Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ერაყიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს


კვირას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ერაყში 15 დეკემბრისთვის დანიშნული არჩევნების შემდეგ

შეერთებული შტატები თავისი ჯარების ნაწილს გაიყვანს ამ ქვეყნიდან. ABS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ლაპარაკია დაახლოებით 20 ათას სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც ერაყში დროებით იყვნენ განთავსებული რეფერენდუმისა და დეკემბრის არჩევნების პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რამსფელდმა უარი თქვა ჯარების გაყვანის განრიგის დაკონკრეტებაზე, მაგრამ მიანიშნა, რომ ერაყში შეერთებული შტატების ჯარების სარდალმა, გენერალმა ჯორჯ კეისიმ უკვე მოამზადა ჯარების გაყვანის რამდენიმე შესაძლო სცენარი.

მინისტრმა აქვე ახსენა ჯარების გაყვანისთვის აუცილებელი რამდენიმე პირობა. მათ შორის უმთავრესი ისაა, შეძლებენ თუ არა ერაყის პოლიცია და ჯარები ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას.

კვირასვე კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება დემოკრატმა კონგრესმენმა ჯონ მურთამ და ერაყიდან ამერიკის ჯარების მთლიანად გაყვანა მოითხოვა. ამით მან არაპირდაპირი გზით პასუხი გასცა ჯორჯ ბუშს, რომელმაც ჩინეთში გამოსვლისას მურთას ამასწინანდელი გამოსვლა გააკრიტიკა.

ჯონ მურთა პირველი კონგრესმენია, რომელმაც საჯაროდ მოითხოვა ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანა. ხუთშაბათს კონგრესში გაკეთებულმა მისმა განცხადებამ ცხარე დებატებს დაუდო დასაბამი.

მურთას მიაჩნია, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გაუარესდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების მაღალი რანგის სამხედრო პირებს უკვე აღარა აქვთ ერაყში გამარჯვების იმედი.

როგორც ჩანს, აუხლოეს მომავალში ხშირად მოგვიწევს საუბარი იმაზე, იქცევა თუ არა ერაყი მეორე ვიეტნამად.
XS
SM
MD
LG