Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო კრიზისი ერაყში


ანდრო ეული, პრაღა ერაყელ პოლიტიკოსებს კიდევ ერთი კვირა მიეცათ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტის თაობაზე არსებულ უთანხმოებათა მოსაგვარებლად.

მას შემდეგ, რაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ისლამის როლი ქვეყნის ცხოვრებაში, ფედერალიზმი და ბუნებრივი რესურსების განაწილება, პარლამენტმა შესწორება შეიტანა ქვეყნის "გარდამავალი მმართველობის კანონში", რითაც თავიდან იქნა აცილებული საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა, ხოლო პარლამენტარებს 1 კვირით გაუგრძელდათ საბოლოო შეთანხმების მიღწევის ვადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გამოთქვა რწმენა, რომ ერაყის ლიდერები ყველა ღონეს ხმარობენ კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად.


მოლაპარაკება ერაყში მცხოვრები შიიტების, სუნიტებისა და ქურთების ლიდერებს შორის არ იქნება ადვილი მით უმეტეს, როცა უთანხმოებას ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა ისლამის როლი ქვეყნის ცხოვრებაში, ნავთობის ექსპორტიდან მიღებული სახსრების განაწილება, და ქურთებისათვის ჩრდილოეთში, ხოლო სამხრეთში შიიტებისთვის ავტონომიის მინიჭება.

ოფიციალური პირები ვაშინგტონში ხაზგასმით აღნიშნავენ ერაყის კონსტიტუციის პროექტის თაობაზე დროული შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას. ამ პირებს მიაჩნიათ, რომ შეთანხმების მიღწევა გარკვეულწილად ძირს გამოუთხრის ცენტრალურ ერაყში მცხოვრებ სუნიტ მაჰმადიანთა მოსალოდნელ ამბოხებას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ქებით მოიხსენია, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ერაყელთა "გმირული" ძალისხმევა, რაც კომპრომისული შეთანხმების მიღწევისკენაა მიმართული. ხოლო სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ორშაბათს ღამით გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა ერაყში "არსებით პროგრესს" მიაღწიეს ყველა საკითხში {კონდოლიზა რაისის ხმა}: "ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, როგორ იკიდებს ფეხს ერაყში დემოკრატია. ახალი კონსტიტუცია იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ერაყის უახლეს ისტორიაში. გვჯერა, რომ ისინი დაასრულებენ ამ პროცესს და განაგრძობენ სვლას იმავე მიმართულებით, რასაც მუდმივი მთავრობის არჩევა მოჰყვება ამ წლის ბოლოს".

ერთ-ერთი ურთულესი საკითხი, რამაც უკანასკნელ დღეებში იჩინა თავი ეხება ერაყში მცხოვრები შიიტებისთვის თვითმმართველობის მინიჭებას ქვეყნის სამხრეთსა და ცენტრალურ რეგიონებში, სადაც შიიტები უმრავლესობას შეადგენენ. ამას ეწინააღმდეგებიან სუნიტები.

სუნიტების განგაში ნავთობის ექსპორტიდან მიღებული სახსრების გარეშე დარჩენითაა გამოწვეული. ნავთობსაბადოებით მდიდარი ჩრდილოეთი ქურთებითაა უმეტესწილად დასახლებული, ხოლო სამხრეთში, რომელიც არანაკლებ მდიდარია ამგვარი საბადოებით, შიიტების ავტონომიის შექმნა საბოლოოდ დაუკარგავს სუნიტებს ნავთობიდან რაიმე მოგების პერსპექტივას.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და რელიგიური თავისუფლების აქტივისტები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შიიტების ავტონომიური რეგიონი, თუკი მოხდება ერაყში ამგვარი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა, შარიათის კანონზე იქნება დაფუძნებული. ამგვარი პერსპექტივა აფიქრებს ნინა შეასაც, რომელიც შეერთებულ შტატებში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანიზაციის, რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ნინა შეამ თქვა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა ბაღდადზე, რათა ქვეყნის ახალი კონსტიტუციით გარანტირებულ იქნეს პიროვნების ძირითად უფლებათა განუხრელი დაცვა {ნინა შეას ხმა}: "შიიტების უმრავლესობამ არ უნდა ისარგებლოს ერაყში მიმდინარე პროცესით, ხოლო შეერთებულმა შტატებმა არაორაზროვნად უნდა განუცხადოს მათ, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ შემდგომ სისხლისღვრას და ვერც სახსრებს გავიღებთ ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც შარიათის კანონზე იქნება დაფუძნებული და მოქალაქეობრივ უფლებებს შეუზღუდავს ყველას, არა მარტო ქალებს, არამედ მთელს საზოგადოებას", - განაცხადა ნინა შეამ.

სულ ცოტა კიდევ 2 საკითხი, თითქოსდა მოგვარებული მხარეებს შორის, კვლავ გახდა საკამათო, რაც კიდევ უფრო ართულებს ერაყში შექმნილ საკონსტიტუციო კრიზისს. ქურთების ლიდერები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უმეტესწილად ქურთებით დასახლებულ 3 პროვინციას ჩრდილოეთ ერაყში სრული დამოუკიდებლობა მიენიჭოს. ხოლო შიიტების ლიდერებმა წამოაყენეს წინადადება, რომ მათი უმაღლესი რელიგიური ლიდერები გამოცხადდნენ მთავრობისაგან დამოუკიდებელ პირებად და ერის სიმბოლოდ, რამაც უნებლიედ აღძრა ეჭვი, რომ შიიტი ლიდერები ერაყში თეოკრატიას უყრიან თანდათანობით საფუძველს.
XS
SM
MD
LG