Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს ხუთ საარჩევნო ოლქში 181 001 რეგისტრირებული ამომრჩეველი 20 კანდიდატს შორის არჩევანს აკეთებს. არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალ იქნება ცნობილი.

ამ წუთებისთვის კი დანამდვილებით ის ვიცით, რომ ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების ყველაზე დიდი პრობლემა - საარჩევნო სიები.

საარჩევნო სიების პრობლემაზე საუბრამდე რამდენიმე ტენდენციის შესახებ: როგორც ამ დროისთვის ხდება ცნობილი, ყველაზე აქტიური ამომრჩეველი დღეს ტყიბულში იყო, ყველაზე პასიური - ბათუმში. არჩევნების მიმართ ბათუმელთა უყურადღებობაზე აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც საუბრობდა. თუმცა, ახალი საარჩევნო კანონის მიხედვით, ამომრჩევლის პასიურობა არანაირად არ აისახება არჩევნების ჩატარებაზე, ვინაიდან კანონი არ განსაზღვრავს არჩევნების ჩატარებულად ცნობისთვის ამომრჩევლის აუცილებელ მინიმალურ რაოდენობას: ერთი ამომრჩეველიც რომ მისულიყო საარჩევნო უბანში, იქ არჩევნები ჩაშლილად არ ჩაითვლებოდა.
საერთოდ, ნოემბრის მოვლენების შემდეგ მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაზე რომ ოპოზიციასა და ჟურნალისტებს ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, ეს საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუმარტა. როცა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისნის რაიონში ნაციონალების კანდიდატის ბიძინა ბრეგაძის პორტრეტით დამშვენებული სამარშრუტო ავტობუსებით გადაადგილება კანონდარღვევად მიიჩნიეს, გიგა ბოკერიამ სპეციალურად მოწვეულ ბრიფინგზე აუხსნა, რომ ახალი კანონით ეს დაშვებულია:
[გიგა ბოკერიას ხმა] „ არჩევნების დღეს აკრძალულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ანუ რეკლამის გამოყენება და პირდაპირი მოწოდება ამა თუ იმ კანდიდატის მხარდასაჭერად. რაც შეეხება გაზეთებს მიღმა, ეკრანს მიღმა საკუთარი ამომრჩევლის ორგანიზებას ან მათთვის დახმარების გაწევას საარჩევნო უბნებზე მისასვლელად, ეს კანონით დაშვებულია ყველასთვის, მათ შორის - ნაციონალური მოძრაობისთვისაც.“(სტილი დაცულია)
ეს ახსნა-განმარტება ჟურნალისტებისთვის იყო განკუთვნილი. კიდევ ერთი განმარტება უკვე იმ ამომრჩევლის მისამართით გაკეთდა, ვინც პირველ ოქტომბერს საკუთარი თავი საარჩევნო სიაში ვერ აღმოაჩინა:
[ გიგა ბოკერიას ხმა] „ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ბოლო ორ არჩევნებში და ამის შემდეგ არ გაიარა რეგისტრაცია ერთი კვირით ადრე, როგორც ეს კანონმდებლობით არის დადგენილი, ის არც უნდა იყოს სიაში და ამაში არანაირი დარღვევა არ არის. დარღვევა არის იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა შეცდომა და ადამიანი, რომელიც ან წინა არჩევნებში მონაწილეობდა, ან რეგისტრაციაში იყო გატარებული, არ აღმოჩნდა სიაში. ჩვენი მონაცემებით, ასეთი თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევაა.“(სტილი დაცულია)
ქობულეთიდან მოსული ცნობებით, იქ 4 ათასამდე რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში იმ მიზეზით, რომ სიებში ვერ აღმოაჩინეს საკუთარი თავი. სამაგიეროდ, ისნის რაიონის საარჩევნო სიაში ყურადღებიანმა ამომრჩეველმა გარდაცვლილი მეზობლების გვარები იპოვა. ასე რომ, საარჩევნო სიების პრობლემა - კვლავ პრობლემად რჩევა. არადა, ეს ღია და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უპირველესი საფუძველია.
XS
SM
MD
LG