Accessibility links

logo-print

ცხინვალის დაბომბვის ბუნდოვანი ფაქტის ბუნდოვანი გამოძიება


თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ცხინვალის ცენტრის დაბომბვამ საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა და საქართველოს

ხელისუფლება იძულებული გახდა გასული კვირის ბოლოს საგანგებო საგამოძიებო კომისია შეექმნა. თუმცა ეს ფორმა რეაგირებისა უფრო დიპლომატიური რევერანსია თბილისის მხრიდან, რადგან ამთავითვე ცხადია, რომ კომისიის წევრებს შემთხვევის ადგილზე არავინ ჩაუშვებს. თანაც, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს მომხდარ გამოუძიებელ პროვოკაციათა ისტორიების გახსენება იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ნაღმსატყორცნით ცხინვალის დაბომბვის ფაქტი განწირულია თაროზე შემოსადებად.

პარასკევს პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე შექმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ცხინვალის დაბომბვის დეტალების შესწავლა დაევალა. როგორც ცნობილია, 22 სექტემბერს, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე საზეიმო ღონისძების დროს, ცხინვალის ცენტრის შორიახლოს რამდენიმე ჭურვი ჩავარდა, რომლის დროსაც, სხვადასხვა ინფრომაციით, 9 ადამიანი დაიჭრა. ოსეთის მხარემ დაბომბვა დასაწყისშივე ქართულ სამხედრო დაჯგუფებებს მიაწერა. მათი ვერსია გაიზიარა რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობამ, რომელმაც დაასახელა საარტილერიო დანადგარი, ჭურვების ფრენის ტრაექტორია და გაშვების სავარაუდო ადგილი. ოფიციალურმა თბილისმა კი ბრალდებას ბრალდებით უპასუხა და პროვოკაციის მოწყობა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის დააბრალა. ამ ბრალდებათა კორიანტელში სიმართლის დადგენის რა საშუალება აქვს საქართველოს სამთავრობო კომისიას, ძნელი სათქმელია. უკონტროლო ტერიტორიაზე კომისიის წევრები ვერ გადავლენ. შესაბამისად, კომისიას მოუწევს დამნაშავე თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძიოს, რაც, უშედეგოდაც რომ დასრულდეს, განამტკიცებს აზრს, რომ პროვოკაციული და უკონტროლო ძალები სწორედ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებენ. სამხედრო პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, რომ ანალოგიური კომისიები საქართველოს კონფლიქტის ზონებში მომხდარი ინციდენტების გამოსაძიებლად ბევრჯერ შექმნილა, თუმცა ყოველთვის უშედეგოდ:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “ჩვენ გვაქვს მაგალითები, თუ რამდენჯერ გაიტაცეს გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთში, კოდორის ხეობაში. გაეროს კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოგდება გალის რაიონში და კოდორის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე - ესეც, გარკვეულწილად, დავალებული ჰქონდა ქართულ მხარეს გამოსაძიებლად და შეიქმნა მაშინ სამთავრობო კომისია, მაგრამ დღემდე დადგენილი არაა, თუ რა ვითარებაში მოხდა იმ ვერტმფრენის ჩამოგდება.”(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით გამოძიებული არ არის ადამიანის გატაცების, ცემის, ძარცვისა და ყაჩაღობის უამრავი ფაქტი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. დღემდე ვერავინ დაადგინა იმ სამხედრო რაზმის ვინაობა, ვინც 1992 წლის მაისში საშინელი ვანდალური აქტი მოაწყო კეხვის გზაზე. დაუდგენელმა ბოროტმოქმედებმა ჩაცხრილეს სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც 30-მდე ოსი ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. ქართული მხარე მაშინ ყველაფერს საზღვრებს გარედან დივერსიული მიზნებით შემოსულ “მესამე ძალას” აბრალებდა. თუმცა ფაქტი ისაა, რომ იმ ინციდენტის შემდეგ სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე სასწრაფოდ ჩაფრინდა დაგომისში და ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთსა და ოსეთის მხარესთან, რომელმაც საქართველოს, ფაქტობრივად, ჩამოაშორა მისი ერთ-ერთი უძველესი კუთხე.

ასე რომ, თუ ვინ ისარგებლა 13 წლის წინანდელი ტერორისტული აქტის შედეგად, ეს რიტორიკულ შეკითხვად დავტოვოთ.
XS
SM
MD
LG