Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტრო 40 წლის გახდა


1966 წლის 11 იანვარს თბილისის მიწისქვეშეთში პირველმა მატარებელმა გაიარა და მგზავრები დიდუბის სადგურიდან ლენინის - ახლანდელი თავისუფლების - მოედნამდე

გადაიყვანა. მას შემდეგ 40 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე მეტროს სადგურების სახელებიც შეიცვალა და თავად მეტროპოლიტენის მდგომარეობაც. ახლა ერთ დროს საბჭოთა კავშირის მასშტაბით საჩვენებელი თბილისური მიწისქვეშა ტრანსპორტი ვერაფრით დაიკვეხნის. ვითარების შეცვლა საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა და გასული წლის მიწურულს გამოაცხადა, უმოკლეს ვადაში თბილისის მეტრო ჩეხეთის დედაქალაქის - პრაღის - მეტროპოლიტენს უნდა დაემსგავსოსო. როგორ ხორციელდება მიხეილ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება?

[ისმის მეტროს ხმა]

აქ, თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ ცენტრალურ, რუსთაველის სახელობის, სადგურში შესვლისთანავე, თვალში გეცემათ ნახევრად განათებული დარბაზი, გახუნებული ინტერიერი და მოძველებული ტექნიკა. ამ სურათს კიდევ უფრო ამძიმებს ანტისანიტარია და ამორტიზებული საბჭოთა წარმოების ვაგონების შემადგენლობა. მიუხედავად ამისა, თბილისის მეტროს მომსახურებით ყოველდღიურად 350 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს, ხოლო თუ რატომ, ამის გასაგებად თავად მეტროს მგზავრებს გავესაუბრე.

[მგზავრების ხმა] ”... რა ვიცი, უფრო სწრაფად ვმოძრაობთ, ადვილად მივდი-მოვდივართ და, ალბათ, იმიტომ. დღეში, ალბათ, 3-4 ჯერ ვსარგებლობ.”

”არა, არ მომწონს მეტრო, სიბინძურეა და იმიტომ...”

”მომწონს ყველაფრით...”

ამ ბატონისგან განსხვავებით, თბილისის მეტროში ყველაფერი არ მოსწონს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მან 2005 წლის მეორე ნახევარში თბილისის მეტროპოლიტენის მესვეურებს და დედაქალაქის მერიას დაავალა, უახლოეს მომავალში თბილისის მიწისქვეშა ტრანსპორტი ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის, მეტროპოლიტენს დაამსგავსეთო. აი, როგორ დაიწყო ამ დავალების შესრულება თბილისის მეტროს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ კიკალეიშვილმა:

[ზურაბ კიკალეიშვილის ხმა] ”ჩვენ პრაღიდან ჩამოვიტანეთ მემანქანის კაბინა და მოვჭერით ცხვირი არსებულ მატარებელს და მივაკერეთ, ანუ მივადუღეთ, ჩეხეთიდან ჩამოტანილი კაბინა, ანუ ცხვირი. ეს არის მოდერნიზებული კაბინა, რომელიც აადვილებს მემანქანის მუშაობას, არის კომპიუტერიზებული და მივდივართ იქითკენ, რომ მგზავრის გადაადგილება იყოს უსაფრთხო.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამგვარად რესტავრირებული სამვაგონიანი შემადგენლობით თბილისის მეტროში 2005 წლის 15 ნოემბერს იმგზავრა და, როგორც მის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, ნანახით კმაყოფილი დარჩა.

თუმცა ამ 3 ვაგონზე ერთი შეხედვითაც მიხვდება პრაღის მეტროთი ერთხელ მაინც ნამგზავრი კაცი, რომ მისი თბილისური ანალოგი ისევე განსხვავდება ჩეხურისგან, როგორც მათი ღირებულება. პრაღაში ძველი საბჭოთა ვაგონების აღდგენა-მოდერნიზაცია ”სიმენსის” ქარხანაში განხორციელდა და 1 ვაგონის ფასმა 750 ათას აშშ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში აღდგენილი ვაგონი მხოლოდ 250 ათასი აშშ დოლარი ღირს.

[ისმის მატარებლის ხმა]

ვაგონების გარდა, პრაღის მეტრო თბილისურისგან მატარებლების მიმოსვლის სისტემითაც განსხვავდება. იქ ყველაფერი სადგურებში გამოკრული გრაფიკის მიხედვით მუშაობს. განსხვავებულია მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემაც. თბილისის მეტროს ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ პრეზიდენტის მიერ მიცემული ვადისთვის, 2007 წლის ბოლოსთვის, თბილისის მეტროში შესვლა, პრაღის მეტროს მსგავსად, სხვადასხვა საფასურის ბილეთებით მოხდება.

თბილისის მეტროს 40 წლისთავს მეტროპოლიტენის ხელმძღვანელი ზურაბ კიკალეიშვილი და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პრაღაში ხვდებიან, სადაც ჩავიდნენ იმისათვის, რომ მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის პრაქტიკას უფრო ახლოს გაეცნონ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG