Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმუშევართა მდუმარე აქცია თბილისის მერიასთან


”დუმილი რეკავს” - ასეთი სახელწოდებით წამოიწყო უმუშევართა და პენსიონერთა მოძრაობამ საპროტესტო აქციები სოციალურად დაუცველთა უფლებების დასაცავად. პარასკევს,

დღის 12 საათზე, უმუშევართა და პენსიონერთა მოძრაობაში გაერთიანებულები თბილისში, მერიის შენობასთან, შეიკრიბნენ - იქ, სადაც 2 წლის წინანდელ საპროტესტო აქციებზე შეკრებილ საზოგადოებას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ანაბრების დაბრუნებას და დამსახურებულ პენსიებს ჰპირდებოდნენ. ამ დაპირების დავიწყების გამო სოციალურად დაუცველებს დუმილის აქციები პარასკევს საქართველოს სხვა ქალაქებშიც უნდა მოეწყოთ. მე თბილისში შემდგარი აქციის წევრებს გავესაუბრე.

[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] ”ვართ გამწარებული ყველანაირად. შვილიშვილებს რა დავუბარო, რა დავუტოვო. ეროვნება წამართვეს, პირუტყვი ვარ თუ რა. მეტი რაღა უნდა იყოს, არ ვიცი.!”(სტილი დაცულია)

ეროვნება წამართვესო, - ეს ასაკოვანი მოქალაქე აქ, ეტყობა, პასპორტებიდან ეროვნების გრაფის გაქრობას გულისხმობდა. წაართვეს თუ არა ამით ვინმეს ეროვნება, საპროტესტო აქციაზე შეკრებილები უკმაყოფილებას სხვადასხვა მიზეზით გამოთქვამდნენ, თუმცა მთავარი მაინც დაბალი პენსიები, პენსიაზე ადამიანთა ნაადრევად გაშვება, დასაქმების პრობლემა და სახელმწიფოს მიერ წაგლეჯილი დანაზოგების დაბრუნების თაობაზე მიცემული დაპირების დავიწყება იყო.

[გია ბერძენიძის ხმა} ”ხელისუფლებამ არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა ამ ხალხის პრობლემების გადასაჭრელად - პირიქით, წაართვა ხალხს სამუშაო ადგილები. დღეს 80000 კაცია უმუშევარი. ეს ხელისუფლება ფიქრობს ერთადერთზე - ხელფასები გაუზარდოს თავის მოსამსახურეებს. ”

ეს უმუშევართა და პენსიონერთა მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი, გია ბერძენიძე, გახლდათ. მერიის წინ შემდგარ დუმილის აქციაზე მოძრაობის მიზნებსა და სამომავლო აქციებზე ჟურნალისტებს, ძირითადად, ის გვესაუბრებოდა, აქციის სხვა მონაწილეები კი საკუთარ პრობლემებს აღნიშნავდნენ:

[ აქციის მონაწილეების ხმები ]
”შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე 35 წელი, კეთილსინდისიერად და უმწიკვლოდ. პენსია მაქვს 142 ლარი და ახლა მეუბნებიან, უნდა გაგიხდეს 28 ლარიო. ეს იქნება კატასტროფა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ”
”35 წლის ზემოთ თითქოს ადამიანებად აღარ გვთვლიან. 47 წლის გახლდით, როცა პენსიაზე გამიშვეს. მე ვიყავი მოძრაობის უსაფრთხოების პროპაგანდა-აგიტაციის განყოფილების უფროსი. ”

პენსიაზე დროულად და უდროოდ გაშვებული მოქალაქეები ითხოვენ: საპენსიო ასაკის მქონეებს ჰქონდეთ პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, შემცირების მიზეზით უმუშევართა რიგებში გადასულებს კი ახალი სამუშაო ადგილები - არსებობისთვის. მერიის წინ გამართულ შეკრებაზე მისულმა ერთ-ერთმა პენსიონერმა ჩვენთან საუბრისას ერთი ასეთი მოთხოვნაც წამოაყენა - უფრო სწორად, წინადადება - ხელისუფლების გასაგონად, ხელისუფლების, რომელიც ბოლო დღეებში ხალხის მოსმენის გუნებ-განწყობაზეა მოსული.

[ერთ-ერთი პენსიონერის ხმა] ”იცი, რა ქნან, - ეს პარლამენტი შეამცირონ, დაუკლონ ხელფასები და პენსიაზე რომ გავლენ, მისცენ 28 ლარი პენსია. ვნახოთ, როგორ იცხოვრებენ და, კიდევ, თავიანთი ცოლები გამოყარონ ბიზნესიდან, ცოლების უკან რომ იმალებიან. ” (სტილი დაცულია)

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან. ხელისუფლებაში კი კიდევ ერთი საკადრო ცვლილება მოხდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეთერ ასტემიროვამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და თუ რატომ, ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] ” ახალგაზრდა მოვა მინისტრად და, ვფიქრობ, ის წარმატებულად გააგრძელებს იმ საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებდი. ”

ნახსენები ახალგაზრდა პარლამენტარი გია ხევიაშვილია. ეთერ ასტემიროვამ არ იცის, სად გააგრძელებს მუშაობას. ჯერჯერობით ისიც უმუშევართა რიგებში ეწერება.
XS
SM
MD
LG