Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა


თქვენთვის ცნობილია, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "სახალხო ფორუმი" მერისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის დასაკანონებლად

რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ”სახალხო ფორუმმა” თბილისში 75 ათასი ხელმოწერა შეაგროვა და საქართველოს პარლამენტში დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის საკანონმდებლო ინიციატივით შევიდა. რა ბედი ეწია ამ ინიციატივებს?

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა “სახალხო ფორუმის” მიერ შეგროვებული 75 ათასი ხელმოწერა გადაამოწმა და 15 ათასი არასარწმუნოდ მიიჩნია. თუმცა ამან ვერ შეაჩერა საკანონმდებლო ინიციატივის პროცედურა, რადგან მის დასაწყებად მხოლოდ 30 ათასი ხელმოწერაა საჭირო. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა უახლოეს დღეებში იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ, რომლებიც თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას უზრუნველყოფს. “სახალხო ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი მელაშვილის, კომენტარი:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] ”თუკი ხელისუფლება უარს იტყვის კანონპეოექტის განხილვაზე ჩვენ 100 ატასობით ხელმოწერას შევაგროვებთ.”

როგორც ცნობილია, მმართველი პოლიტიკური ძალა მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევას ეწინააღმდეგება.თვითმმართველობის კანონმდებლობაში ბოლოს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელები საკრებულოს შემადგენლობიდან უნდა იქნენ არჩეულნი.

[ირაკლი მელაშვილის ხმა] ”ერთადერთი გზა მკაცრად ცენტრალიზებული ხელისუფლების დასაშლელად არის მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევა.”

ამბობს ირაკლი მელაშვილი, რომლის ორგანიზაცია საქართველოში მერებისა და გამგებლების არჩევითობის მისაღწევად რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდიოდა.
თავდაპირველად ეს ინიციატივა უარყო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც ჯერ ტექნიკური ხარვეზები მოიმიზეზა, მათი გამოსწორების შემდეგ კი “სახალხო ფორუმის” რეფერენდუმის ჩატარების ნებართვა იმის გამო არ გასცეს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მერებისა და გამგებლების არჩევითობის საკითხი სარეფერენდუმო თემად არ მიიჩნია.

“სახალხო ფორუმმა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს პასუხი გაასაჩივრა და ორი ინსტანციის სასამართლოში გაიმარჯვა.

ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნო კომისიამ შეიძლება უზენაეს სასამართლოსაც მიმართოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოც პირველი ორი ინსტანციის პასუხს გაიმეორებს, ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმის საფუძვლიან დასაბუთებას მოსთხოვს, თუ რატომ წავიდა ის მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG