Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტები სამხედრო აღმშენებლობის პრობლემებზე მსჯელობენ


მრგვალი მაგიდა, რომელიც 13 ოქტომბერს სასტუმრო ”თორში” გაიმართა, ერთ-ერთი პირველი იყო, მაგრამ - არა უკანასკნელი. სამხედრო აღმშენებლობის პრობლემები,

რომლებზეც გუშინ ცნობილი ექსპერტები მსჯელობდნენ, როგორც თავად ამბობენ, დღეს ან ხვალ ვერ გადაიჭრება. სამხედრო განათლება, კადრების მომზადება, მათი დასაქმება, საკანონმდებლო ცვლილებები - ასეთია მრგვალი მაგიდის გარშემო განხილულ საკითხთა მოკლე ჩამონათვალი. ამგვარი შეხვედრების ინიციატორები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველო ნატოში”. ვის და რას მოუტანს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსაკრებლის გაზრდა? რატომ არის აუცილებელი, რომ თავდაცვის მინისტრს ცალკეული პირებისთვის სამხედრო წოდების ვადაზე ადრე მინიჭების საშუალება მიეცეს? რატომ რჩებიან საზღვარგარეთ ნასწავლი და გამოწვრთნილი სამხედროები თამაშგარე მდგომარეობაში და რას აპირებენ ისინი ქვეყანაში, რომელიც ნატოში შესვლაზე ოცნებობს?

31 წლის მაიორი გიორგი ბლიაძე გერმანიიდან ერთი თვის წინათ დაბრუნდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყო, რომ კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი. გერმანიაში სასწავლებლად წასვლამდე გიორგი ბლიაძე თავდაცვის ეროვნული აკადემიის შტაბის უფროსი იყო. ოფიცერს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ეწყინა:

(გიორგი ბლიაძის ხმა) ”მთელი ჩემი ცხოვრება, 18 წლიდან, შევალიე ამ საქმეს. ძალიან მიყვარს ეს საქმე და ძალიან მენანება ამ უნიფორმის გახდა. რა თქმა უნდა, ნაწყენი ვარ. და გარდა ამისა, კიდევ ერთი: ჩემსავით არის კიდევ უამრავი ოფიცერი, რომელსაც უცხოეთში აქვს - ნატოს ქვეყნებში - განათლება მიღებული და უამრავი - ასეულობით - ოფიცერია დათხოვნილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. ამ პირობებში შეუძლებელია, რომ ნატოსკენ - თუნდაც ნელი ნაბიჯით - მივდიოდეთ.” (სტილი დაცულია)

მაიორ ბლიაძეს უნიფორმის გახდა დაახლოებით 2 თვეში მოუწევს, ანუ მაშინ, როცა კადრების განკარგულებაში ყოფნის 3-თვიანი ვადა ამოიწურება. ამის შემდეგ გამოცდილი ოფიცერი, რომელიც ხელისუფლებამ არასაჭიროდ მიიჩნია, როგორც თავად ამბობს, საზოგადოებრივი მოღვაწეობის გზას გაუყვება.

რას ფიქრობს ამ დროს ნატოსკენ მიმავალი ქვეყნის ხელისუფლება და რატომ არ ემთხვევა მისი ხმამაღალი სიტყვა საქმეს? - ეს კითხვა, ბევრის მსგავსად, ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის” მრჩეველს შალვა ფიჩხაძესაც აწუხებს:

(შალვა ფიჩხაძის ხმა) ”დასავლეთში განათლებამიღებული ოფიცრები, რომლებიც უნდა გახდნენ ჩვენი ჯარის ელიტა (ელიტაში მე ვგულისხმობ ყველაზე ნიჭიერ, ყველაზე განათლებულ, ყველაზე უნარიან ხალხს), გაშვებულნი არიან ჯარიდან. მაშინ, როცა ხელისუფლება ერთ-ერთ თავის პრიორიტეტად აცხადებს დასავლეთში განათლებამიღებული კადრების მოზიდვას სახელმწიფო აღმშენებლობაში. სიტყვის და საქმის ასეთი დაშორება ერთმანეთისგან ჩემში ბადებს ეჭვს, რომ ეს არ ხდება შემთხვევით.” (სტილი დაცულია)

საერთოდ კი, კადრების გათავისუფლება-დანიშვნის საკითხი სამხედრო პრობლემების ვრცელ ნუსხაში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. სამხედრო იურისტი შალვა თადუმაძე, ბევრი ექსპერტის მსგავსად, ეგრეთ წოდებული ”ჩემიანობის ინსტიტუტზე” საუბრობს:

(შალვა თადუმაძის ხმა) ”ჩვენდა სამწუხაროდ, რევოლუციის შემდეგ ეს პრობლემა არსებობდა - ხდებოდა ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა, იმიტომ რომ ისინი იყვნენ მინისტრთან დაახლოებული პირები ან მთავრობის სხვა წარმომადგენლების ნათესავები, მეგობრები. და დღესაც უამრავი მაგალითია იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში ინიშნებიან არა კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ - მეგობრობის მიხედვით და ახლობლობის მიხედვით.” (სტილი დაცულია)

ამ საკითხთან მიმართებით ექსპერტი იხსენებს ერთ საკანონმდებლო ინიციატივასაც, რომელიც, პროექტის სახით, ამჟამად იხილება საკანონმდებლო ორგანოში. თავდაცვის მინისტრს გარკვეული კატეგორიის პირებისთვის წოდების ვადამდე მინიჭების უფლება მიეცემა:

(შალვა თადუმაძის ხმა) ”მინისტრი არ იყო არასოდეს სამხედრო სამსახურში და, შესაბამისად, სამხედრო მეგობრები მას ვერ ეყოლებოდა. მას შეიძლება ჰყავს ძალიან კარგი იურისტი მეგობრები ან სამართალდამცავი მეგობრები. ამ ადამიანებს, ანუ თავის მეგობრებს, როდესაც გადმოიყვანს თავის დაქვემდებარებულ სამინისტროში, მას სჭირდება, რომ მაღალი ჩინი მიანიჭოს.”(სტილი დაცულია)

ყურადღების ცენტრში მოექცა კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება. კანონპროექტი ”სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ”, 18-თვიანი გადავადების შემთხვევაში, მოსაკრებლის ამჟამინდელ ოდენობას ერთ ნულს უწერს და 2000 ლარამდე ზრდის. თეონა აქუბარდია, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”, მიიჩნევს, რომ პატრიოტული გრძნობის გაღვივებას და, მით უფრო, კორუფციის გზების გადაკეტვას ნული ნამდვილად ვერ უშველის:

(თეონა აქუბარდიას ხმა) ”ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენში ეს მენტალიტეტი ისევ არსებობს: 2000 ლარის გადახდას ბიუჯეტში, ყველა ადამიანს ერჩივნება, რომ ამ თანხის ნაწილი გაუშვას ვიღაცის ჯიბეში და ასე აიცილოს სამხედრო გაწვევის ვალდებულება.” (სტილი დაცულია)

მრგვალი მაგიდის გარშემო მსხდომმა ექსპერტებმა 13 ოქტომბერს კიდევ ბევრი რამ თქვეს, მაგრამ ხელისუფლებამ მათი ნათქვამი ისევ ვერ გაიგო. მიზეზი მარტივია - მიწვეული ჩინოვნიკები შეხვედრაზე არ მივიდნენ.

სამხედრო ექსპერტი, პოლიტოლოგი კახა კაციტაძე ხელისუფლების მთავარ პრობლემას გამოყოფს:

(კახა კაციტაძის ხმა) ”ისინი პრობლემას ვერ ხედავენ - პრობლემას, როგორც ასეთს.” (სტილი დაცულია)

კიდევ როგორია და სად დევს ექსპერტის თვალით დანახული პრობლემა?

(კახა კაციტაძის ხმა) ”აზროვნების წესში, საკითხისადმი მიდგომის წესში და სრულ და აბსოლუტურ უუნარობაში სტრატეგიულად შორსმიმავალი ანალიზი და მოქმედებების გეგმა შეიმუშავონ - ეს არის ამ ხელისუფლების ყველაზე სუსტი წერტილი.” (სტილი დაცულია)

მანამდე კი, ვიდრე ხელისუფლება საკუთარ სუსტ წერტილებსა და პრობლემებზე თავად დაფიქრდება, ექსპერტები მრგვალ მაგიდასთან სამხედრო აღმშენებლობის პროცესების განხილვასა და ჩინოვნიკებისთვის ხმის მიწვდენას კვლავაც ინტენსიურად შეეცდებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG