Accessibility links

logo-print

9 აპრილის მიტინგის უცნობი და ნაცნობი დამცველები


17 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს,

თბილისში საბჭოთა ჯარებმა მშვიდობიანი მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალეს. ალესილი ნიჩბებით შეიარაღებული ჯარისკაცების შეჩერება მხოლოდ რამდენიმე მოხალისეთა ჯგუფმა და ქართველმა მილიციელებმა სცადეს, მაგრამ მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. დღევანდელ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” 9 აპრილის მიტინგის უცნობი და ნაცნობი დამცველები მინდა გავიხსენო.

ცნობილი ადამიანის უფლებათდამცველი ნანა კაკაბაძე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სახლის წინ, მომიტინგეებს შორის, იმყოფებოდა. ნანა დღესაც სიამაყით იხსენებს იმ ამაღლებულ განწყობას, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათასობით ადამიანს ჰქონდა. თუმცა მას, როგორც ქალს, გული სწყდება, რომ მიტინგზე შეკრებილმა ქალებმა უფრო მეტი ვაჟკაცობა გამოიჩინეს იმ დროს, როცა რუსეთის ჯარისკაცები და ტექნიკა მიტინგის დასაშლელად დაიძრა.

[ნანა კაკაბაძის ხმა] “იცი, წყენა რაზე გამიჩნდა? მსხვერპლი ყველაზე მეტად იყო ქალების მხრიდან. ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან ქალი უფრო აქტიური იყო იქ, ვიდრე მამაკაცი. და ის მითი, რომ ერთი ქართველი 10 და 20 მომხვდურს ამარცხებდა, ის ქართველი კაცები იქ არ იყვნენ.”(სტილი დაცულია)

ქალი სამართალდამცველის ეს სიტყვები ძალიან მწარე მოსასმენია ყველა იმ მამაკაცისათვის, ვინც 9 აპრილის გამთენიისას რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: 17 წლის წინ, მიტინგის დაშლის შედეგად, თბილისში 18 ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა. შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი შოთა გორგოძე ამბობს, რომ მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ქართული მილიციისა და სპროტსმენთა მოქმედება, რომლებიც მომიტინგეებსა და საბჭოთა ჯარის ნაწილებს შორის ჩადგნენ და ერთგვარი სანიტარული კორდონი გააკეთეს:

[შოთა გორგოძის ხმა] “მოხდა ის, რისიც მეშინოდა, რომ ჯარებს ისე მოეწყოთ, რომ ხალხი შეედენათ მთავრობის სასახლისკენ. სწორედ აქ იდგნენ ჩვენი მილიციის ძალები. და როდესაც დავინახეთ, რომ ხალხს სხვა გზა აღარ დარჩა, ჩვენმა ბიჭებმა, მილიციელებმა, გზა გახსნეს ლესია უკრაინკას ქუჩისკენ და ხალხი ამ მიმართულებით გავიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს რომ არ მოხდარიყო, მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა.”(სტილი დაცულია)


9 აპრილის ღამეს მომიტინგეებთან იყვნენ აღმოსავლური ორთაბრძოლების სახეობათა წარმომადგენლები, რომლებმაც წინა დღით საკუთარი ფედერაცია ჩამოაყალიბეს. მათ შორის იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე. მომიტინგეების დაცვის გადაწყვეტილება კი სპორტსმენებმა მაშინ მიიღეს, როცა თბილისის ქუჩებში მძიმე საბრძოლო ტექნიკა გამოჩნდა:
[დავით თევზაძის ხმა] “ჭიჭინაძის ქუჩით რომ დაეშვა “სოლი”, პირდაპირ ჩვენ დაგვარტყა. მოგვიწია ჩხუბი. ჩხუბი ჰქვია, აბა რა. მერე ისე მოხდა, რომ დავიშალეთ, მაგრამ ორჯერ ვაიძულეთ. თუმცა, როგორც ჩანს, ტაქტიკა იყო ასეთი და ჩვენ არ ვიცოდით - “სოლი” როცა მოდიოდა, ჩვენ მოვახერხეთ პირველი კაცის ამოგდება და დაიწიეს უკან, სანამ ახალი პირველი არ გამოჩნდა. “(სტილი დაცულია)

ეს ახალი პირველები კი გაცილებით უფრო მომზადებული სპეცდანიშნულების ნაწილები იყვნენ. შოთა გორგოძე ამბობს, რომ 9 აპრილის მიტინგის დარბევაში საბჭოთა კავშირის პოლიტბიურომ, შინაგანი ჯარების ნაწილების გარდა, ავღანეთში ნაბრძოლი სადესანტო ქვედანაყოფიც გამოიყენა. ქართველი მილიციელებისა და სპორტსმენების წინააღმდეგობის დასაძლევად გენერალმა იგორ როდიონოვმა, მაშინდელმა ამიერკავკასიის ჯარების სარდალმა, სწორედ ნიჩაბალესილი მედესანტეების იერიში ბრძანა:

[შოთა გორგოძის ხმა] “წინა ხაზზე ყველა ერთად მიიჭრა - სპორტსმენებიც, საზოგადოების წარმომადგენლებიც, ახალგაზრდა ბიჭებიც - და რუსთაველის თეატრთან თითქმის წინააღმდეგობა დაძლია - ჯარების წინააღმდეგობა - ჩვენმა ხალხმა. და სწორედ მაშინ მოხდა, რომ, როდიონოვის ბრძანებით, გადმოისროლეს ჩიტაძის ქუჩაზე მდგომი სადესანტო ჯარები იმ ალესილი ნიჩბებით.”(სტილი დაცულია)

მიტინგის დარბევა 9 აპრილს დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. სასწრაფო დახმარების მანქანებს საავადმყოფოებში უკვე გადაჰყავდათ დაჭრილი ადამიანები. მოგვიანებით გაჩნდა ცნობა დახოცილების შესახებ. ნანა კაკაბაძე, რომელიც ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდა, ამბობს, რომ მას პირველად დაეუფლა უმწეობის გრძნობა:

[ნანა კაკაბაძის ხმა] “ეს იყო უსუსურობის განცდა. ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ამხელა ტრადიცია და ისტორია აქვს, რატომ არ უნდა ჰქონდეს ისეთი ძალა, რომ ამ მონსტრს, ამ ურჩხულს დახვდეს ისე, როგორც ჩვენი წინაპრები ხვდებოდენ-მეთქი, ვფიქრობდი.”(სტილი დაცულია)

სპორტსმენებში, რომლებიც მომიტინგეებს შიშველი ხელებით იცავდნენ, საბჭოთა არმიის მოქმედებამ შურისძიების გრძნობა წარმოშვა. დავით თევზაძე იხსენებს, რომ 9 აპრილს დაღუპულთა ორმოცზე ისინი უკვე მზად იყვნენ ასეთი შურისძიებისათვის;

[დავით თევზაძის ხმა] “არ დავმალავ, რომ შურისძიების მომენტები იყო...26 მაისის ღამე მახსოვს, ძალიან დიდებული იყო, ზუსტად 40 უწევდა. აი,მაშინ მზად გავედით. მხედველობაში მაქვს, რომ ხელში გვქონდა უკვე რაღაცეები, რითაც, თუ აუცილებელი გახდებოდა, უბრალოდ, მკვლელობაზე წავიდოდით.”(სტილი დაცულია)

მაგრამ შურისძიების აქტი საჭირო არ გახდა. ქართული სამხედრო დაჯგუფება, რომელშიც საველე მეთაური დავით თევზაძეც იყო, და რუსი სამხედროები მოგვიანებით არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს ბრძოლის ველზე. მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა.
XS
SM
MD
LG