Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოგთავაზებთ რუსეთის პრესის მიმოხილვას. ყურადღებას იმ პუბლიკაციებზე შევაჩერებთ, რომელიც, გარკვეულწილად


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შემოგთავაზებთ რუსეთის პრესის მიმოხილვას. ყურადღებას იმ პუბლიკაციებზე შევაჩერებთ, რომელიც, გარკვეულწილად, რუსეთის საქართველოს მიმართ ახალი პოლიტიკის ტენდენციებზე მიანიშნებს.

28 მარტის გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, 27 მარტიდან აიკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე ქართული და მოლდავური ღვინის შეტანა-რეალიზაცია. აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად ღვინოში აღმოჩენილი პესტიციდები და რკინა სახელდება - ”კომერსანტის” თქმით, ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ აკრძალვა პოლიტიკური მოტივით არის გამოწვეული. გაზეთი წერს:

რუსეთის სამომხმარებლო ზედამხედველობის ხელმძღვანელის გენადი ონიშჩენკოს წერილი, რომელიც ქართული და მოლდავური ღვინის რუსეთში შემოტანას კრძალავს, 25 მარტით არის დათარიღებული. წერილში ნათქვამია, რომ, მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ ქვეყნებიდან შემოტანილი ალკოჰოლური სასმელი სანიტარულ ნორმებს არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, მარტის ბოლოდან იკრძალება არა მხოლოდ ღვინის, არამედ ღვინომასალის შეტანაც მოლდავეთიდან და საქართველოდან. მეტიც, რეალიზაციიდან უნდა ამოღებული იყოს ღვინო, რომელიც მანამდე იქნა იმპორტირებული რუსულ ბაზარზე. საუბარია დაახლოებით 80 მილიონ ბოთლ ღვინოზე, რომლის ღირებულებაც 250 მილიონ დოლარს აღწევს.
უკვე 27 მარტს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის საბაჟო სამსახურმა საზღვარზე შეაჩერა მოლდავური ღვინით სავსე კონტეინერები - დაახლოებით 200 ვაგონი.

”კომერსანტის” მტკიცებით, ქართული და მოლდავური ღვინის მიმართ გამოყენებული აკრძალვები რუსეთის წარმოებაზეც აისახება. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთში წარმოებული ღვინის 50 პროცენტი მოლდავური ღვინომასალით მზადდება. რაც შეეხება საქართველოს და მოლდავეთის ხელისუფლებათა დამოკიდებულებას მოსკოვის მიერ გამოცხადებული ახალი ბლოკადისამი, როგორც გაზეთს განუცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სიმონიშვილმა:

” ამ გადაწყვეტილების უკან სულ სხვა მოტივებია საძებნი და არა ზრუნვა რუსეთის მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე”. ის, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი, ამას რუსი ბიზნესმენებიც აღიარებენ - ჰოლდინგ ”ღვინის სამყაროს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პეტრე კანიგინის თქმით, ათი წლის მანძილზე მას მოლდავურ ღვინოსთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზიები არ მოუსმენია.
ასეა თუ ისე, ახალი აკრძალვა კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარისთვის მტკივნეული იქნება. ექსპერტული შეფასებით, მოლდავური ღვინის 85 და ქართული ღვინის 80 პროცენტი რუსეთის ბაზრისთვის არის განკუთვნილი. მოლდავეთისთვის ღვინის წარმოებით მიღებული შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტის 40 პროცენტს შეადგენს. ექსპერტ გიორგი კობუზის გაანგარიშებით, ღვინის აკრძალვით გამოწვეული ზარალი დღეში 400 ათას დოლარს აღწევს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვარაუდით, წაგება ათეული მილიონი დოლარი იქნება. წაგებაში იქნება რუსეთის მხარეც: ღვინოზე ფასის ზრდის გარდა, გაჩერება ელის რუსეთის ღვინის გამოშვებასაც, რომელიც წარმოებისთვის მოლდავურ ღვინომასალებს იყენებს.
XS
SM
MD
LG