Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის აღვნიშნავთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოში ამოქმედებასთან


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის აღვნიშნავთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოში ამოქმედებასთან დაკავშირებულ საგაზეთო პუბლიკაციებს.

13 ოქტომბრის “რეზონანსი”, მაგალითად, წერდა: “საუკუნის პროექტი დასრულდა, საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას ელიან.” “რეზონანსი” თავს უყრის მოსაზრებებს, ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის ამუშავებისას რომ გამოთქვეს: “ნავთობსადენი ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილურობას და მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ნავთობსადენი იქნება გარანტი, რომ კრიზისების შემთხვევაში ის გახდება ერთგვარი ალტერნატივა მსოფლიო ბაზრის ნავთობით მომარაგების თვალსაზრისით.” ამ კონტექსტში “რეზონანსს” მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები, ამჯერად ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის შესახებ, რომლის ამოქმედების შემდეგ საქართველო, ფაქტობრივად, მოიპოვებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც, ენერგეტიკულ ფაქტორებთან ერთად, დიდ პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს.

ახლა პრესის მიმოხილვისათვის ერთ, ცოტა უჩვეულო, პუბლიკაციას შევეხებით. “24 საათში” გამოქვეყნდა წერილი, რომელიც მიმოიხილავს და აანალიზებს პრესას, უკეთ, ქართული პრესის, როგორც თავად “24 საათის” ავტორი უწოდებს “ყვითელ და ყავისფერ” ნაწილს. სტატიას “კამპანიონები” ჰქვია. ის ცდილობს დაასაბუთოს, რომ ასეთი მედიის სტრატეგია ერთიანია და მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის საგარეო გარანტის, დასავლეთისა და მისი პოლიტიკური ფილოსოფიის, ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების იდეის დისკრედიტაციაა. “თავისი მიზნის მისაღწევად კამპანიონები ისეთ აკრძალულ ილეთს იყენებენ, როგორიცაა მოურიდებლობა, პერსონალიებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება და ყველაფრის გაბიაბრუება. მათი მცდელობა იქითკენ არის მიმართული, რომ აიძულოს ხელისუფლება მათ გამოეჯიბროს მითოსშემოქმედების გზით ელექტორატის გულის მოგებაში და კიდევ უფრო აუწიოს ისედაც უკვე წრეგადასული პოპულიზმის პატრუქს. ეს გამოდევნებითი სრბოლა კი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში სულაც არ შედის,” – ვკითხულობთ “24 საათში”.

გადავხედოთ შაბათის, 15 ოქტომბრის, პრესასაც. გაზეთი “ახალი თაობა” იუწყება, რომ სახელმწიფო 700 ათას ლარს გაიღებს, რათა თავიდან აირიდოს ფრინველის გრიპის გავრცელება. ამ ფასად სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ მანქანას შეიძენს დაავადების გამოსავლენად. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ უკვე მიმართეს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს – შეზღუდეს ცოცხალი ფრინველისა და სასაქონლო ნედლეულის შემოტანა.

გაზეთი “ალია” ადამიანის უფლებადაცვითი საკითხებით იჩენს დაინტერესებას და სიტყვას აძლევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ანა დოლიძეს, რომელიც ტელევიზიით ოპერატიული მასალის ჩვენებას აპროტესტებს. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, ოპერატიული ვიდეომასალა სახელმწიფო საიდუმლოებაა, გამოიყენება მხოლოდ გამოძიების დასაწყებად და არ წარმოადგენს მტკიცებულებას. ამის გამო ოპერატიული მასალების ტელევიზიით ჩვენება უნდა შეწყდეს. თუ ჩვენებისას ვინმეს მორალური ზარალი მიადგა, შეუძლია სასამართლოში უჩივლოს იმ უწყების პრეს-სამსახურს, რომელმაც ოპერატიული მასალის გავრცელებას შეუწყო ხელი – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. “ალია” წერს, რომ სასამართლო პრეს-სამსახურს დისციპლინურ სასჯელს გამოუტანს, უარეს შემთხვევაში კი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადახდას დააკისრებს.

“თბილგაზის” გაკოტრებას, გაკოტრების მიზეზებსა და შესაძლო გაყიდვას ეხება პუბლიკაცია 15 ოქტომბრის “რეზონანსში”. “თბილგაზს” ვალად 200 მილიონი ლარი დაუგროვდა, აქედან ნახევარი ბიუჯეტისა მართებს, წერს გაზეთი. მისი სავარაუდო მყიდველი, შესაძლოა, ერთ-ერთი ყაზახური კომპანია იყოს. “თბილგაზის” ზარალიანობის მიზეზი მოუწესრიგებელი აღრიცხვა, დაურეგისტრირებელი აბონენტები, მრიცხველების გაყალბება და კორუფციული მართვაა. გაზის დანაკარგი არც ისე დიდი იყო, როგორც ამას “თბილგაზის” ხელმძღვანელობა ამტკიცებდა და ამის გამო ყველაფერს მომხმარებელს აბრალებდა. “თბილგაზის” ხელმძღვანელობა აფიქსირებდა არარეალურ, გაზის ხელოვნურად გაზრდილ დანახარჯებს, რომელთა დასაფარად ფულს სახელმწიფოსგან ითხოვდა და ამ გზით საწარმო ფინანსურ კრიზისამდე მიჰყავდა. “თბილგაზის” ყოფილი გენერალური დირექტორის ვახტანგ ცაავას წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ხოლო ამასწინანდელმა ხელმძღვანელმა, დღეს რუსული “გაზექსპორტის” წარმომადგენელმა საქართველოში, დავით მორჩილაძემ კომპანიის ძველ ვალებს თავისი მმართველობისას დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაამატა, – წერს “რეზონანსი”.
XS
SM
MD
LG