Accessibility links

logo-print

მიწისძვრით დაზარალებულები ხელისუფლებას თავს ახსენებენ


2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის დროს დაზარალებული თბილისელები ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

ამ მიზნით რამდენიმე ასეული ადამიანი პერიოდულად იკრიბება და, დახმარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მერიისა და სახელმწიფო კანცელარიის წინ მართავს. მიწისძვრით დაზარალებული ადამიანები, რომლებიც ამჯერად „9 აპრილის ბაღში“ შეიკრიბნენ, ამბობენ, რომ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები მათ უბედურებაზე ითბობენ ხელს. რა აწუხებთ მიწისძვრით დაზარალებულ თბილისელებს და როგორ ეხმარება დედაქალაქის მერია მათ?

2002 წლის 25 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ თბილისში 22 ათასამდე შენობა დააზიანა, თუმცა განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, სადაც შენობების დიდმა ნაწილმა მესამე კატეგორიის დაზიანება მიიღო და სადაც დღემდე ინგრევა სახლები.

[ქალბატონ ციალას ხმა] „იმ დილას, როცა ეს ამბავი მოხდა, კიდევ კარგი, მუშები აქ იყვნენ. სახურავზე დადიოდნენ, რაღაცას აკეთებდნენ. დავუძახე, ჩქარა, ჩქარა მოდით-მეთქი. მოვარდნენ და დაიწყეს ყველაფრის გატანა... საშინელება იყო! რომ გაასუფთავეს, როიალი არ ჩანდა.“

არ იფიქროთ, რომ ეს ქალბატონი იმ წუთებს იხსენებს, როცა თბილისში მიწა იძრა. ქალბატონ ციალას სახლი საშუალო სიძლიერის ქარმა დაუნგრია. მიწისძვრით დაზარალებული ადამიანები ამტკიცებენ, რომ, ხელისუფლების გულგრილობის გამო, მათ სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში უწევთ ცხოვრება.

[ქალბატონის ხმა] „მანქანა რომ გაივლის, გული მისკდება - ასე მგონია, ყველაფერი თავზე დამემხობა. მეზობლებს სულ იმას ვეუბნები, ნეტა არ მოვკვდე, თორემ ხალხი რომ მოვა, ორი კაცის სიმძიმესაც ვერ გაუძლებს ჩემი სახლი და ჩემთან ერთად დაიხოცებიან-მეთქი.“

[მამაკაცის ხმა] „სახლი გვენგრევა, სარდაფში წყალი დგას. საკმარისია 4-5 ბალიანი მიწისძვრა, რომ ხალხი დაიხოცება.“
ამ ადამიანების დასახმარებლად, ცხელ გულზე, როცა მიწისძვრა ახალი მომხდარი იყო, შეიქმნა დაზარალებულთა სარეაბილიტაციო ფონდი, რომელმაც სულ რაღაც 300 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოახერხა. მიწისძვრით დაზარებული ადამიანები არ მალავენ, რომ მათ ხელისუფლების იმედი აღარა აქვთ.

[ქალბატონის ხმა] „ჩვენ ვთვლით, რომ თბილისს არ ჰყავს მთავრობა. თბილისი არის დარჩენილი მთავრობისა და საკრებულოს გარეშე. უპატრონოდ ვართ მიტოვებული.“

მაგრამ ამ მოსაზრებას, ცხადია, არ ეთანხმებიან თბილისის მერიაში. მეტიც, პრემიერი თემურ ქურხული ამბობს, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების სტრატეგიული გეგმაც კი აქვს შემუშავებული:

[თემურ ქურხულის ხმა] „ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის მაღალსართულიანი სახლების გამაგრება. დაბალსართულიანი სახლების, ანუ კერძო სახლებში, განხორციელდება საინვესტიციო პროგრამები. ასეთი პროგრამები ხორციელდება ავლაბარში, მთაწმინდაზე, ჩუღურეთის რაიონში. თუ ვინმეს ინტერესი გააჩნია იმისა, რომ ასეთ უბნებში, სადაც საუკუნოვანი ბინებია და სადაც აღდგენას აზრი არ აქვს, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მათ, მოვუსმენთ ინვესტორსაც, მოსახლეობასაც და ჩვენ ერთიან კონცეფციაში ჩავსვამთ და აღმოვუჩენთ დახმარებას.“(სტილი დაცულია)

პასუხად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანები ამბობენ, რომ მათ სამი წელია ატყუებენ.

[მამაკაცის ხმა] „სააკაშვილზე ლამაზად ჩვენ არავინ არ გვატყუებდა, მაგრამ რატომღაც გვჯეროდა, ისევე როგორც ჯერ კიდევ სჯერათ ზოგიერთებს. დამიჯერეთ და ერთი რამე ირწმუნეთ: ვიფიქროთ და ისე ვიმოქმედოთ. სანამ ძლიერ საზოგადოებრივ მოძრაობად არ ვიქცევით, არც ერთი პოლიტიკური პარტია არფერს არ გააკეთებს.“(სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, მიწისძვრით დაზარალებულები გაერთიანებასა და მძლავრი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას აპირებენ. ეს ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება მხოლოდ ორგანიზებულ ძალას გაუწევს ანგარიშს.
XS
SM
MD
LG