Accessibility links

logo-print

საგადასახადო ვალდებულების შესრულების მექანიზმი კამათის საგანი ხდება


საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი მორიგი ცვლილებების პროექტი ამჟამად პარლამენტის კომიტეტებში იხილება. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ,

სახელმწიფო მოხელეები და ბიზნესმენები კვლავაც ვერ თანხმდებიან საკმაოდ ბევრი საკითხის გარშემო. თუმცა მათ შორის საგანგებო მსჯელობის საგანი ხდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმი. კითხვის ნიშანი უკავშირდება დავალიანების აღიარების შემთხვევაში საწარმოს აქტივების დაყადაღების პროცედურას. ამ საკითხს ნათელი ვერც ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის ბიზნესმენთა ფედერაციაში სტუმრობის შემდეგ მოეფინა. მინისტრი ირწმუნება, რომ ამ საკითხს ცვლილებები არ შეჰხებია, თუმცა 87-ე მუხლის ახალი რედაქცია ამის საპირისპიროს ამტკიცებს.

ბიზნესმენები შიშობენ, რომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მათ ფრიად არასასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს. ამ შეთხვევაში საუბარია აღიარებული საგადასახადო დავალიანების ამოღების მექანიზმზე და საწარმოს აქტივების დაყადაღებაზე. ბიზნესმენებმა შეიტყვეს, რომ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ყადაღა დაედება არა დავალიანების შესაბამის ქონებას, არამედ - მთელ ქონებას. ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსითაც სწორედ ასეა და რომ 87-ე მუხლს ცვლილებები არ განუცდია:

(ლექსო ალექსიშვილის ხმა) ”მთლიანად არის დღესაც. საგადასახადო დავალიანების ამოღება ხდება მისი აქტივების რეალიზაციით. რომელი არის ლიკვიდური აქტივი იმ კონკრეტული პერიოდისთვის და რომელი არ არის ლიკვიდური აქტივი, ამის განსაზღვრა იმ კონკრეტულ ვითარებაში თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, ხდება რა... გაყადაღება მთლიანად ქონების. ჩვენ ხომ არაფერს არ ვცვლით ახლა ამასთან დაკავშირებით.” (სტილი დაცულია)

მინისტრის განცხადება ბიზნესმენთა ფედერაციაში შეკრებილ ბიზნესმენებს, ეტყობა, მეტად დამაჯერებლად მოეჩვენათ და ამიტომ მისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვა აღარ დაუსვამთ. თუმცა, თუკი საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის ძველ და ახალ რედაქციებს ერთმანეთს შევადარებთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს განსხვავება ბიზნესმენთა ფედერაციის ფინანსურმა მენეჯერმა ლადო ხარატიშვილმაც შეამჩნია:

(ლადო ხარატიშვილის ხმა) ”მოქმედი კანონმდებლობა იძახის, რომ ეხლა საგადასახადო დეპარტამენტს უფლება აქვს აი ამ დავალიანების ფარგლებში დააყადაღოს ქონება. ახლა საერთოდ აღარ წერია... წერია, რომ უფლება აქვს დააყადაღოს ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება.” (სტილი დაცულია)

87-ე მუხლის პირველი პუნქტის ახალ ვარიანტში ამოღებულია ერთადერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო ფრაზა, რომელიც იუწყება, რომ მოვალის ქონებას ყადაღა დაედება ”აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში”.

ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ცვლილებამ, შესაძლოა, ბიზნესმენს საწარმო მთლიანად დააკარგვინოს, რადგანაც დავალიანების ამოღების მიზნით დაყადაღებული ქონება აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს. ამის შესახებ საგადასახადო კოდექსის მომდევნო მუხლში სავსებით ნათლად არის ნათქვამი:

(ლადო ხარატიშვილის ხმა) ”88-ე მუხლი - ამის გაგრძელება, რომელიც არ იცვლება... სადაც წერია, რომ აუქციონზე იყიდება ყადაღადადებული ქონება. ახლა, ყადაღადადებული რა მოცულობაც იქნება, ის გაიყიდება ხომ?!” (სტილი დაცულია)

სწორედ ამიტომ ლადო ხარატიშვილს, სხვა ექსპერტების მსგავსად, 87-ე მუხლიდან იმ ერთადერთი ფრაზის ამოღება უწყინარ გაუგებრობად აღარ მიაჩნია. ამ საკითხით დაინტერესდა ბიზნესმენთა ფედერაციის თავმჯდომარე გიორგი ისაკაძეც. ფინანსთა მინისტრმა მისი დამშვიდებაც სცადა:

(გიორგი ისაკაძისა და ლექსო ალექსიშვილის საუბარი) ”მე თუ მაქვს 10 ლარი დავალიანება და მიყიდით მილიონიან ქონებას... / მილიონიან ქონებას ჩვენ არ ვყიდით, ჩვენ ვაყადაღებთ მილიონიან ქონებას. შენ შეიძლება მილიონიანი ქონება გქონდეს, მაგრამ 10 ლარის იყოს მხოლოდ შენი ლიკვიდური აქტივი. აქტივი, ანუ ის ქონება, რომელსაც გაყიდი და იქიდან ფულს მიიღებ. შეიძლება დანარჩენი ვერ გავყიდოთ ჩვენ საერთოდ. გაყიდვა ხდება იმ მოცულობისა, რა მოცულობის ვალდებულებაც გაქვს.” (სტილი დაცულია)

ეტყობა, უხერხულია ეჭვი შეიტანო მინისტრის სიმართლეში და, ალბათ, სწორედ ამიტომ, ამ თემაზე 23 მარტს ბიზნესმენებს კამათი აღარ გაუგრძელებიათ. ის კი არადა, ისინი კომენტარის გაკეთებისგანაც იკავებენ თავს. თუმცა ბევრ მათგანს კვლავაც აწუხებს ეჭვი, რომ საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლი, რომელსაც 88-ე უმაგრებს ზურგს, მათ კარგს არაფერს მოუტანს.
XS
SM
MD
LG