Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსიშვილმა საგადასახადოს შეფასების ახალი ინდიკატორი განუსაზღვრა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს შეფასების ახალი ინდიკატორები განუსაზღვრა. ფისკალური სტრუქტურები ახალი

კრიტერიუმებით უკვე მომავალი თვიდან შეფასდებიან და მათი საქმიანობის ეფექტურობაც ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება. რას გულისხმობს საგადასახადო დეპარტამენტისათვის დაწესებული ახალი ინდიკატორი?

ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი საგადასახადო დეპარტამენტს შეფასების ახალ ინდიკატორს უწესებს. მომავალი თვიდან საგადასახადო სტრუქტურები ე.წ. 7 ინდიკატორით შეფასდებიან. ფინანსური უწყების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ფისკალური სტრუქტურები განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდნენ და ახალი კრიტერიუმების შემოტანაც მათი საქმიანობის ეფექტურობის განსაზღვრით არის განპირობებული.

ფინანსთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საგადასახადო გეგმის თუნდაც გადაჭარბებით შესრულების ტრადიცია, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის და ეს უკვე განვლილი ეტაპია. ”ქვეყნის წინაშე დგას უკვე სხვა მოთხოვნები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს,”- აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

შეფასების ახალი, ”7 კრიტერიუმის” თანახმად, მომავალი თვიდან, საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების გარდა, ყურადღება მიექცევა გადამხდელებთან ურთიერთობას, ანუ შესწავლილი იქნება გადამხდელების მიერ დაფიქსირებული საჩივრები საგადასახადო სამსახურების თანამშრომელთა მხრიდან დარღვევების ან მათ მიერ არასათანადოდ გაწეული მომსახურების შესახებ. განიხილება ინფორმაცია საგადასახადო, მათ შორის, სასამართლო დავებისა და შედეგების შესახებ. შესწავლილ იქნება კორუფციის მაჩვენებელი საგადასახადო სამსახურების ყველა დონეზე. ყურადღება მიექცევა დისციპლინარულ საკითხებს. საგადასახადო სამსახურების მუშაობა შეფასდება იმის მიხედვით, რამდენად ეფექტურად ამოქმედდა იძულებით გადახდევინების მექანიზმი, ასევე შედარდება საგადასახადო შემოსავლები, გადამხდელთა რაოდენობა და საგადასახადო ინსპექციების დანახარჯები. გადაიხედება ახალი გადამხდელების რეგისტრაციის მონაცემები.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ ახალი მიდგომა საგადასახადო სამსახურების მუშაობის ეფექტურობის შესაფასებლად დროული ინიციატივაა, რადგან აქამდე ფისკალური სტრუქტურებისათვის მთავარი მხოლოდ საპროგნოზო მაჩვენებლების პირნათელი შესრულება იყო და არანაირი ყურადღება არ ექცეოდა იმას, თუ რის ხარჯზე სრულდებოდა გეგმა:

[დავით ნარმანიას ხმა] ”საქართველოს საგადასახადო სისტემის ისტორიის მანძილზე არასდროს, ბიუჯეტის შესრულების და გადასახადის გადამხდელის მხრიდან თანხის გადახდის გარდა, ყურადღება არ ექცეოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკმარისი იყო გადასახადის გადამხდელს გადაეხადა გადასახადები და სხვა რაიმენაირი ანალიტიკური მუშაობა ან შეფასება გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, მისი ეფექტურობის და ა. შ. არ ხორციელდებოდა. ანუ მარტივი, პრიმიტიული ფორმა ჰქონდა საგადასახადო ინსპექციისა და გადასახადის გადამხდელის ურთიერთობას.”(სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრის მიერ საგადასახადო სამსახურებისათვის ახალი ინდიკატორების დაწესებით, ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ გადამხდელსა და გადასახადის ამკრეფს შორის აქამდე არსებული არცთუ შეხმატკბილებული ურთიერთობა თუ არ შეიცვლება, თავად ფინანსურ უწყებას მაინც მიეცემა ფისკალური ორგანოების მუშაობის ეფექტურობის ცივილიზებული კრიტერიუმებით შეფასების საშუალება.
XS
SM
MD
LG