Accessibility links

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და, ბუნებრივია, პრესის


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და, ბუნებრივია, პრესის ყურადღებაც უმალ მიიპყრო.

კვირის მანძილზე დასტამბულ გაზეთებს არ აკლდა არც სხდომათა ანგარიშები, არც კომიტეტებისა თუ ფრაქციების საქმიანობის გაშუქება, არც ცალკეულ დეპუტატთა ინტერვიუები. ამჯერად ამ ”მეინსტრიმს” გავემიჯნებით და გასული კვირის პრესიდან, ჩვენი აზრით, არანაკლებ საინტერესო მასალებს შემოგთავაზებთ.

“ჩაირიცხნენ, მაგრამ… არ ჩაირიცხნენ!” გაზეთმა “ახალმა ვერსიამ” ასე დაასათაურა წერილი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში საბოლოოდ ვერჩარიცხულ აბიტურიენტებს ეხება. აბიტურიენტთა ნაწილი აცხადებს, რომ თავდაპირველად ისინი ჩარიცხულთა სიაში იყვნენ, შემდეგ კი, განათლების სამინისტროს გაუგებარი გადაწყვეტილების გამო, სიიდან ამოიღეს. აბიტურიენტებმა თავიანთი გვარი სპეციალურ გაზეთში და ინტერნეტგვერდზეც ნახეს, დღეს კი პრესტიჟული ფაკულტეტების სიებში უკვე აღარ არიან. ბელა წიფურია, განათლების მინისტრის მოადგილე, “ახალ ვერსიას” განუმარტავს, რომ შეცდომა გაეპარათ და გამოაქვეყნეს იმ აბიტურიენტთა სიები, რომლებიც არ ჩარიცხულან. ყველაფერი კომპიუტერული პროგრამის ლაფსუსის გამო მოხდა. ამ აბიტურიენტებისათვის განათლების სამინისტრო გამონაკლისს დაუშვებს და მეორად გამოცდებში მონაწილეობის ნებას მისცემს.

“საავადმყოფოდან ციხეში გულის მანკიანი არასრულწლოვანი პატიმარიც კი დააბრუნეს,” - წერდა გასულ კვირაში გაზეთი “ხვალინდელი დღე” და დასძენდა, რომ “იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 55-მდე მძიმე ავადმყოფი პატიმარი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ციხეებში გადაიყვანა. სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას ამ საქმის გამოძიება სთხოვა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ეს 55 პატიმარი ციხის საავადმყოფოდან გაწერას არ ექვემდებარება, რასაც იუისტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ღულაძეც ადასტურებს,” - წაიკითხავთ “ხვალინდელ დღეში”.

ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდა იგეგმება?! - შეშფოთებით კითხულობს გაზეთი “რეზონანსი” და ქვესათაურად ასეთი ლოგიკური რიგი გამოაქვს: “გატაცებები სიტუაციას ძაბავს, სიტუაციის დაძაბვა კონფლიქტს შობს, კონფლიქტი - ქართველების გაძევებას”. არც ერთი გატაცება არ ხდება ფულის გამოძალვის მიზნით. არაა გამორიცხული, არსებობდეს კრიმინალური გარიგებები და როცა ნდობას დაკარგავენ, ერთმანეთთან ურთიერთობას ამ ფორმით აგვარებდნენ. თუ ვინმემ ვინმე მოატყუა, სასამართლოში ვერ იჩივლებს და იძულებულია, გაიტაცოს. ცხინვალში სრული განუკითხაობაა, ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის აზრითაც, ეს გატაცებები კარგად ჯდება კონფლიქტის აგორების სცენარში. განსხვავებული პოზიცია აქვს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსს ვლადიმერ ჯუღელს. მისი განცხადებით, ყველა გატაცება პირდაპირ კავშირშია კონტრაბანდასთან. კონფლიქტის ზონაში მოქმედებს ადამიანების გამტაცებელთა დაჯგუფება, რომლის წევრებიც ძირითად საქმიანობას კონტრაბანდისტობას უთავსებენ,” - ვკითხულობთ “რეზონანსში”.

ახლა შაბათის, 17 სექტემბრის, პრესასაც გადავხედოთ. გაზეთი “ალია” ცდილობს განმარტოს, რა შემთხვევაში მიიღებენ პედაგოგები მაღალ ანაზღაურებას. ვისაც სურს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საბაზისო და დამამთავრებელ საფეხურზე ასწავლოს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი მაგისტრატურის კურსი სპეციალობაში და პედაგოგიკის ორწლიანი კურსი, შესაბამისი დიპლომით. პედაგოგებს ექვს წელიწადში ერთხელ მოუწევთ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება და ექნებათ საშუალება, სპეციალური ტრენინგებიც გაიარონ გამოცდებისთვის მოსამზადებლად. მასწავლებლის სამუშაო კვირა შემცირდება 38 საათამდე და ანაზღაურება მხოლოდ დატვირთვაზე აღარ იქნება დამოკიდებული. მათ ჯანმრთელობას სახელმწიფო დააზღვევს და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ხელფასის 70%-ს შეუნარჩუნებენ. პედაგოგები, სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისა და სხვა აქტივობათა შედეგად (მაგალითად, სახელმძღვანელოს ავტორობა, მაღალმთიან ან არაქართულენოვან სკოლებში მუშაობა და სხვ.), აგროვებენ კრედიტებს, რაც აისახება მათ ანაზღაურებაზეც და პენსიაზეც. პირველი სასერტიფიკაციო გამოცდა 2008 წელს ჩატარდება - ამ და სხვა გარემოებებს, შეგახსენებთ, 17 სექტემბრის “ალიადან” შეიტყობთ.

მიმოხილვის ბოლოს კი ისევ გაზეთ “რეზონანსს” დავუბრუნდეთ. “ქართულ არმიას ხერხემალი დაუმსხვრიეს”, - ვკითხულობთ აქ. - საქართველოში პრიორიტეტად ძლიერი არმიის შექმნაა გამოცხადებული, თუმცა, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო აკადემიაში მეორე-მესამე კურსელებს სახლში უშვებენ, მეოთხე კურსელებს კი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომს აღარ მისცემენ. “რეზონანსის” ვრცელ სტატიაში ამ გადაწყვეტილების მოტივებსა და კომენტარებს გაეცნობით.
XS
SM
MD
LG