Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ''მამულის დამცველის დღეს'' აღნიშნავენ, ჩეჩნები და ინგუშები კი პატივს მიაგებენ დეპორტირებულთა ხსოვნას


რუსეთის დიდსა თუ პატარა ქალაქებში დღეს ზარ-ზეიმით აღნიშნავენ "მამულის დამცველის დღეს". მაგრამ იმავე რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ადამიანები,

ვისთვისაც 23 თებერვალი არამც და არამც არ უკავშირდება სადღესასწაულო განწყობილებას: ზუსტად 62 წლის წინ, 1944 წლის 23-24 თებერვალს, საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის განკარგულებით, ნახევარ მილიონამდე ჩეჩენი და ინგუში შუა აზიის რესპუბლიკებში გადაასახლეს.

ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლების ოპერაცია საზარელი ორგანიზებულობით გამოირჩეოდა: ერთ დღე-ღამეში რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი პირუტყვივით შერეკეს წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში და ყაზახეთისა თუ ყირგიზეთის მშრალი სტეპებისკენ გაამგზავრეს. ვისაც ბედმა კიდევ უფრო ნაკლებად გაუღიმა, ციმბირის თვალუწვდენელ ტაიგაში აღმოჩნდა. თუმცა, ბევრს ბედმა საერთოდ არ გაუღიმა: გადასახლებულთა დაახლოებით ნახევარი ან მგზავრობის უმძიმესი პირობების მსხვერპლი შეიქნა, ან უკვე გადასახლებაში - პირველი ერთი წლის მანძილზე შეეწირა აუტანელ სიცივეს, შიმშილსა თუ ავადმყოფობას.

ჩრდილოკავკასიებთა დეპორტაცია, როგორც უკვე ითქვა, იოსებ სტალინის განკარგულებით განხორციელდა. ბელადმა ჩეჩნები და ინგუშები გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და სამშობლოში დატოვების ღირსად აღარ მიიჩნია. ეს უფლება მათ - ან, უკეთ, ცოცხლად გადარჩენილებს - 1956 წელს დაუბრუნა ნიკიტა ხრუშჩოვმა - საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერმა, რომელმაც - დესტალინიზაციის ცნობილი კამპანიის ფარგლებში - ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყიც ჩამოაშორა.

რადიო "თავისუფლების" მოსკოველი კორესპონდენტი კლერ ბიგი დეპორტაციის თემაზე ესაუბრა ასია მუსაევას - მოსკოვის ერთ-ერთი კერძო კომპანიის მაღალი თანამდებობის თანამშრომელს, რომლის დედ-მამა 62 წლის წინათ ყაზახეთში გადაასახლეს. როგორც ჩეჩენმა ქალმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, მისი ოჯახის წევრები, ბევრი სხვა ჩეჩნის მსგავსად, უარს ამბობენ "მამულის დამცველის დღის" აღნიშვნაზე.

[ასია მუსაევას ხმა] "მართალია, გვაიძულებდნენ, ეს დღე "სამშობლოს დამცველის დღედ" აღგვენიშნა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაგვავიწყდა, როგორც გადაასახლეს ჩვენი მშობლები. მაგალითად, ჩემი დისშვილის სკოლას ვთხოვე, ნუ მიატანინებთ ბავშვს ყვავილებს ვიღაც გაუგებარი ადამიანის - სამშობლოს უცნობი დამცველის - საფლავზე-მეთქი. რადგან ამ არმიას ჩვენთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია."

ასია მუსაევა ამბობს, რომ 23 თებერვალს, როგორც წესი, საოჯახო ფოტოალბომის თვალიერებაში და გადასახლებაში გარდაცვლილი ახლობლების გახსენებაში ატარებს. მისი ის ნათესავები კი, ვინც დღესაც ჩეჩნეთში ცხოვრობს, გარდაცვლილთა ხსოვნას ძველი ტრადიციის შესაბამისად მიაგებს პატივს.

[ასია მუსაევას ხმა] "ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე. არა მარტო მე - ვფიქრობ, ყველა ჩეჩენი. როგორც წესი და რიგია, ჩემი ოჯახი ამ სასტიკ გადასახლებაში გარდაცვლილებს მოიხსენიებს. არსებობს პირუტყვის მსხვერპლად შეწირვის ტრადიციაც, როცა ხორცი ურიგდება ობლებს, ქვრივებს, უქონელ ხალხს... სასაფლაოზეც მიდიან."

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის დღე რუსეთში ოფიციალურად არ აღინიშნება. მაგრამ, როგორც ასია მუსაევას მონათხრობიც ადასტურებს, 23 თებერვალი ჩრდილოკავკასიელებისთვის - გადასახლებულთა შვილებისა და შვილიშვილებისთვის - ემოციით დატვირთულ დღედ რჩება.
XS
SM
MD
LG