რეგიონში არსებული ეკლესიების კუთვნილება დიდი ხანია სადავო საკითხად რჩება. სოფელ სამსარის მოსახლეობისა და სტუდენტების კონფლიქტის გამო სისხლის სამართლის საქმეც სწორედ რელიგიური აღმსარებლობის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მუხლით აღიძრა.

ახალქალაქის ქართველი მოსახლეობა სამსარის ინციდენტის გაგრძელებად მიიჩნევს უშუალოდ ახალქალაქში მომხდარ ფაქტსაც. საუბარია ადგილობრივი ქართული სკოლის შენობის დაზიანებაზე. კვირას მომხდარი ორი შემთხვევის ერთმანეთისგან გამიჯვნას აუცილებლად მიიჩნევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ლევან გახელაძე:

[ლევან გახელაძის ხმა] "ქართული სკოლის შენობის ფანჯრის ჩამტვრევა არანაირად არ უკავშირდება კონფლიქტს ქართულენოვან ან სომხურენოვან მოსახლეობას შორის. ეს არის ბავშვების ცელქობა და მეტი არაფერი. მაგრამ იყო მეორე ფაქტი: სტუდენტები, რომლებიც ერთ-ერთი ძეგლის აღდგენაზე მუშაობენ, მათ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა რაღაც შეტაკება. ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში არ არის. უბრალოდ, პრესამ ეს რაღაცნაირად მიაბა ერთიმეორეს.” (სტილი დაცულია)

ჟურნალისტებს უსაყვედურებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი კახა ლეგაშვილიც, რომელიც ახალქალაქის ქართული სკოლის დარბევას უარყოფს:

[კახა ლეგაშვილის ხმა] "სკოლის შუშა თუ რაღაც შუშა დღესაც შეიძლება ვინმემ ჩატეხოს, ყველგან შესაძლებელია. ქართული სკოლა იყო ახლოს, შეიძლება სომხური ყოფილიყო და იმისთვისაც ჩაეტეხათ." (სტილი დაცულია)

რაც შეეხება სამსარში მომხდარ ინციდენტს, განათლების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ლევან გახელაძე ამბობს, რომ სტუდენტთა ეს ჯგუფი ეკლესიის აღდგენის მიზნით სამსარში უშუალოდ სამინისტროს პროგრამით არ ჩასულა, ამიტომ საბოლოო პოზიციის გამოხატვამდე ყველა დეტალის გარკვევაა საჭირო:

[ლევან გახელაძის ხმა] "სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, ვინ იყვნენ, რატომ იყვნენ ჩასული და კონკრეტულად რომელი ორგანიზაციის მისიას წარმოადგენდნენ.” (სტილი დაცულია)

ახალქალაქის რაიონში მომხდარი ფაქტების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სპეციალურ სხდომას გეგმავს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი. მისი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ამ გადაწყვეტილებას უშუალოდ კვირას მომხდარ ინციდენტებს არ უკავშირებს. თევდორაძე ამბობს, რომ მისი კომიტეტისთვის რეგიონის სომეხ მოსახლეობას არც რელიგიური და არც სხვა სახის პრობლემების გამო არასდროს მიუმართავს:

[ელენე თევდორაძის ხმა] "ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ იქედან საერთოდ არ შემოდის არანაირი საჩივრები. მე პრეზიდენტსაც ვესაუბრე ამაზე და შევთანხმდით, რომ ჯობია ჯერ მე მარტო ჩავიდე, რომ მოვამზადო ნიადაგი; რომ ეს მათი კომიტეტია, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს. აი, ეს პოზიცია მაქვს და არ ვიცი, რამდენად გამომივა.” (სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამგზავრებას და ადგილობრივ მოსახლეობასთან - მათ შორის, რადიკალურად განწყობილი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან - შეხვედრას აგვისტოს დასაწყისში გეგმავს. უშუალოდ ტაძრების კუთვნილების საკითხის გასარკვევად კი რეგიონის ქართველი მოსახლეობა სპეციალური სამეცნიერო კონფერენციის მოწვევას ითხოვს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG