Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემარჯვენე ოპოზიცია შალვა რამიშვილის გზას ირჩევს


ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლების დაპატიმრებას ორშაბათს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა საპარლამენტო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" ლიდერმა.

დავით გამყრელიძე მომხდარს კონკრეტული პირების მიერ კარგად დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. "მემარჯვენე ოპოზიციის" მიერ გამოთქმული ბრალდების შესწავლას ითხოვს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც.
პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ახალი დაპირისპირებაა მოსალოდნელი.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, როგორც თავად ამბობს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილისა და დეპუტატ კობა ბექაურის ურთიერთობასთან დაკავშირებული ინცინდენტისადმი ნეიტრალური ვერ იქნება. "თუ საკითხი ამგვარად დაისმება - ბექაურის გზა თუ რამიშვილის, მე რამიშვილის მხარეს ავირჩევ" - განაცხადა დავით გამყრელიძემ, რომელისთვისაც ჟურნალისტი თავისუფალ სიტყვასთან, კოლეგა დეპუტატი კი კორუფციასთან ასოცირდება:

[დავით გამყრელიძის ხმა] "ბექაური არის კორუმპირებულობის სიმბოლო დღეს პარლამენტში და საქართველოში. და ეს ძალიან კარგად იცის პრეზიდენტმა სააკაშვილმა და რცხვენოდეთ მას და მის თანაგუნდელებსაც, რადგან ისინი სწორედ კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ადამიანი ზნეობრივ სახედ აქციეს თავისი ნაციონალური მოძრაობის." (სტილი დაცულია)

დავით გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაცია რომ არ ჰქონოდა, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ბევრი რამ მისთვის, შესაძლოა, გაურკვეველი ყოფილიყო. “წინასწარში” მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი გულისხმობს 12 აგვისტოს პარტიის ოფისში შალვა რამიშვილთან შეხვედრისას მიღებულ ინფორმაციას იმ ფილმებზე, რომელთაც სტუდია ,,რეპორტიორი” ამზადებს:

[დავით გამყრელიძის ხმა] "ეს ფილმები, პირველ რიგში, იყო დაგეგმილი ბექაური-მაჭავარიანის ტანდემის წარმოსაჩინებლად. საქმიანობის წარმოსაჩენად, რომელიც დაკავშირებულია საბაჟო ტერმინალთან, ბექაურის უეცარ გამდიდრებასთან და იმასთან, თუ რა კავშირშია ამ ყველაფერთან ბატონი მაჭავარიანი." (სტილი დაცულია)

"მემარჯვენე ოპოზიციის" ლიდერის განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ორშაბათსვე გამოეხმაურა და მას დაფიცებით უპასუხა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "მე ერთადერთი იარაღი მაქვს, რომ ვთხოვო ახლა საპროცედურო კომიტეტს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ბუკვალური გამოძიება ჩაატაროს. თუ გამყრელიძეს რამე ასეთი ჰქონდა სალაპარაკო, 27 აგვისტოდან ხუთ სექტემბრამდე რატომ ითმენდა?! ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც ჩემი მეგობრები მე მაფრთხილებდნენ, რომ ეცდებოდნენ. შემიძლია დავიფიცო, რომ ბოლომდე ჩავდევ ახლა ამ საქმეს." (სტილი დაცულია)

მიხეილ მაჭავარიანისა და კობა ბექაურის გარდა, საგანგებო ბრიფინგზე დავით გამყრელიძემ სხვებიც მოიხსენია. შალვა რამიშვილისგან მის დაპატიმრებამდე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახლების ლიდერი აცხადებს, რომ მზადდება ფილმი, რომელიც უშიშროების მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის საქმიანობას შეეხება.

"მაჭავარიანისა და ბოკერიას მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, პრეზიდენტის თანხმობით, განახორციელეს შსს-მ და კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურმა" - ამგვარია დავით გამყრელიძის წინასწარი დასკვნა. "მემარჯვენე ოპოზიციის" ლიდერი მოითხოვს, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უმცირესობაში იქნებიან. იმაში, რომ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პრაქტიკულად უკვე დარწმუნებულია "მემარჯვენე ოპოზიციის" წევრი ირაკლი იაშვილი:

[ირაკლი იაშვილის ხმა] "სერიოზული აგრესია მოჰყვება იმიტომ, რომ ეს საკითხია, რომელიც მათ ინტერესში არ შედის, ბექაურის და მისი საქმიანობის საკითხში ჩაღრმავება. ამიტომ შეეცდებიან, რომ აგრესიის ფონზე ეს საკითხი რამენაირად გადაისროლონ გვერდზე. არა მგონია, ეს კომისია შეიქმნას, მაგრამ კიდევ ერთხელ შევეცდებით დავანახვოთ რეალური სახე ამ ადამიანების." (სტილი დაცულია)

საზოგადოებისთვის ერთმანეთის რეალური სახის ჩვენების პროცესს საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია მომავალ კვირას, საშემოდგომო სესიის პირველსავე სხდომაზე, განაგრძობენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG