Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჩაიშალა ქართულ-აფხაზური შეხვედრა თბილისში


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისთვის გაეროს ჟენევის ფორმატით დაგეგმილი შეხვედრა 22 ივლისს აფხაზთა

წარმომადგენლების დაუსწრებლად დაიწყო და მალევე დასრულდა. თბილისში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლობის ოფისში დათქმულ შეხვედრაში მონაწილეობაზე აფხაზთა მხარემ უარი თქვა და ამის მიზეზად ცოტა ხნის წინ საქართველოს საზღვაო აკვატორიაში თურქული გემის დაკავება დაასახელა. შეხვედრაზე აფხაზებისთვის შესათავაზებელი წინადადებები საქართველოს მხარემ გაეროს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ელჩებს გადასცა. როგორი შეფასა მისცეს თბილისში თურქული გემის დაკავების მომიზეზებით შეხვედრის ჩაშლას?


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გოგა ხაინდრავამ აფხაზთა პოზიციაში ჟენევის პროცესის დამუხრუჭების მცდელობა დაინახა. მოლაპარაკების ჩასაშლელად საქართველოს საზღვაო აკვატორიაში თურქული გემის დაკავების მომიზეზება მას აბსოლუტურად უადგილოდ ეჩვენა, მით უფრო მაშინ, რომ მხარეებს გაეროს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ელჩების თანდასწრებით საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უცხო ქვეყნის გემების უნებართვო მოძრაობის გამო წაროქმნილ პრობლემებზეც უნდა ემსჯელათ. 22 ივლისის შეხვედრის ჩაშლასთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავა შემდეგს აცხადებს:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”ყოვლად დაუშვებელია, რომ ჩვენ ვიყოთ მძევლები ერთ-ერთი მხარის რაღაც გაუთავებელი საბაბებისა იმისთვის, რომ პროცესი ჩაიშალოს. საერთოდ, მე ეს მიმაჩნია ჟენევის პროცესის დამუხრუჭების მცდელობად. ”


პროცესის დამუხრუჭებისთვის, როგორც უკვე ვთქვით, აფხაზებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ მოძრავი თურქული გემის დაკავების ფაქტი გამოიყენეს, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ამ გემზე არსებული ტვირთი (სამშენებლო მასალა და საკვები პროდუქტი) აფხაზ ხალხს, საქართველოს კეთილი ნებით, უნდა გადაეცეს. საგულისხმოა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მანამდე მიიღო, სანამ მხარეები სოხუმში 22 ივლისის შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდებოდნენ. შეთანხმება 19 ივლისს შედგა, თავად გემი გაცილებით ადრე, დაახლოებით ორი კვირის წინ, დააკავეს. დაკავებული გემის, ”თარიქ გიუნერის”, ეკიპაჟის წევრების სასამართლო პროცესის შედეგად, რომელიც ფოთში გაიმართა, ეკიპაჟის 8 წევრი გათავისუფლებულია. თითოეულ მათგანს 25 ივლისამდე მართებს ჯარიმის - ათასი ლარის - გადახდა. პატიმრობაში მხოლოდ გემის კაპიტანი რჩება. მას ბრალად ედება კონტრაბანდის გადაზიდვა, მგზავრთა უკანონო გადაყვანა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა. გემთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება კონფისკაციის შესახებ.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ახლაღა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ქართველი მესაზღვრეების მიერ თურქული გემის დაკავება იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ძლივძლივობით განახლებული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების ჩასაშლელად. ასეა თუ ისე, 22 ივლისის შეხვედრა, მართლაც, ჩაიშალა. მასზე საქართველოს მხარის წარმომადგენლებს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, მეგობარი ქვეყნების ელჩებთან და, რაც მთავარია, აფხაზთა დელეგაციასთან ერთად უნდა ემსჯელათ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის განუახლებლობისა და, ზოგადად, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ თემაზე ახალი შეთანხმების გაფორმება აფხაზთა დაჟინებული მოთხოვნაა. ამდენად, საქართველოს მხარე თანახმა იყო მოლაპრაკების საგნად მრავალგზის შეთანხმებული საკითხი ექცია. პარალელურად ის აპირებდა აფხაზთა დელეგაციისთვის (ის თბილისში სერგეი შამბას მეთაურობით უნდა ჩამოსულიყო) შეეთავაზებინა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების ახალი წინადადებები. ეს წინადადებები გაეროს ოფისში აფხაზების მონაწილეობის გარეშე გახსნილ ხანმოკლე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში ირაკლი ალასანიამ მიიტანა და, გასაგები მიზეზით, მხოლოდ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელსა და მეგობარი ქვეყნების ელჩებს გადასცა.
XS
SM
MD
LG