Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში მუშაობა დაიწყო კომისიამ, რომელმაც საბაჟო ტერმინალ ''ოპიზაში'' დეპუტატთა ბიზნესინტერესები უნდა შეისწავლოს


ორშაბათს პარლამენტში პირველად შეიკრიბა საგამოძიებო კომისია, რომელმაც საბაჟო ტერმინალ ”ოპიზაში” დეპუტატთა ბიზნესინტერესები უნდა შეისწავლოს.


შეგახსენებთ: ”ოპიზის” საქმის შესასწავლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ტელეკომპანია ”202” -ის დამფუძნებლების დაკავების შემდეგ გაჩნდა. საგამოძიებო კომისია შექმნილია. ამდენად, ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს, რატომ გადაწყვიტა დეპუტატმა ბექაურმა ჟურნალისტისთვის ფულის გადახდა, რეალურად რას საქმიანობს ის საბაჟო ტერმინალში და რამდენდა მოდის წინააღმდეგობაში ეს საქმიანობა დეპუტატის სტატუსთან. როგორ დაიწყო თავისი საქმიანობა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ?

საბაჟო ტერმინალ ”ოპიზაში” კობა ბექაურის და სხვა დეპუტატების საქმიანობის გამოსაძიებლად შექმნილ კომისიაში 15 დეპუტატი მუშაობს. მათგან 5 ოპოზიციის წარმომადგენელია, დანარჩენები უმრავლესობის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები არიან. თავმჯდომარეც უმრავლესობიდანაა. ამიტომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხვა თანამდებობები (თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის თანამდებობები) ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ.

[ფრიდონ რუხაიას ხმა] ”აქ არ არის არანაირი პრობლემა. ჩვენი მიზანი, კომისიის წევრების( მნიშვნელობა არა აქვს ოპოზიციდან ვართ თუ უმრავლესობიდან), არის ის, რომ გამოძიება იყოს ობიექტური და, ობიექტურობაზე დაყრნობით, ჭეშმარიტება დადგინდეს."

ეს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ რუხაია გახლდათ. ორშაბათს სწორედ ის გაუძღვა კომისიის პირველ შეკრებას. დღის წესრიგში იყო დებულების შემუშავება და კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევა. დებულება მხარდაჭერილ იქნა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევა კი ვერ მოხერხდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატების დასახელებისთვის რამდენიმედღიანი ვადა მოითხოვეს. ”ოპიზაში” დეპუტატთა საქმიანობის გამოსაძიებლად შექმნილ კომისიას თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი კვირის ბოლომდე ეყოლება. ასე რომ, პროცესი სტარტს იღებს. კომისიაში გაერთიანებულ 15 დეპუტატს კანონი ყველა საშუალებას აძლევს ვითარებაში გასარკვევად. სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული თუ ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, კომისიის მოთხოვნით, წინასწარ განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ გამოძიებისთვის საჭირო დასკვნები ან სხვა მასალები. საგამოძიებო კომისიის წევრებს, გენერალური პროკურორის ნებართვით, შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ მოკვლევას ან წინასწარი გამოძიების სტადიაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს. კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების წესსაც. ამდენად, როგორც კომისის ერთ -ერთი წევრი ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "თუ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული და სერიოზული ინტერესი იქნა საკითხის გამოძიებისა, კომისიას შეუძლია ძალიან ეფექტიანად იმუშაოს. ”

ეფექტიანად იმუშავებს თუ არა კომისია ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ფიქრია ჩიხრაძემ არ იცის. უმრავლესობის წარმომადგენელი ნიკა გვარამია კი ირწმუნება, რომ, თუ დარღვევები გამოვლინდა, კობა ბექაურის მიმართ პირადად ის ლოიალური არ იქნება:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”თუ იქნება დარღვევები, ამას ადეკვატურად ავსახავ. მე არ ვიქნები მკაცრი ბექაურის მიმართ და არც ლოიალური - ვიხელმძღვანელებ იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ხელთ გვექნება."

საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს, რა კავშირი აქვს ბექაურს საბაჟო ტერმინალ ”ოპიზასთან”; გამოძიებამ ”ოპიზის” გარშემო უნდა იტრიალოს. ამასობაში კი ჩნდება ახალი სამხილი, ახალი ბრალდება ბექაურის საწინააღმდეგოდ: კომპანია ”ყაზბეგში” აქვთ ცნობები იმის შესახებ, რომ საკუთარი ბიზნესის ასაწყობად კობა ბექაური ფინანსურ პოლიციას იყენებს და რომ ფინანსურმა პოლიციამ "ყაზბეგთან" ხელშეკრულებით მომუშავე სადისტრიბუციო კომპანიების ქსელებში "ყაზბეგის" პროდუქცია სწორედ ბექაურის ინტერესების გათვალისწინებით დალუქა. ”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ გზით ბექაური საკუთარი სადისტრიბუციო კომპანიის მუშაობის აწყობას ცდილობს”, - აცხადებენ კომპანია "ყაზბეგში".
XS
SM
MD
LG