Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარის მოსახლეობა კომპანია ”ბი-პის” მიერ დაპირებულ მილიონ დოლარს ითხოვს


რამდენიმე დღეა ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარის მოსახლეობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის ბლოკირებით ცდილობს ხელისუფლების

ყურადღების მიპყრობას. სოფელი ამ მილსადენის მარშრუტიდან 1 კილომეტრის რადიუსში მეწყერულ ზონაში მდებარეობს. მეწყერული პროცესები მილსადენის მშენებლობის დაწყებისთანავე კატასტროფულად გააქტიურდა. მართალია, ქვეყნის ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობის გადასახლებისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ რატომღაც უარი განაცხადა კომპანია ”ბი-პის” მიერ ამავე მიზნით დახმარების სახით შეთავაზებულ მილიონ დოლარზე.

სოფელ დგვარის მოსახლეობის გადასახლების საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დადგა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების შემდეგ ამ საკითხის გადაწყვეტა სასიცოცხლოდ აუცილებელი შეიქნა. 2004 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 798 000 ლარი გამოიყო. თანხა მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში დარიგდა. დგვარში მცხოვრები 120 კომლიდან თითოეულს თანხა გამოეყო საცხოვრებელი ბინის ფუნდამენტის ფართის შესაბამისად. ოჯახმა საშუალოდ 2 000-3 000 ლარი მიიღო.

[ტარიელ გოგოლაძის ხმა]” ჩვენ ამ ფულის დაკარგვა არ გვინდოდა, იმიტომ რომ ”ბი-პის” ნათქვამი ჰქონდა, რომ თუ მთავრობა გაიღებს რაღაც თანხას, ჩვენც მზად ვართ, ის მილიონი დოლარი გამოვყოთო. ამის გამო, რასაც შემოგვთავაზებდნენ, ყველაფერზე მივდიოდით. ყველაფერზე ხელს აწერდა ხალხი. უკვე დაჟე არც კითხულობდა, ისე აწერდა ხელს, რომ როგორმე ეს ფული აგვეღო და რაღაც საშველი ყოფილიყო.”(სტილი დაცულია)

დგვარის მოსახლეობის 20 პროცენტს - შედარებით დიდი საცხოვრებელი ფართის მქონეთ - ახალი სახლების შესაძენად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საერთო თანხიდან, შეიძლება ითქვას, საკმარისი თანხა ერგო. გასაჭირშია მოსახლეობის 80 პროცენტი. ისინი არ დათანხმდნენ მთავრობის შეთავაზებას, სახლები წალკის რაიონში შეეძინათ. არადა, დრო აღარ ითმენს.
მოსახლეობასთან გაფორმებული ინდივიდუალური კონტრაქტების თანახმად, თანხის აღებიდან ექვსი თვის განმავლობაში სოფელი უნდა დაიცალოს. შესაბამისად, მთავრობა ახალი მოსახლეობისთვის, უდავოდ, არასაკმარისი ფულადი კომპენსაციის დარიგებით, დგვარელების წინაშე პასუხისმგებლობას საბოლოოდ მოიხსნის. ამაზე აშკარად მეტყველებს ის მეთოდებიც, რომლითაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს უსწორდებიან.

[როსტომ გოგოლაძის ხმა]” ჩვენ არა გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ”ბი-პის” გზა გადავუკეტოთ და ხელი შევუშალოთ. ყველა მოსახლეს ესმის, რომ ეს არის დიდი საქმე. და უნდა გაკეთდეს. მაგრამ ჩვენ სხვანაირ გზას ვერ მივაღწეით. ერთადერთი, რომ ზეწოლა მოხდეს ”ბი-პიზე” და ”ბი-პიმ ” მოახდინოს ზეწოლა მთავრობაზე, რომ ეს რატომ ხდება. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოსულიყო გინდ რაიონის, გინდ გუბერნიის, გინდ მთავრობის წარმომადგენელი, შემოგვისიეს პოლიცია.”(სტილი დაცულია)

აქცია 27 სექტემბერს დაარბიეს. დააკავეს აქციის 4 მონაწილე, რომლებიც მოგვიანებით, თანასოფლელთა დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, გაათავისუფლეს. ერთი ადამიანი კი, სხეულის დაზიანებებით, ბორჯომის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დგვარელებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” უდგას მხარში. სწორედ ამ ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჯერჯერობით არ არსებობს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ”ბი-პის” მიერ დგვარელთა პრობლემის მოსაგვარებლად შეთავაზებული მილიონი დოლარის სხვა მიმართულებით განკარგვას დაადასტურებდა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ჯამბულ ბაკურაძე კი ამბობს, რომ საკითხი გადაწყვეტილია და მასში რაიმე კორექტივები მოსალოდნელი არ არის:

[ჯამბულ ბაკურაძის ხმა]”როდესაც დაპროექტდა თვითონ ”ბი-პის” პროექტი, აღმოჩნდა, როდესაც ექსპერტიზა ჩაუტარეს, რომ არცთუ ისე უსაფრთხო პროექტი იყო ის, განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაში. მოლაპარაკებების შედეგად, ”ბი-პი” წამოვიდა იმაზე, რომ დამატებით 10 მილიონი დოლარი გამოეყო პროექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ერთი მილიონი დგვარისთვის კი არ გამოიყო, ”ბი-პიმ” თქვა, რომ თუ თქვენ საჭიროდ ჩათვლითო, ამ 10 მილიონიდან 1 მილიონი მოახმარეთო დგვარის პრობლემის გადაწყვეტას და ეხლა ეს მთავრობის გადასაწყვეტია.”(სტილი დაცულია)


მთავრობა დგვარელების პრობლემას სოციალური კუთხით უდგება. ჯამბულ ბაკურაძე, მაგალითად, ამბობს, დგვარელებს მათთვის გამოყოფილი 798 000 ლარის სამართლიანად განაწილების პრინციპი რომ მოეფიქრებინათ მაშინ, როცა დამეწყრილ და წყალდიდობებისაგან დაზარალებულ სხვა რეგიონებში კომლი 5 000 ლარით დაკმაყოფილდა, უფრო მეტს მიიღებდნენო.
დღეს დგვარში - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთდღიანი შესვენებაა. შესვენება აქციის ორგანიზატორების დედაქალაქში ვიზიტმა განაპირობა. როგორც ჩანს, ვიზიტი უშედეგო გამოდგა. ამიტომ, სავარაუდოდ, ხვალიდან საპროტესტო აქცია სოფელში კვლავ განახლდება.
XS
SM
MD
LG