Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს გამოსული ქართული გაზეთების ფურცლებზე საგანგებო ადგილს


როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს გამოსული ქართული გაზეთების ფურცლებზე საგანგებო ადგილს კვლავაც რუსი ცისფერჩაფხუტიანების საკითხი ინარჩუნებს.

პრესა მსჯელობს საკანონმდებლო ორგანოში 13 თებერვალს გამართული მოსმენის შედეგებზე, პარლამენტის მიერ 15 თებერვალს მისაღებ ახალ დადგენილებასა და ამ დადგენილების მიღების შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარებაზე.

ამ ბოლო საკითხთან დაკავშირებით ექსპერტები მოსალოდნელ პროვოკაციებსა და ომის საფრთხეზე საუბრობენ. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ახალი შეიარაღებული დაპირისპირების მოსურნე ძალად, ბუნებრივია, რუსეთი სახელდება, თუმცა კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ვითარების დაძაბვას ხელს ქართველი პოლიტიკოსებიც უწყობენ: ”ქართველების სიბრიყვეს და სიჯიუტეს მშვენივრად იყენებენ რუსები, - აღნიშნავს ექსპერტი და განაგრძობს, - კოკოითი მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ხაინდრავას გავლენა არა აქვს, ოქრუაშვილი, რასაც უნდა - იმას აკეთებს, მერაბიშვილიც, რასაც უნდა - იმას აკეთებს. ხშირ შემთხვევაში ხაინდრავა ლაპარაკობს სამშვიდობო პოზიციებზე, მაგრამ ზოგადად აგრესიული პოლიტიკა იმარჯვებს.”

ცხინვალში იარაღის ჟღარუნი ისმის, - წერს გაზეთი ”რეზონანსი”. - ცხინვალში მობილიზაციაა გამოცხადებული. 2 კვირაზე მეტია, რაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში არიან. გაზეთის ინფორმაციით, თითქმის დაცარიელებულია ცხინვალის ბაზარი, ადგილობრივმა თანამდებობის პირებმა შვილები უსაფრთხო ადგილებში გახიზნეს.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყება მაინც ძნელი სავარაუდოა. თუმცა გაზეთ ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი მოსალოდნელ პროვოკაციებსა და დაპირისპირების თავიდან აშორების ზოგად ხერხებზე საუბრობს: ”ცხადია, მოულოდნელი არავისთვის იქნება ნებისმიერი პროვოკაცია ამ რაიონში. ეს იქნება ოსი ბოევიკების მხრიდან, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულების მხრიდან თუ სხვა რაიმე ძალებისგან, თუმცა ზუსტად რა უნდა მოიმოქმედონ, ძნელი სათქმელია. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ძალა, სიმტკიცე და მაგარი ნერვები. ერთად აღებული, ეს შეუძლებელს გახდის პროვოკაციების გადაზრდას სერიოზულ სამხედრო ოპერაციებში.” პოლიტოლოგი საგანგებოდ გამოყოფს ფაქტორს, რომლისაც ედუარდ კოკოითის, შესაძლოა, რუსეთის მფარველობის დაკარგვაზე მეტად ეშინია: ”მას სერიოზული ოპოზიცია ჰყავს ცხინვალში და ძნელი სათქმელია, რისი უფრო ეშინია - ჯარების გაყვანის თუ თავისი ოპოზიციის. მას ყველაზე მეტად საკუთარ ოპოზიციასთან პირისპირ დარჩენა აშინებს.” პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ შეშინებული კოკოითი, შესაძლოა, მოსკოვში გადასახლდეს.

”მოკავშირეებმა საქართველო რუსეთს მარტო შეატოვეს” - ეს უკვე გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული ინტერვიუს სათაურია. რესპონდენტი - მოძრაობა ”სახალხო ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე - მიიჩნევს, რომ ”ცხინვალში ახლა დიდი მახეა დაგებული და თუ ამ მახეში გავებით, მერე რუსეთი ცხინვალშიც აღარ გაჩერდება, გორსაც აიღებენ და ქვეყანას წელში გაწყვეტენ.” სანიკიძის თქმით, პარლამენტი ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მით უმეტეს, რომ დასავლეთი ამჯერად არ არის დაინტერესებული სიტუაციის რადიკალიზაციით. ”ის ჩვენს ხელისუფლებას აძლევს რჩევას, რომელიც რეალურად ბრძანებას ნიშნავს, რომ ახლა რუსეთთან სიტუაციის გამწვავება არ ღირს და რომ ეს დესტაბილიზაციას გამოიწვევს.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG