Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული სამხედრო ტექნიკის გატანა ერთი დღით გადაიდო


ძლიერი გვერდითი ქარი და უამინდობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ერთი დღით გადაიდო რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის კუთვნილი მძიმე სამხედრო ტექნიკის გატანა საქართველოდან.

ლაპარაკია იმ სამხედრო ბაზაზე, რომლის ადგილზე, სამხედრო ტექნიკის საბოლოოდ გასვლის შემდეგ, ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრი უნდა ამოქმედდეს. მაგრამ თუ რუსეთის სამხედრო ბაზების დახურვა ეჭვს აღარ იწვევს, სულ უფრო ბუნდოვანია, როგორი იქნება ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც ერთმანეთს ხშირად ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებენ.

სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, რუსეთის სამხედრო ტექნიკის გატანის ეპოპეაც იკმარებდა იმის დასადგენად, თუ რა საბრძოლო პოტენციალს ვერ ელეოდა რუსეთი სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის 62-ე და მე-12 სამხედრო ბაზების კუთვნილი ტექნიკა ხან ხიდების გაუმართაობის გამო ვერ ტოვებს საქართველოს, ხანაც წვიმის, ქარისა და ზღვის ღელვის გამო. სწორედ “გვერდითი ქარი” და ღელვა გახდა მიზეზი იმისა, რომ 10 აგვისტოს ვერ მოხერხდა რუსეთის მე -12 სამხედრო ბაზის კუთნილი 40-მდე ერთეული მძიმე ტექნიკის გადატვირთვა სადესანტო გემებზე, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ალეკო კიკნაძემ, რომელიც მეორე კვირაა იმყოფება ბათუმში და რუსული ტექნიკის კონცენტრაციის პროცესს აკონტროლებს.

[ალეკო კიკნაძის ხმა] “ესე იგი შემოსულია ორი გემი და ბუქსირი, რომლებიც დგანან ხედვის არეში, ღუზები დაშვებულია, ჩვენი სანაპირო დაცვა აკონტროლებს... ღელვაა და გვერდითი ქარია ძალიან სერიოზული.”(სტილი დაცულია)

შესაბამისად, რუსული ტანკები და ჯავშანმანქანები გონიოს პოლიგონზე კიდევ ერთ ღამეს გაათევენ და, თუ ღმერთმა ქნა და გამოიდარა, მოხდება მათი გადატვირთვა ორ რუსულ სადესანტო გემზე, “ნიკოლაი ფიჩენკოზე” და “აზოვზე,” რომლებიც 10 აგვისტოს, დილის 12 საათზე, გამოჩნდნენ გონიოს მისადგომებთან. საქართველოს გენერალური შტაბის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ალეკო კიკნაძემ ჩვენთან საუბარში უარყო ქართული საინფორმაციო სააგენტოების ცნობა, თითქოს რუსები ტექნიკის გატანას აყოვნებდნენ იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ მათ საბაჟო მოსაკრებლის გადახდა მოსთხოვა.

[ალეკო კიკნაძის ხმა] “არა მგონია, კობა, სხვა რაღაცა იყოს, იმიტომ რომ, პირადად ვაკონტროლებ, მათთან ერთად ვარ და ახლა გამოვედი იქიდან. მე მგონი, ხვალ შევძლებთ. ამინდზეც აცხადებენ, ნორმალურიაო.”

საქართველოს მხარეს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის ტექნიკა სრულიად უმტკივნეულოდ 2008 წლამდე დატოვებს ბათუმსა და ხელვაჩაურს. შესაბამისად, ხელისუფლება უკვე აღარ საუბრობს ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრზე, რომლის შექმნაც კრემლს სწორედ ბათუმის მე-12 სამხედრო ბაზის ნაცვლად შესთავაზა. ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს მხრიდან ეს მხოლოდ რევერანსი იყო და ასეთი ცენტრის არსებობას პერსპექტივა არა აქვს:

[ირაკლი მჭედლიშვილის ხმა] “ჩემი აზრით, ეს იყო რაღაცნაირი კოპმენსაცია, რაღაც რევერანსი, რომ თუ ბაზებს გაიყვანთ და თუ თქვენ, რუსებს მიმართავდნენ, რაღაცნაირად გსურთ კონტროლი იქონიოთ ტერიტორიაზე და ტერორიზმის გავრცელებას შეუშალოთ ხელი, მაშინ შევქმნათ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი.” (სტილი დაცულია)

და არსებობს კიდევ ერთი გარემოება. აქამდე რუსეთი სდებდა ბრალს საქართველოს ჩეჩენი და არაბი ტერორისტების მფარველობაში. გორის თებერვლის ტერაქტის გახსნის შემდეგ კი თბილისმა განაცხადა, ტერაქტები საქართველოში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე დაიგეგმაო. შესაბამისად, ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბებამდე საჭიროა ნდობის აღდგენა სახელმწიფოებს შორის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG