Accessibility links

logo-print

ეპიდსიტუაციის პროგნოზი შემოდგომისთვის


ზაფხულის სამმა თვემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, საკმაოდ მშვიდობიანად ჩაიარა. საქართველოს მასშტაბით,

არც ერთი დაავადების ეპიდემიოლოგიური აფეთქება არ აღრიცხულა. მიმდინარე ზაფხული, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, ძირითადად, ნაწლავური ინფექციების სიმრავლით ხასიათდებოდა. ენტეროვირუსის აქტიური გავრცელების არეალში ამჯერად დედაქალაქი მოექცა.

ერთ-ერთი პირველი სეზონური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით გავრცელდა დედაქალაქის სკოლამდელი დაწესებულებების უმრავლესობაში, ენტეროვირუსია. საბავშვო ბაღების ჯერაც ბოლომდე დაუკომპლექტებელ ჯგუფებში ყოველდღიურად რამდენიმე პატარა ხდება ავად. ჯგუფები თითქმის განახევრებულია. მასწავლებლები მშობლებს ურჩევენ ბავშვები დროებით შინ ამყოფონ და მოარიდონ კოლექტიური თავშეყრის ადგილებს. ვირუსი საშუალოდ სამ დღეს გრძელდება. იგი მაღალი სიცხით, პირღებინებითა და ფაღარათით მიმდინარეობს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე განმარტავს, ენტეროვირუსის გავრცელებაში საგანგაშო არაფერია და იგი სავსებით ჯდება პროგნოზის ფარგლებში:

[პაატა იმნაძის ხმა] ”როდესაც ახალი კოლექტივები შეიქმნა, ბაღში ბავშვები მოგროვდნენ. ერთმაც რომ მოიტანოს, იქ მაინც მჭიდრო კონტაქტში არიან, ბევრს დაემართება. ჩვეულებრივი სეზონური მოვლენაა, როდესაც თავმოყრა მოხდა ერთად ბავშვების, რომლებიც სხვადასხვა ადგილებიდან მოვიდნენ.” (სტილი დაცულია)

სხვათა შორის, არსებულ ტენდენციებზე დაკვირვების თანახმად, ექიმები შენიშნავენ, რომ სექტემბერში ყველაზე მეტად ბავშვებში ტრავმების რაოდენობა მატულობს ხოლმე. რაც შეეხება ინფექციებს, ოქტომბრის ბოლოდან, შესაძლოა, საგრძნობლად გაიზარდოს ა ჰეპატიტის შემთხვევები. ა ჰეპატიტი სწორედ ოქტომბერ-ნოემბრის სეზონურ დაავადებად ითვლება, თუმცა, მეორე მხრივ, ანგარიშგასაწევია ის ობიექტური გარემოებაც, რომელიც ა ჰეპატიტის სეზონურობას წარმატებულს ხდის ხოლმე. კვლავ პაატა იმნაძეს მოვუსმინოთ.

[პაატა იმნაძის ხმა] ”სამწუხაროდ, სუყველგან არაა ისეთი კარგი პირობები, რომ ხელი დაიბანონ ტუალეტის შემდეგ და ბევრმა არც იცის, რომ უნდა დაიბანოს. მაგრამ ვინც იცის, რომ უნდა დაიბანოს, პირობები უნდა შეექმნას, რომ ხელი კარგად დაიბანონ, რა თქმა უნდა, საპნით. ხელის დაბანა ვასწავლოთ ბავშვებს ტუალეტის შემდეგ, პირველ რიგში, და, რა თქმა უნდა, ჭამის წინ.” (სტილი დაცულია)

ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა გადამდებ ინფექციებსა და ვირუსებთან ბრძოლის ყველაზე ოპტიმალური პროფილაქტიკური საშუალებაა. რაც შეეხება მართვად ინფექციებს, პროფილაქტიკური აცრების გეგმიურობის დაცვის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზი საკმაოდ კეთილსაიმედოა. გამორიცხულია პოლიომელიტის გავრცელება. მთელი შემოდგომის განმავლობაში დიფტერიის 1 ან 2 და ყივანახველის 20-30 შემთხვევაა მოსალოდნელი. საგრძნობლად იკლებს წითელას შემთხვევები ბავშვებში, რასაც ვერ ვიტყვით მოზრდილებზე. მოზრდილებში წითელა, შესაძლოა, მძიმედ, გართულებებით წავიდეს. როგორც ექიმი-პედიატრი გიული ჩხაიძე შენიშნავს, სექტემბერი და, ზოგადად, შემოდგომა, დაავადებათა გავრცელების თვალსაზრისით, რთულ სეზონად არ ითვლება, თუმცა გარკვეული თავისებურებებით მაინც ხასიათდება:

[გიული ჩხაიძის ხმა] ”სექტემბერში არის სეზონური დაავადებები. ეს არის ალერგიების გამწვავება, ყურძენთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ქოლეცისტიტის გამწვავებები, ჩვეულებრივად - გაციებები, ზღვიდან წამოსული ინფექციები. სექტემბერი რაღაც განსაკუთრებული იმით არ გამოიხატება.” (სტილი დაცულია)

ანუ დაავადებათა გავრცელების მაღალი რისკით არ გამოირჩევა. ჯანმრთელობას გისურვებთ.
XS
SM
MD
LG