Accessibility links

logo-print

პოლონეთისა და რუსეთის ურთიერთობა გამოჯანმრთელებას საჭიროებს


მას შემდეგ, რაც რუსი დიპლომატების შვილების

ვარშავაში ცემის ფაქტს მოსკოვში პოლონეთის საელჩოს 2 თანამშრომლისა და პოლონელი ჟურნალისტის ცემა მოჰყვა, რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ექსპერტები მოსკოვისა და ვარშავის დაპირისპირებას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ და მიზეზებს როგორც აწმყოში, ასევე წარსულში ეძებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს გამოვლენილი ძალადობა უბრალო კრიმინალი არ არის. აგვისტოს დასაწყისში ვითარება ისე დაიძაბა, რომ ეს საკითხი გასული კვირის ბოლოს პოლონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის თემადაც იქცა. ალექსანდრ კვაშნევსკიმ და ვლადიმირ პუტინმა საგანგებოდ აღნიშნეს, რომ ურთიერთობა "გამოჯანმრთელებას" საჭიროებს. ქვეყნებმა ერთმანეთის მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისა და გაფრთხილების პირობა დადეს. თუმცა შესაძლებელია თუ არა ურთიერთობის სწრაფი გამოჯანმრთელება იმ ქვეყნებს შორის, რომელთა დამოკიდებულების განხილვისას, გარკვეული კუთხით, პარალელს "ანტისემიტიზმთანაც" ავლებენ ხოლმე, ექსპერტებს ამის თქმა საკმაოდ უჭირთ.

ახლა ლამის უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 31 ივლისს ვარშავის ერთ-ერთ დასასვენებელ პარკში რუსი დიპლომატების შვილებსა (3 მოზარდს) და მათ ყირგიზ მეგობარს სცემეს. მოძალადეებად სახელდებიან "თავგადაპარსულები" (ანუ იგივე - "სკინჰედები"), რომლებიც, გავრცელებული ცნობით, მოზარდების ცემისას ანტირუსულ მოწოდებებს გაჰყვიროდნენ. რადგანაც ხულიგნობა ვარშავაში არავის უკვირს, რუსეთის კონსულმა ხსენებული ფაქტის უკან პოლიტიკური თუ ნაციონალური მოტივები ვერ დაინახა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ამბით თავად რუსეთის პრეზიდენტი დაინტერესდა, ცხადი გახდა, რომ მოსკოვი დიპლომატთა შვილების ცემას მხოლოდ კრიმინალად არ აღიქვამს. ვლადიმირ პუტინი პოლონეთისგან მოქმედებას და საქმის საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვდა:

(ვლადიმირ პუტინის ხმა) "ვთხოვ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას - დაუკავშირდნენ პოლონელ კოლეგებს და გაარკვიონ, რა ადეკვატურ ზომებს მიმართავს პოლონეთის ხელისუფლება ამ "არამეგობრულ" აქტთან დაკავშირებით, რომელსაც, დანაშაულის გარდა, სხვა სახელი არ მოეძებნება."

პუტინის ამ განცხადებაზე ვარშავას კომენტარი არ გაუკეთებია და ამისათვის დროც აღარ იყო, რადგანაც სულ რამდენიმე დღეში გულისწყრომისა და საყვედურების ტალღა ახლა უკვე პირიქით, პოლონეთიდან რუსეთისკენ წამოვიდა. საქმე ის არის, რომ 6 აგვისტოს მოსკოვში პოლონეთის საელჩოს თანამშრომელს სცემეს, ხოლო 3 დღის შემდეგ ამავე საელჩოს მე-2 მდივანს დაესხნენ თავს. მართალია, კრიმინალის გამოვლინება არც მოსკოვში უკვირთ, მაგრამ ამ ორი ინციდენტის უკან უბრალო კრიმინალზე მეტად პოლიტიკური ფონი დაინახა ვარშავამაც. საკითხისადმი ასეთი მიდგომა კარგად ჩანს განცხადებაში, რომელიც პოლონეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ვიტოლდ იუროშმა (საელჩოს მე-2 მდივნის ცემის ფაქტის შემდეგ) გააკეთა:

(ვიტოლდ იუროშის ხმა) "იმ ინციდენტის გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც პოლონეთის დიპლომატიური მისიის ადმინისტრაციულ-ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი სერიოზულად დაზარალდა, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ხულიგნების - ცუდად ორგანიზებულ, მაგრამ კარგად გამოკვეთილი პოლიტიკური თვითშეგნების მქონე - ჯგუფთან."

პოლონეთის საელჩომ უსაფრთხოების საგანგებო ზომები შეიმუშავა და თანამშრომლებს მოსკოვის ქუჩებში მხოლოდ ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილება ურჩია.

თუმცა "ფიზიკური ანგარიშსწორების" მარათონი მოსკოვში ამით არ დასრულებულა. 11 აგვისტოს 5-მა დაუდგენელმა პირმა უმოწყალოდ სცემა პოლონეთის ყოველდღიური გაზეთის - "გაზეტა ვიბორჩას" - კორესპონდენტ პაველ რეშკას, რომელმაც საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო თავის არეში. რეშკას კოლეგა ანდრეი ზოუხა ამბობს, რომ ჟურნალისტის ცემა მოსალოდნელი იყო:

(ანდრეი ზოუხას ხმა) "ოთხშაბათს ჩვენ ერთმანეთს საელჩოში შევხვდით, პაველ რეშკაც იქ იყო. იმ დროისთვის უკვე ნაცემი იყო ორი პოლონელი დიპლომატი და ელჩთან საუბრისას მე ვთქვი, დიპლომატების შემდეგ ძალადობის მომდევნო მსხვერპლი ჟურნალისტი იქნება-მეთქი. ყველამ გაიცინა – "კარგი რა, გეყოფაო," – მითხრეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი."

10 აგვისტოს ვარშავამ რუსეთს პოლონელი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მიმართა, ხოლო 12 აგვისტოს ვლადიმირ კვაშნევსკიმ იგივე მოთხოვნა, სატელეფონო საუბრისას, თავად მოახსენა რუსეთის პრეზიდენტს. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა პოლონელ კოლეგას რუსი დიპლომატების შვილების ცემის ფაქტი შეახსენა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების "გამოჯანმრთელებაზე" ორივე მხარემ უნდა იზრუნოს. სწორედ ამ აზრისაა პოლონეთის პრეზიდენტიც – ვითარება განმუხტვას აუცილებლად მოითხოვს.

მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ ბოლო დღეებში ორ სლავურ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის გარკვეული მცდელობა, მართლაც, შეინიშნება. მაგალითად ის, რომ 12 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა პოლონელ დიპლომატებზე თავდასხმების გამო და განცხადება გააკეთა პოლონეთის საელჩოს შენობის დაცვის გაძლიერების თაობაზე. ამასთან, სერგეი კისლიაკმა იმედი გამოთქვა, რომ მოძალადეებს გამოძიება სულ მალე გამოააშკარავებს. რუსეთის პროკურატურამ კი, სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოლონელი ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, თავდასხმას წინასწარ განზრახული დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცა. თითქმის პარალელურად გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლონეთის პოლიციამ რუსი დიპლომატების შვილების ცემის საქმესთან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ "სიყვარულის დეფიციტს" - უფრო კი სიძულვილის ფაქტს (რაც რუსეთსა და პოლონეთს შორის არსებობს) - ფესვები წარსულში აქვს გამდგარი და რომ ეს 2 დღეში, ერთ კვირაში - ან, გნებავთ, ერთ წელიწადში - გამოსასწორებელი საკითხი არ არის.

პოლონეთის "გაზეტა ვიბორჩას" ცნობით, სიძულვილის არსებობაზე საუბრობდა ვლადიმირ პუტინის მრჩეველი გლებ პავლოვსკიც. ვარშავაში ბოლო ვიზიტის დროს მან გამოთქვა შეშფოთება, რომ "პოლონელები ზუსტად ისე საუბრობენ რუსებზე, როგორც ანტისემიტები ებრაელებზე". ამგვარი მოსაზრების საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადამ დანიელ როტფელდმა განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკოსები მტერს ეძებენ და, აი, ის პოლონეთში დაინახეს.
XS
SM
MD
LG