Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ერთგული გენერალი თანამდებობას ტოვებს


მწვავე ენერგეტიკული კრიზისის გარდა, შვეიცარიიდან დაბრუნებულ საქართველოს პრეზიდენტს სამშობლოში კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდება.

25 იანვარს გადადგომის შესახებ პატაკი დაწერა ეროვნული გვარდიის სარდალმა,”ვარდების რევოლუციის” დღეებში მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსმა, გენერალმა გოგი თათუხაშვილმა. უცნობია, დააკმაყოფილა თუ არა გენერლის პატაკი თავდაცვის მინისტრმა, მაგრამ კულუარებში უკვე საუბრობენ დაპირისპირებაზე, რომელიც ოქრუაშვილსა და თათუხაშვილს შორის ბოლო ხანს ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მისულა.

გენერალი თათუხაშვილი საქართველოს სამხედრო ძალების ისტორიაში, ალბათ, შევა როგორც ყველაზე დღემოკლე მეთაური. იგი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობაზე მუშაობას 16 იანვარს შეუდგა. ზუსტად 25 იანვარს კი თათუხაშვილის მიერ ხელმოწერილი პატაკი ეროვნული გვარდიის შტაბში დაიდო. გენერალი გადადგომას ითხოვდა. თუმცა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ეროვნული გვარდიის სარდალმა გადადგომის ოფიციალურ მიზეზად პენსიაში გასვლა დაასახელა:


[გიორგი თათუხაშვილის ხმა] “მე პატაკი დავწერე არა გადაგომაზე, არამედ პენსიაზე გასვლის გამო.”

მაგრამ საეჭვოა, რომ გენერალ თათუხაშვილს, რომლის სარდლად დანიშვნა პირადად ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივით მოხდა, პენსიაზე გასვლა ასე ეჩქარა და გადაწყვეტილება სარეკორდოდ მოკლე დროში განეხორციელებინა. მით უფრო, რომ მას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა სამობილიზაციო გეგმაზე მუშაობა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, რის შედეგადაც ეროვნული გვარდია შეიცვლიდა ფუნქციას და პირადად პრეზიდენტს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს დაექვემდებარებოდა. გეგმები რომ სერიოზული იყო, ეს ჩვენთან საუბარში დაადასტურა თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, რომელიც ასევე განცვიფრებულია თათუხაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილებით:

[გივი თარგამაძის ხმა] “არაფერი არ იყო. პირიქით, მე მიშამ მითხრა, რომ გვემუშავა მობილიზაციის კანონზე და გოგის უკვე შერჩეული ჰქონდა ვარიანტი და უკვე უნდა დაგვეწყო მუშაობა. ამ წუთას გავიგე მოულოდნელად. ისე, ოფიციალური არხებით არ გამიგია, ისე გავიგე ახლა.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება ოფიციალურ ვერსიას, გენერლის გადადგომის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ეროვნული გვარდიის შტაბზე დაყრდნობით ადასტურებს, ეროვნულ გვარდიაში კი თავდაცვის მინისტრის ნებართვის გარეშე ოფიციალური კომენტარის მიცემას ვერავინ ბედავს. არაოფიციალურად და, როგორც იტყვიან, უმოქმედოდ კი კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ გენერალი თათუხაშვილი თავიდანვე მიუღებელი გახდა თავდაცვის მინისტრისათვის, რომელიც ეროვნული გვარდიის სარდლის იგნორირებას ეწეოდა და დანიშვნიდან 10 დღის განმავლობაში ერთხელაც არ შეხვედრია. არსებობს ვერსია, რომ ოქრუაშვილი ქართულ პრესაში გამოჩენილმა პუბლიკაციებმა ძალიან გაანაწყენა. სტატიებში თათუხაშვილი მოიხსენიებოდა როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი, რომელიც სულ მალე დაიკავებდა გენერალური შტაბის უფროსის პოსტს და ნელ-ნელა შეავიწროებდა თავდაცვის მინისტრსა და მის გუნდს.მაგრამ, როგორც ჩანს, ქართული პრესის ვარაუდი არ გამართლდა: სულ მალე შევიწროებული აღმოჩნდა თავად თათუხაშვილი, რომელმაც გადადგომის შესახებ პატაკი დაწერა და, სამხედრო ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, ფაქტობრივად, უბრძოლველად გაეცალა ასპარეზს. ახლა ყველა იმის მოლოდინშია, თუ რას იტყვის ყოველივე ამაზე შვეიცარიიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც, ვიზიტი, როგორც ამბობენ, არა მხოლოდ მწვავე ენერგეტიკული კრიზისის, არამედ სამხედრო სისტემაში მიმდინარე ამ დაპირისპირების გამოც შეწყვიტა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG