Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამედროვე მონობა და თანამედროვე მონები


23 აგვისტო მონობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გაერომ ეს დღე შეარჩია იმის გამო, რომ სწორედ 23 აგვისტოს აღინიშნება კუნძულ ჰაიტიზე 1791 წელს ამბოხების მოწყობა მონების მიერ.

ეს იყო ამბოხება ფრანგი კოლონიზატორების წინააღმდეგ, რომელიც მონების გამარჯვებით დასრულდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა: მონობას კანონები კრძალავს მთელს მსოფლიოში - მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ის კი მაინც განაგრძობს არსებობას: არაფოციალურად, სხვადასხვა ფორმით და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში... დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით გიამბობთ თანამედროვე მონობასა და თანამედროვე მონებზე. მათ შორის პაკისტანელ ბიჭუნაზე - ნადიმზე.

ნადიმი სულ 12 წლისაა და ამ წლების უმრავლესობა ხალიჩის მანუფაქტურაში, საქსოვ დაზგასთან აქვს გატარებული. ბიჭუნას ნაიარევ და დასისხლიანებულ თითებს ყოველ დღე (სამუშაო დღე კი 14 საათი გრძელდება!) ათასობით კვანძის შეკვრა უწევს. უხეირო განათებამ - მანუფაქტურაში, პრაქტიკულად, სიბნელეა - ნადიმს მხედველობა დაუქვეითა, ბავშვის ფილტვები კი მატყლის ნაწილაკებმა და მტვერმა გაავსო.

[ნადიმის ხმა] “ახლა 12 წლის ვარ, მუშაობა კი 4 წლისამ დავიწყე. უნდა მემუშავა, რათა ჩემს მშობლებს ვალი - 12 დოლარი - გაესტუმრებინათ. მაგრამ ამასობაში ვალი 300-ს დოლარამდე გაიზარდა: ხალიჩის ქსოვისას გაკეთებული თითო შეცდომისათვის მანუფაქტურის მეპატრონე 50 დოლარით მაჯარიმებს”.

ნადიმი გამონაკლისი არ არის. პაკისტანში ათასობით ბავშვს ამუშავებენ - მათაც ხალიჩების მანუფაქტურებში, მათაც მშობლების ვალების გასასტუმრებლად. მართალია, ბავშვთა შრომა პაკისტანშიც აკრძალულია, მაგრამ ეს, როგორც ჩანს ბევრს არ აწუხებს. ადამიანის უფლებების დამცველები ირწმუნებიან, რომ პოლიცია ხშირად შეკრულია მანუფაქტურების მფლობელბთან: მათგან ქრთამს იღებს და, სამაგიეროდ, თვალს ხუჭავს ხალიჩების დასამზადებლად ბნელ ოთახში გამომწყვდეული ბავშვების მდგომარეობაზე. რამდენად მძიმეა ეს მდგომარეობა, ერთ-ერთი მანუფაქტურის მფლობელის მონათხრობით ჩანს - როგორც დარწმუნდებით, ძალიან გულახდილი კაცის მონათხრობით: [პაკისტანელი ბიზნესმენის ხმა] “ჩვენს ბიზნესში ძალიან გავრცელებულია ერთმანეთში ბავშვების გაცვლა. ბავშვები უფრო მორჩილები არიან, ამიტომ მეტს მუშაობენ. ბავშვს სამი-ოთხი საათით ვაბამთ ხოლმე, რათა გავაგებინოთ, რომ არ უნდა გაიქცეს. მაგრამ თუ ბაშვს დამორჩილება არ უნდა, რასაკვირველია, საჭირო ხდება მისი დაბმა და ცემა”, -
ასე აღწერს ბავშვის “მოთვინიერების” პროცესს პაკისტანელი ბიზნესმენი, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ - არ ამხელენ ერთი უბრალო მიზეზით. რომ არა ანონიმურობა, ბიზნესმენი, რასაკვირველია, არ უამბობდა უცხო ადამიანს ხერხზე, რომელსაც ბავშვის მონურ შრომაში ჩასაბმელად იყენებენ. ეს უცხო ადამიანი იყო რობინ რომანო - ამერიკელი რეჟისორი, რომელიც 5 წელია მუშაობს ბავშვთა შრომის პრობლემაზე და ირწმუნება, რომ მსოფლიოში 14 წლამდე ასაკის 240 მილიონზე მეტ ბავშვს აიძულებენ მუშაობას, უმეტესწილად, მონურ პირობებში.

მონურ პირობებში ყოფნა და, საერთოდ, მონობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს წართმეული აქვს გადაადგილების თავისუფლება, ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარი თავის შესახებ, უწევს ძალადობის ატანა. თანამედროვე მონობა მასშტაბური ფენომენია და მოიცავს ე.წ. ტრეიფიკინგსაც, რომელზეც ბოლო ხანს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და რომელიც, როგორც ცნობილია, ბავშვებსაც ეხება.

საერთოდ, მონობის ყველა ფორმის შემთხვევაში მსხვერპლი განიცდის მენტალურ ან ფიზიკურ, შესაძლოა, ორივე სახის ძალადობას, ორივე შემთხვევაში “ეკუთვნის” ე.წ. დამსაქმებელს. ჩვენი ეპოქის მონას ართმეული აქვს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული, ფუნდამენტური უფლებები, მას ეპყრობიან, როგორც საქონელს, მას ჰყიდიან და ყიდულობენ.

რობინ რომანოს შეფასებით - ეს არის ამერიკელი რეჟისორი, წეღან რომ ვახსენეთ - მონობა იარსებებს მანამდე, სანამ იარსებებს უკიდურესი სიდუხჭირე, სანამ იქნებიან ადამიანები, ვინც გაჭირვებას სასოწარკვეთამდე მიჰყავს და სანამ მთავრობები არ იზრუნებენ მონობის ამკრძალავი კანონების დაცვაზე.

[რომანოს ხმა] “მონა მონაა - მონობის რა ფორმაზეც უნდა იყოს ლაპარაკი, საქმე მაინც მონობას ეხება. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანს აიძულებენ, აკეთოს არაჰუმანური, მისი ღირსების შემლახავი და მისი სიცოცხლის მომსპობი სამუშაო”, ამბობს ამერიკელი რეჟისორი, რომელიც 5 წელია მუშაობს ჩვენი დროის მონობის პრობლემაზე.

დაბოლოს, ტრეფიკინის შესახებ. უკრაინელი ქალის, მარიას მაგალითზე გავიხსენოთ, რას უწოდებენ ტრეფიკინგს...

30 წლის მარიას, რომელიც ორი შვილის დედაა, იტალიაში დამლაგებლად მუშაობა შესთავაზეს, რასაც ის გახარებული დათანხმდა. უკრაინაში საბუთები, თითქოს, ძალიან სერიოზულმა ფირმამ გააფორმა და თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო. მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, თვით მარიას მონათხრობით შეიტყობთ...

[მარიას ხმა] “ჩავედით ერთ-ერთ ქალაქში და მის გარეუბანში წაგვიყვანეს. გვითხრეს, დაისვენეთ, ნამგზავრები ხართო. მერე კი გაგვიმხილეს, რომ მეძავობა მოგვიწევდა. ეს ნამდვილი შოკია ადამიანისთვის... გაქცევა შეუძლებელი იყო: ფანჯრები აჭედილი იყო, თან მუდმივად გვაკონტროლებდა მცველი”.

მარიას აიძულებდნენ დღეში, ზოგჯერ, 10 კაცის მიღებას, სასტიკად სცემდნენ, თუ მორჩილებაზე უარს იტყოდა. ასე იყო 9 თვე, ვიდრე საროკსიპოში იტალიის პოლიციის რეიდი განხორციელდებოდა და მარიას გაათავისუფლებდნენ.

რამდენი ადამიანია მარიას დღეში, დანამდვილებით არავინ იცის - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოველწლიურად 800 000 ადამიანი ხდება.

როგორც ამ უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელი, ჯონ მილერი აღნიშნავს, მონობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალიან ჭირს და ამიტომ მხოლოდ ვარაუდობენ, რომ თანამედროვე მონების 80-მდე პროცენტი, სექსის ბიზნესშია დამონებული. რაც შეეხება მონობის სხვა ფორმებს - ასეთებად ასახელებენ შინამოსამსახურეების მონურ პირობებში დასაქმებას, მონურ შრომას სოფლად და ქარხნებში, ჯარში მცირწლოვანების იძულებით სამსახურს.
XS
SM
MD
LG