Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონიტორინგის საბჭომ მინისტრთა კაბინეტის ყველაზე უპასუხისმგებლო წევრი აღმოაჩინა


სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მონიტორინგის საბჭო საქართველოს იუსტიციის მინისტრს არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. საბჭოს წევრებმა დღეს

პრესკონფერენციით უპასუხეს კოტე კემულარიას გუშინდელ განცხადებას მონიტორინგის საბჭოს უკანონოდ შექმნისა და მისი შემდგომი საქმიანობის მიზანშეუწონლობის შესახებ.
თუ იუსტიციის მინისტრი მართალია, მაშინ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას - აცხადებს მონიტორინგის საბჭო, რომლის არგუმენტებზეც მინდა დღეს მოგითხროთ.


იუსტიციის მინისტრს რეფორმა მონიტორინგის საბჭოს გაუქმება ჰგონია - აცხადებენ საბჭოს წევრები, რომლებმაც კოტე კემულარიას განზრახვას იუსტიციის სამინისტროს მეზობლად მდებარე თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში უპასუხეს. საპატიმროთა მონიტორინგის საბჭო უპასუხისმგებლობად მიიჩნევს კემულარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისმა წინამორბედმა საბჭო უკანონოდ შექმნა და მინისტრს შეახსენებს, რომ თავის დროზე იუსტიციის მინისტრის პოსტზე მოღვაწეობა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც საბჭოს შექმნით დაიწყო:

[თეა თუთბერიძის ხმა] ,,მაშინ უნდა მოვითხოვოთ როგორც გიორგი პაპუაშვილის, ასევე მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინაიდან ისინი უკანონო, ასე ვთქვათ, ბრძანებებს გამოსცემდნენ და არაკანონიერი ყოფილა მონიტორინგის საბჭოს არსებობა ციხეებში.” (სტილი დაცულია)

საბჭოს წევრი თეა თუთბერიძე უპასუხისმგებლობას უწოდებს იმასაც, რომ იუსტიციის მინისტრმა, რომელიც მთავრობის ვიცე-პრემიერიცაა, დღემდე ვერ დაამტკიცა საბჭოს წევრებისადმი გამოთქმული მექრთამეობის ბრალდება:

[თეა თუთბერიძის ხმა] ,,თუ მიაწოდა მან გენერალურ პროკურატურას ის მონაცემები, რომლითაც დასტურდებოდა საბჭოს წევრთა კორუმპირებულობა და ეს ადეიშვილმა არ გამოიძია, მაშინ უნდა დავსვათ ბატონ ზურაბ ადეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც. სხვა ახსნა ბატონ კემულარიას ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს არ შეიძლება მოვუძებნოთ.” (სტილი დაცულია)

მონიტორინგის საბჭო აცხადებს, რომ კემულარია საპატიმროებში არსებული უმძიმესი ვითარების გამოაშკარავებამ გააღიზიანა. საბჭოს წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძისადმიც, რომელმაც საბჭოს შექმნას შეცდომა უწოდა. იურისტი ანა დოლიძე განმარტავს, რომ მათ ციხეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მონახულების უფლება პირადად პრეზიდენტმა მიანიჭა და იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის:

[ანა დოლიძის ხმა] ,,იმის ფონზე, რომ დღეს ციხეებში არსებობს კრიტიკული მდგომარეობა, იმის ფონზე, რომ ასე მწვავედ აფასებს ამ სიტუაციას, მაგალითად, ,,საერთაშორისო ამნისტია” სამი დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ეს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრის, რომ გააუქმოს კიდევ ერთი საშუალება საზოგადოებრივი ზედამხედველობისა ციხეებზე, არის ყველაზე ,,ადეკვატური” და, საერთოდ, შემარცხვენელი საქართველოს რეპუტაციისა, როგორც ქვეყნისა, რომელიც ცდილობს დაიცვას ადამიანის უფლებები.” (სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ თავად მიხეილ სააკაშვილმა რევოლიციის 2 წლისთავთან დაკავშირებულ გამოსვლაში ,,საერთაშორისო ამნისტიის” ბოლო დასკვნას უპრეცედენტოდ დადებითი უწოდა და ამავე გამოსვლაში კიდევ ერთ, მისი აზრით, ახალ გარემოებაზე მიუთითა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ხელისუფლებაში და მთელ პოლიტიკურ კლასში მოსულია მთლიანად პოსტსაბჭოთა ელიტა. ჩვენ ვართ პირველი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, სადაც მთლიანად გამოიცვალა პოლიტიკური კლასი. სადაც არ დარჩა არც ერთი წარმომადგენელი ძველი პოლიტიკური კლასის.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტის ამ განცხადების ფონზე, შაბათს მონიტორინგის საბჭოს წევრმა მარიამ ჯიშკარიანმა პარლამენტისგან ლუსტრაციის კანონის დამტკიცება მოითხოვა:

[მარიამ ჯიშკარიანის ხმა] ,,კომუნისტური წარსულის პირები, როგორიცაა კოტე კემულარია, ქალბატონი თევდორაძე და ასე შემდეგ, დროა წავიდნენ სახლში. თუ ეს არ იქნა მიღწეული უმოკლეს ხანებში, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, მე ვფიქრობ, წარმატებები არ შეიძლება ჰქონდეს.” (სტილი დაცულია)

მონიტორინგის საბჭოს წევრები არც საპატიმროებში არსებული ვითარების შესწავლის და არც იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და ათ დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საგანგებო დეკლარაციას გამოაქვეყნებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG